14:52 11.06.2021
სიტყვა სადღეგრძელოს ვინც უგვანოდ იყენებთ, არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე - ლადო კახაძე

საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით, პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

 

მისივე თქმით, პოლიტიკური ტრიბუნიდან საუბრისას, ყველას თავშეკავება მართებს.

„აუცილებელ პირობად ჩავთვალე, ეს უნდა მეთქვა. რასაკვირველია, ბოდიშს ვიხდი, საწყენად არ მიიღოთ, ამას ტელევიზია სხვანაირად გააშუქებს, იტყვის, თამადა გამოვიდა მიკროფონთანო. ძალიან ხშირად იყენებთ სიტყვა სადღეგრძელოს. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ იყენებთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენი მოვლენის გასახალისებლად, ამ სიხარულის გასანაწილებლად. ადამიანებო, ამ სიტყვას დაუკვირდით. პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არ არის სადღეგრძელო. სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც, ისტორიაც კარგად უნდა იცოდე, ის დარგი უნდა იცოდე, რომელიც აირჩიე, მაგრამ თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი. ყველანი პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით. არაფერი არ გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ნაწილს ეხება ეს, ყველას არა. ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული თავის ცხოვრებაში, რომ მოსულიყო, საჯარო სიტყვა ეთქვა. დალოცვილისშვილებო, დედის ძუძუს რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობთ ტელევიზიით, საჯარო სივრცეში როგორ შეიძლება? საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით. თქვენ თუ რაღაცა დაგაკლოთ გამჩენმა, თქვენს მშობლებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს და იმათ მაინც გაუფრთხილდით. პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. კანონშემოქმედება ჰქვია ჩვენს საქმიანობას, კანონდოგმატიზმი კი არა. ეს დოგმა რატომ არ მოიშალეთ? პოლიტიკური დამღა რატომ არ მოიწმინდეთ, ერთსა და იმავეს ასე სიბინძურეს ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან.

 

ჩემს წიგნში დაწერილი მაქვს და ამიტომ სხვისი სიტყვების ციტირება არ დამჭირდება, თქვენ რომ შეგეკითხოთ ახლა, დარბაზში მყოფების დიდ ნაწილს და გკითხოთ, ენა მეტყველების ორგანოა? დამიდასტურებთ, ხო, მეტყველების ორგანოაო. არც ერთი სწორი არ იქნებით, ვინც ამაზე თანახმა ხართ. ენა მეტყველების ორგანო კი არა, მეტყველებაში მონაწილე ორგანოა. ტვინის ნებას უნდა ასრულებდეს და ენის ჭკუაზე რომ ტვინმა იაროს, შეიძლება ესა? რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული? ტვინი არსებობს ამისათვის, ბოლოს და ბოლოს 32 კბილი, რომ ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო, როცა შენი ქვეყნის საზიანოდ შეიძლება, რამე წამოგცდეს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge