18:51 15.05.2021
საქართველო რუსეთთან ჰიბრიდულ ომშია და რატომ ღებულობს ჩვენი ევროპელი მოკავშირე ამ ომში მონაწილეობას რუსეთის მხარეზე? - რა მოხდა ირლანდიაში, რაც ქართულ მედიას არ გაუგია
დავით ქართველიშვილის ბლოგი:
ის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგი საელჩოს საქმიანობა არაერთი კრიტიკის საგანი გახდა, და ამა თუ იმ ქვეყნიდან ელჩების განთავისუფლების საბაბიც - არახალია, თუმცა ამჯერად სულ სხვა რამ მიკვირს: ამას წინათ ირლანდიაში საქართველოს საელჩომ გამოიჩინა სახელმწიფოებრივი პრინციპულობა, გამოიწვია ამით რუსეთისა და ირლანდიის მხრიდან, სამწუხაროდ ერთობლივი აღშფოთება, და პირადად მე მათთვის ამ სამარცხვინო და ჩვენთვის შექების ღირსი ფაქტის შესახებ ვიგებ არა ქართული მედია სივრციდან, არამედ რუსეთის პროპაგანდისტული არხებიდან.
საუბარი მიდის ა.წ. აპრილის მოვლენებზე, როდესაც დაბლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში „რუსეთი და პოსტსაბჭოური სივრცე“ ლექციათა კურსის ფარგლებში, ონლაინ რეჟიმში დისტანციურად, ლექციებს კითხულობდა ცნობილი რუსი პროპაგანდისტი სერგეი მარკედონოვი, რომელმაც სტუდენტებს საქართველოსა და უკრაინის შესახებ აბსოლუტურად დამახინჯებული და მცდარი ინფორმაცია მიაწოდა.
აღნიშნული ფაქტი არ გამოეპარა არც უკრაინისა და არც საქართველოს საელჩოებს, რომლებმაც საპრეტენზიო წერილებით მიმართეს ირლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს. როგორც ჩანს, „მესამე კატეგორიად“ მიჩნეული ამ ორი ქვეყნის ნებისმიერი მცდელობა, საკუთარი ისტორიული და სახელმწიფოებრივი ღირსება თუნდაც ევროპულ სივრცეში დაიცვან - ფსევდოლიბერალურ დასავლურ სამყაროში უკვე დაუფარავ გაღიზიანებას იწვევს.
პარალელურად იმ მოვლენებისა, როდესაც ევროპელმა პარტნიორებმა თავისი აკვიატებული და ალოგიკური ზეწოლის შედეგად - ევროპისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოსთვის ბრიუსელის შუქნიშანზე მწვანე ნათურის დანთებად კრიმინალ/რეციდივისტის ციხიდან გამოშვება მიიჩნიეს - ირლანდიის სენატორმა, დაბლინის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ, ირლანდიის არასამთავრობო სექტორმა ქართველი და უკრაინელი დიპლომატების პროტესტს აგრესიული შეშფოთებით შეხვდნენ, ფორმულირებით: „ეს არის ირლანდიის საგანმანათლებლო სისტემაში ცენზურის შემოღების მცდელობა და აკადემიური თავისუფლების უხეში ხელყოფა“.
მე ეჭვი მეპარება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ იკითხებოდეს აკადემიური კურსი, მაგრამ მაინტერესებს ოლსტერის ირლანდიელთა რეაქცია, თუ კი ბელფასტის შესახებ ლექციებს ანტიირლანდიულ და პროინგლისურ კონტექსტში წაიკითხავდნენ, ცნობილი ბრიტანელი ირლანდოფობების მოწვევით.
მე მგონი, იმაზე მეტადაც ვაფასებთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების ესოდენ დიდ წვლილს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის საქმეში, მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ დაიმახსოვრონ - საქართველო რუსეთთან ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფება და როგორც მინიმუმ, გაუგებარია რატომ ღებულობს ჩვენი ევროპელი მოკავშირე ამ ომში მონაწილეობას რუსეთის მხარეზე, და როგორც მაქსიმუმ - გაუგებარია, რატომ ღიზიანდება საქართველოს დიპლომატების მცდელობაზე, საკუთარი ღირსება დაიცვან ევროპულ სამეგობრო სივრცეში მაინც.
ხოლო რასაც ვერ ვიღებ და ვერ ვიგებ - რატომ უნდა ვეცნობოდე ამ საკმაოდ მნიშვნელოვან მოვლენას არა ქართული მედია სივრციდან, არამედ მედია/პორტალ „იზვესტიიდან“, სადაც აღნიშნულ ინფორმაციას მაწვდიან დაუფარავი სიხარულის თანხლებით, როგორც საქართველოს „თავხედობაზე“ რუსეთ-ირლანდიის ერთობლივი განაწყენების თემას.



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge