14:06 11.06.2021
ლიეტუვა მყარად ხედავს საქართველოს ნატო-ს ოჯახის გარდაუვალ წევრად - გიტანას ნაუსედა

 

ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე

 

– ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონულ უსაფრთხოებას.

 

„გუშინ ვიყავი საოკუპაციო ხაზთან და შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას. იქ ნამდვილად ჩანს ომის მტკივნეული შედეგები. ეს გამოწვევა არის ჩვენი და თქვენი. თავისუფლების საკითხი ისევ აქტუალურია. ლიეტუვა კვლავ უცხადებს საქართველოს პოლიტიკურ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ლიეტუვა მყარად იცავს ბუქარესტის შეთანხმებას და ხედავს საქართველოს, როგორც ნატო-ს გარდაუვალ ოჯახის წევრად. პრეზიდენტთან ერთად ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე, პრიორიტეტებზე და ლიეტუვის დახმარებაზე ასოცირებული ქვეყნების მიმართ, რომლებიც იღწვიან ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და ეს არის ჩემი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ვფიქრობ, ძალიან კარგი ნაბიჯი იყო ტრიო ასოცირებული ქვეყნების – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მცდელობა უფრო ნაყოფიერი, ეფექტური დიალოგის მიზნით, ამიტომ ნამდვილად ჩავერთვებით ამ ტრიოს ინტეგრაციაში, რომ იყოს ეს ევროკავშირის დღის წესრიგის პრიორიტეტულ სიაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მოახლოებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყოს მიზნებით სავსე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ქმედების გეგმა, პირველ რიგში კი ვაჩვენოთ ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ ძალებთან ერთად მივაღწიოთ იმას, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ვარ აქ, ჩემი ვიზიტი ჯერ არ მთავრდება“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

 

​მისივე თქმით, დღეს გამართავს შეხვედრებს ქვეყნის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან.

 

„ეს ვიზიტი ნამდვილად ყოველმხრივ მაწვდის ინფორმაციას თქვენი მიზნების შესახებ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და ვთანხმდებით ალბათ, რომ ყოველთვის ცოცხალი შეხვედრა ათასჯერ უკეთესია, ვიდრე დისტანციური შეხვედრები და კონფერენციები. ამიტომ მიხარია, რომ პანდემია ცოტა იხევს უკან და შეგვიძლია, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, გადავწყვიტოთ ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

 

 




ავტორ(ებ)ი :