დღეს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეა. თარიღის აღსანიშნავად, სასულიერო პირებმა ავტოკოლონებით დედაქალაქის ქუჩები აკურთხეს და მოქალაქეები დალოცეს. მსვლელობა სამებიდან დაიწყო, სადაც, დილიდან წყალი ეკურთხა. ამ დღესთან დაკავშირებული ფეხით მსვლელობა კი, პანდემიიდან გამომდინარე, წელს არ გამართულა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.
რატომ გახდა საჭირო ამ დღის დაწესება? რამდენად იმუშავა აღნიშნულმა ინიციატივამ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე?
დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე „ჯორჯიან თაიმსს“ მამა პეტრე - კოლხი ესაუბრა:
"ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა დააწესა, თავისთავად, ძალიან კარგი გამოწვევაა. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ოჯახს, სახელმწიფოს აღორძინებისა და განვითარების საქმეში. მტკიცე და მყარი ოჯახი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებები და ჯანსაღი ტრადიციები წინა პლანზე წამოვწიოთ. ამით ხაზი გავუსვათ ჩვენს სულიერ და რელიგიურ საკითხებსა და მიდგომებს, ვინაიდან, ოჯახი არ არის მხოლოდ ცოლ-ქმრის ურთიერთობა. ეს არის იმ მცნებებისა და ღირებულებების დაცვა, რომელიც ქრისტემ მის მიერ დაწესებულ ეკლესიას უბოძა. ოჯახი და სახელმწიფო ამ ფასეულობების დაცვით შეიძლება იყოს მტკიცე და ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ. წინააღმდეგ შეთხვევაში, მხოლოდ ჩოხა-ახალუხით სიარული და გარეგნული ნიშნებით მანიფესტაციებზე გამოსვლა, ყვირილი, რომ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა - სიკეთეს ვერ მოგვიტანს, თუ სიწმინდე შინაგანად არ დავიცავით, არ შევინარჩუნეთ...
ეს დღე, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით დაწესდა, რაც ნიშანდობლივია და ყველა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ, რომ სიწმინდის დაცვა ხდება არა ვიღაცეების ხელკეტებით გამოკიდებით, არამედ, ჩვენი ცხოვრების წესით. ამით სხვებსაც ვაძლევთ მაგალითს, თუ როგორ უნდა დავიცვათ ზოგადად ოჯახური სიწმინდე და რელიგიური ღირებულებები. ჩემთვის, პირადად, ქრისტეს მოძღვრება, პლუს ოჯახური ჯანსაღი ურთიერთობები წარმოშობს სიწმინდის დაცვის დღეს", - აცხადებს მამა პეტრე.
მისი თქმით, ამ დღის დაწესების აუცილებლობა თანამედროვე გამოწვევებმა და იმ ფაქტმა მოიტანა, რომ ოჯახური ღირებულებები და ეროვნული იდეოლოგია მოირყა.
„ჩვენი ქვეყანა დღემდე ფეხზე რომ დგას, ეს ეროვნული იდეოლოგიის დამსახურებაა. მსოფლიოს ისტორიის ასპარეზზე ძალიან ბევრი დიდი, თუ მცირე სახელმწიფო გაქრა და მათი ხსოვნა მხოლოდ ისტორიის ფურცლებზეა შემორჩენილი. მაგრამ, საქართველო გადარჩა, რადგან, ეროვნულ ღირებულებებზე იდგა, იცავდა მას და მისი წინამძღოლი ქრისტეს მოძღვრება იყო. ამ მოძღვრების უმთავრესი ამოცანა კი არის ის, რომ ოჯახი უნდა იყოს როგორც ქრისტეს ეკლესია. თუ ჩვენი ცხოვრების წესის გამოსწორებით დავიწყებთ სიწმინდეზე ზრუნვას, უფრო მეტ შედეგს მივიღებთ, ვიდრე ქუჩაში გამოსვლებით, ვიღაცეების შეურაცხყოფითა და ლანძღვით. გინებითა და ხელკეტებით სიწმინდეების დაცვა არ ხდება. ნებისმიერმა ადამიანმა საკუთარ თავში უნდა დაიცვას სიწმინდე. სხვების წამოძახებით, აბუჩად აგდებით მას ვერ დავიცავთ,“- აღნიშნავს მამა პეტრე.
როგორც ის ჩვენთან საუბარში აცხადებს, საზოგადოებაში ფილტრაცია მოხდა, თუ ვინ იცავს ოჯახის სიწმინდის დღეს ნამდვილად და ვისთვისაა ეს უბრალოდ შირმა.
„საზოგადოება ბრმა და ბნელი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით და ჩვენი ფორმირებისთვისაც ძალიან დიდი დრო, ენერგია და აზროვნების განვითარების დონეა საჭირო, მაინც ბევრი ადამიანი ხედავს, თუ ვინ არის გულწრფელი და ვინ - ფარისეველი. თუმცა, განვითარების პროცესი ჯერ არ დამთავრებულა. ეს შეუქცევადია და მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა არ ხდება ჩოხა-ახალუხის ჩაცმითა და ხელკეტებით ბრძოლით ჩვენთვის არასასურველი ადამიანების წინააღმდეგ. ოჯახის სიწმინდის დღის დაცვა ხდება შიგნით, გულში. რასაც ვემსახურებით, ის გამოგვაქვს გარეთაც.
უწმინდესის მიერ დაწესებული ეს დღე მოწმობს იმას, რომ ჩვენ, ყველამ საკუთარ გულსა და ოჯახში დავიცვათ ქრისტიანული ღირებულებები და ამ კუთხით გამოვადგეთ ქვეყნის აღმშენებლობას,“ - აცხადებს მამა პეტრე.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge