დღე: 8

ღამე: 1

USD 2.813

EUR 2.9241

ჩინური მხარე მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა - ლი იენი 16.06.2021 15:02

15 ივნისს, საქართველოში ჩინეთის საელჩოს მხარდაჭერითა და მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია,  სახელწოდებით  "გავუზიაროთ ერთმანეთს დადებითი გამოცდილება და ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი" გაიმართა.

 

კონფერენციაზე განხილული ძირითადი თემები იყო:

 

· ჩინეთის კომუნისტური პარტიის 100 წლის იუბილე;

 

· ჩინეთის როლი ახალი მსოფლიო წესრიგის პირობებში;

 

· ჩინეთის ციფრული ტექნოლოგიები და ინოვაციები - პრეზიდენტ სი ძინ პინის „ჩინეთის დიდი ოცნების“ რეალიზაცია;

 

· „ერთი გზა, ერთი სარტყელი“- გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური წარმატების ფორმულა;

 

· კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევები;

 

· ჩინეთის აგრო-სამრეწველო პოლიტიკა;

 

· ჩინეთის თანამედროვე გეოსტრატეგიული კოდი - რეგიონული ლიდერობიდან მსოფლიო ლიდერობისაკენ;

 

· ჩინეთის სოციალური პოლიტიკის სასწაული - სიღარიბის დამარცხება.

 

 

გთავაზობთ საქართველოში ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, - ლი იენის მიმართვის ტექსტს, რომელიც მან  კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას წარმოთქვა:

 

„ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით! კეთილი იყოს თქვენი მონაწილეობა დღევანდელ კონფერენციაში. თქვენ წლების განმავლობაში თვალყურს ადევნებთ და ხელს უწყობთ ჩინურ-ქართული ურთიერთობების განვითარებას. თქვენ ჩინელი ხალხის დიდი ხნის მეგობრები ხართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რათა მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს და გამოვხატო თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა.

 

დღეს, ჩვენ ონლაინ რეჟიმში შევიკრიბეთ, რათა ერთად აღვნიშნოთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლის იუბილე, თვალი გადავავლოთ და შევაჯამოთ ჩინურ-ქართული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და ერთად განვიხილოთ ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. მადლობას გიხდით, რომ დღევანდელ კონფერენციაზე დასასწრებად დრო გამოძებნეთ და მოუთმენლად ველი თქვენი შეხედულებების მოსმენას.

 

სულ რაღაც 15 დღეში, პირველ ივლისს, ჩინეთის კომუნისტური პარტია 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს ჩინეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. ბოლო 100 წლის მანძილზე, ჩინეთის კომპარტია უწყვეტად ვითარდებოდა და ძლიერდებოდა. თავდაპირველად თუ მხოლოდ რამდენიმე ათეული წევრი ჰყავდა, დღეს იგი 91 მილიონზე მეტი წევრით მსოფლიოს უდიდესი, განვითარებად ქვეყნებში მმართველობაში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი პოლიტიკური პარტიაა. ჩინეთის კომპარტიამ ჩინელი ხალხი გააერთიანა და დიდი სიძნელეების მიუხედავად, მისი ხელმძღვანელობით ჩინელმა ერმა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ეროვნული თავისუფლების გზაზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვა, პარტიამ რეფორმებისა და გახსნილობის პოლიტიკის გატარებით ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყნის ეროვნული მდგომარეობისა და ჩინელი ხალხის ფუნდამენტური ინტერესების შესაბამის გზას - სოციალისტური განვითარების გზას წარმატებით მიაკვლია და ქვეყნის აღმშენებლობაში მიღწეული შედეგებით მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მას შემდეგ, რაც 2012 წელს ამხანაგი სი ძინფინგი პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში, პარტია განსაკუთრებით უწყობს ხელს ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის ყოველმხრივ განვითარებასა და წინსვლას, ჩინელ ხალხს „ფეხზე წამოდგომიდან“ და „დოვლათის შექმნიდან“ ნახტომისებრი განვითარებით „ეროვნული სიძლიერისკენ“ უძღვება, პარტიამ სწრაფი ეკონომიკური განვითარების და სოციალური სტაბილურობის სახით ორი სასწაული მოახდინა.

 

დღეს ჩინეთი სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში, ხოლო ინდუსტრიალიზაციით, სასაქონლო ვაჭრობითა და უცხოური სავალუტო რეზერვებით პირველ ადგილზეა, მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში მისი წილი დაახლოებით 30%-ია. ჩინეთში ხალხის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობის რაოდენობა 400 მილიონზე მეტია; როგორც მოგეხსენებათ, ჩინეთის მოსახლეობის რიცხოვნობა 1.4 მილიარდს შეადგენს, საბაზისო სამედიცინო დაზღვევაზე 1.3 მილიარდ მოსახლეს აქვს წვდომა, საბაზისო საპენსიო დაზღვევაზე კი - 1 მილიარდ მოსახლეს, 850 მილიონმა მოსახლემ სრულად დააღწია თავი სიღარიბეს, რითაც ჩინეთმა 2030 წლის მდგრადი განვითარების პროგრამით დასახულ - სიღარიბის შემცირების მიზანს 10 წლით ადრე მიაღწია. ჩინეთის ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური და საერთო ეროვნული სიძლიერე მნიშნელოვნად გაიზარდა, მისი საერთაშორისო სტატუსი და კონკურენტუნარიანობა უპრეცედენტოდ გაუმჯობესდა. ჩინელი ხალხი ძალისხმევას არ იშურებს, რათა „ყოველმხრივ დოვლათიანი საზოგადოების“ შექმნითა და „ჩინელი ერის დიადი აღორძინებით“ -  „ჩინური ოცნება“ რეალობაში განახორციელოს.

