16:46 14.05.2021
თითქმის გადაწყვეტილია: ივნისიდან ქვეყანა ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას!

“დარჩენილი შეზღუდვების ორ კვირაში მოხსნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ივნისიდან ქვეყანა ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას. პირველი სიგნალი მთავრობის მხრიდან უკვე გაისმა. თუკი კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი კიდევ შემცირდება, შეზღუდვები მოიხსნება. ასეთ შემთხვევაში, ბიზნესს და ეკონომიკას განვითარების მეტი შანსი მიეცემა. ბიზნესისითვის ყველაზე დიდი პრობლემა კომენდანტის საათია, რომლის გადაწევას კერძო სექტორი დიდი ხანია ითხოვს. მათი მოთხოვნა მაისის ბოლოდან დაკმაყოფილდება. პრობლემაა შაბათ-კვირის დღეებზე დაწესებული შეზღუდვაც, რისი გაუქმებაც, ასევე დიდი ალბათობით, მაისის ბოლოდან მოხდება. პირველი სიგნალი მთავრობისგან უკვე გაისმა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თითქმის გადაწყვეტილია: ივნისიდან ქვეყანა ძველებურ რეჟიმში გააგრძელებს ცხოვრებას! / შეზღუდვების სრულად მოხსნას დიდწილად ეთანხმებიან ინფექციონისტებიც და მთავრობის წევრებიც.

 

“ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და შაბათ-კვირის შეზღუდვები არ არის ქართული ნოუ-ჰაუ; მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიმართავს ამ შეზღუდვებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, არც ტურისტებს უკვირთ, რომ მსგავსი სახის შეზღუდვა იქნება. მეტიც, ტურისტები ამ ბოლო დროს მეტად კითხულობენ, რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა, რამდენად იცავს სხვადასხვა პროტოკოლს და ა.შ. ქვეყანა, სადაც ელემენტარული შეზღუდვები არ არის დაცული, ეჭვს გამოიწვევს”, - განაცხადა ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ეთანხმება მოსაზრებას, რომ შაბათ-კვირას დაკეტილი რესტორნები დისკომფორტს ქმნის. იმაშიც გეთანხმებით, რომ გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს ის, რომ ჩვენი მოქალაქეები და სტუმრები ვერ სადილობენ რესტორნებში. ეს, რა თქმა უნდა, ამ სექტორისთვის დარტყმაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უახლოესი ორი კვირის შემდეგ, კიდევ ერთხელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს და შევძლებთ, შეზღუდვები შევამსუბუქოთ”, - დასძინა ნათია თურნავამ. ასეთი გადაწყვეტილებით ბიზნესს განვითარების მეტი შანსი გაუჩნდება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“კერძო სექტორისთვის, რომელიც ახლა არც ისე კარგ მდგომარეობაში, ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება ნამდვილად სასიცოცხლოდ საჭიროა, რადგან ბიზნესმა ძალების აღდგენა რაც შეიძლება სწრაფად მოახერხოს, ამისთვის კი პირველი ნაბიჯი, სწორედ დაწესებული შეზღუდვების მოხსნაა. ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, რომ კერძო სექტორის სწრაფად აღდგენა, შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, სხვა გარემოებებზეცაა დამოკიდებული, მათ შორის ვაქცინაციის პროცესზე”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“რეკომენდაციების სრული დაცვა თუ არ მოხდეს, ისევ დავინფიცირდებით, ამიტომ მგონია, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სიფრთხილე. ბიზნსის სწრაფად აღდგენა ბევრი რამეზეა დამოკიდებული. მათ შორისაა, ვაქცინაციის სიჩქარე და ასევე, შემომსვლელ ქვეყნებშიც რამდენად სწრაფად წავა აცრის პროცესი. ახლა არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ 8 და 9 მილიონ ვიზიტორს მივიღებთ 2022 წელს, როგორც ეს მოხდა 2019-ში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გარკვეული პოზიტიური დინამიკა იქნება. საცალო გაყიდვების მაღაზიებისთვის, რესტორნებისთვის, კომენდანტის 23:00 საათამდე გადაწევა არის ძალიან მნივნელოვანი. რესტორნების და მაღაზიების დიდი ნაწილი 23:00 საათზე ისედაც იკეტებოდა და პრობლემა არ უნდა იყოს. თუკი ჩვენ ვიქნებით დისციპლინირებულები, მალე დადგება ეს დროც. ვფიქრობ, ახლა უკვე მოსახლეობის თვითშეგნებაც საკმაოდ მაღალ დონეზეა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ვეფხვაძე.

 

“ბოლო პერიოდში, კლინიკებიც თავისუფლდება. საავადმყოფოებში გადატვირთულობა აღარ შეიმჩნევა. სწორედ ამის შესახებ საუბრობს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძე, რომელიც მიიჩნევს, რომ დღევანდელი ეპიდვითარების შენარჩუნების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორზე მიმართვიანობა შემცირდება. “საგანგაშო სიტუაცია არ არის. მაქსიმალურად თუ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, ვფიქრობ, არ უნდა დაგვჭირდეს რაღაც განსაკუთრებულად მძიმე ღონისძიებების გატარება. ვადასტურებ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დასტაბილურდა სიტუაცია. მიღებული პაციენტების რაოდენობა აღარ არის ისეთი, რომ ძალიან მძიმე დატვირთვა იყოს კლინიკისთვის. ჩვენთან უკვე თავისუფალი ადგილებიც არის, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შესუსტდება”, - ამბობს ლევან გოფოძე. შეზღუდვების მოხსნას ეთანხმება ინფექციონისტთა ნაწილი. თუკი შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს, აკრძალვები უნდა გაუქმდეს კიდეც. ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძის მიიჩნევს, რომ შეზღუდვების მოხსნა დაბალი მაჩვენებლის პირობებში ყოველთვის შეიძლება”, - დასძენს გამოცემა.

 

“დღეს შეიძლება თქვან, რომ მაისის ბოლოდან შეზღუდვები მოიხსნება, მაგრამ ხვალ გადათქვან, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია კორონავირუსის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე. თუკი დღეში მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი დაინფიცირდება და არა 1500, მაშინ, რასაკვირველია, შეზღუდვებიც მოიხსნება. მთავარია, ნახტომისებური დინამიკა არ იყოს. მაგალითად, დღეს იყოს 2 შემთხვევა, ხვალ - 10 და ზეგ - 50. თუ თანმიმდევრულად წავიდა შემცირება, მაშინ უკვე თამამად შეიძლება საუბარი შეზღუდვების გაუქმებაზე”, - მიიჩნევს ირაკლი ხმალაძე. დაწესებული აკრძალვების მოხსნის ალბათობას ამყარებს ის არგუმენტიც, რომ კორონავირუსის მესამე ტალღას ქვეყანა ფინანსური სახსრების გარეშე ხვდება, რეალურად აღარ არის ფული, რითაც შეიძლება მთავრობა ლოკდაუნის პერიოდში მოსახლეობასა და ბიზნესს დაეხმაროს”, - წერს სტატიის ავტორი.

 




ავტორ(ებ)ი : “რეზონანსი”