 

გასული წლის ივლისში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 2003-2016 წწ. პერიოდში ჩინეთში ხელისუფლების მიმართ კმაყოფილების დონე ყოველმხრივ გაიზარდა და ცენტრალური ხელისუფლების მიმართ კმაყოფილების მაჩვენებელმა 93.1% შეადგინა. მიმდინარე წლის მაისში კანადის იორკის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, კოვიდ-19-ის ეპიდემიის შემდეგ ჩინეთში ხელისუფლების მიმართ სანდოობამ 98%-ს მიაღწია. რატომ აქვს ჩინეთის ხელისუფლებას ხალხის მხრიდან ამხელა მხარდაჭერა? ჩემი აზრით, ამის მიზეზია ის, რომ ჩინეთის კომპარტია თავის მმართველობაში ხალხს მუდამ უპირველეს ადგილზე აყენებს, იგი დროის კვალდაკვალ ვითარდება და პარტიის შიგნით რევოლუციურ გარდაქმნებს არ უშინდება. ვფიქრობ, ეს ჩინეთის კომპარტიის ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობასაც მნიშვნელოვნად განაპირობებს.

 

დაარსების დღიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მისია ხალხის ბედნიერებისა და ეროვნული აღორძინების მიღწევაა; პარტია ხალხთან მუდამ მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს, მუდამ ხალხზე არის ორიენტირებული, მისი ბრძოლის მიზანი ხალხისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნაა, ხოლო ხალხის მხარდაჭერა მისი სიძლიერის საიმედო წყაროა. დროის კვალდაკვალ განვითარება - ჩინეთის კომპარტიის საუკეთესო ტრადიცია და მისი უდიდესი უპირატესობაა. სი ძინფინგის იდეები ახალ ეპოქაში ჩინური სპეციფიკის სოციალიზმის თაობაზე 21-ე საუკუნეში მარქსიზმის სინონიზაციაში უკანასკნელი მიღწევაა და „ასწლეულის ორი მიზნისა“ და „ჩინელი ერის დიადი აღორძინების“ მიღწევის სახელმძღვანელოა. პარტიის შიგნით რევოლუციური გარდაქმნების მიმართ უშიშრობა და პარტიის მკაცრი მართვა ჩკპ-ს ყველაზე გამორჩეული თავისებურებაა. ეს არის ის მნიშნელოვანი ინსტრუმენტი, რითაც ჩინეთის კომპარტიამ გაძლიერება, დაბრკოლებების გადალახვა და განვითარება შეძლო. ჩკპ მუდამ პარტიის შიგნით მშენებლობას, გაწმენდას, დახვეწას, ინოვაციას და თვითგანვითარებას უწყობს ხელს, ყოველთვიდს ინარჩუნებს პროგრესულობასა და სიწმინდეს.

 

ამავდროულად,  ჩინეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერს მშვიდობის დამკვიდრებასა და კაცობრიობის განვითარებას, ხელს უწყობს ჩინეთის მსოფლიოში მშვიდობისდამცველ ცენტრალურ ძალად ჩამოყალიბებას. ჩინეთი ინარჩუნებს დამოუკიდებელ და სუვერენულ, მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას, ებრძვის ჰეგემონიზმსა და ძალისმიერ პოლიტიკას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, თავდაუსხმელობის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებელის და მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის საფუძველზე ავითარებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებს, ხელს უწყობს „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ ჩამოყალიბებას. ჩინეთი მხარს უჭერს მულტილატერალიზმსა და სავაჭრო ლიბერალიზაციას და ებრძვის უნილატერალიზმს; ხელს უწყობს დიდ და პატარა სახელმწიფოებს შორის თანასწორობას, კულტურულ გაცვლას, ერთმანეთისგან სწავლასა და გამოცდილების გაზიარებას; ისეთი მსოფლიოს შექმნას, სადაც იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, საყოველთაო უსაფრთხოება, საერთო კეთილდღეობა, გახსნილობა და ტოლერანტობა, სისუფთავე და სილამაზე.

 

ჩინეთი ტრადიციულად საქართველოს მეგობარი ქვეყანა და მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება, სხვადასხვა სფეროში აქტიურად ვთანამშრომლობთ; ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში მუდამ თანამშრომლობის ახალ შედეგებს ვიღებთ; „სარტყელისა და გზის“ ფარგლებში თანამშრომლობაც უწყვეტად ვითარდება; განათლების, კულტურის, მეცნიერების, ტურიზმის, სპორტის, მედიის, კინოსა და ტელევიზიის და სხვა სფეროებში ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ და სულ უფრო მჭიდროდ ვთანამშრომლობთ; ჩინელ და ქართველ ხალხს შორის ურთიერთგაგება და მეგობრობა მუდმივად ღრმავდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი თანადგომა, რითაც კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ „მეგობარი გასაჭირში იცნობა“, ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირები და თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდა და უფრო მაღალ დონეზე ავიდა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივი შეთანხმების წყალობით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეპიდემიით გამოწვეული დაბრკოლებები დავძლიეთ და კლების საერთო ტენდენციის მიუხედავად, ჩინეთ-საქართველოს შორის ვაჭრობა 9.5%-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადინა; ჩინეთი ქართული პროდუქციის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრადაც იქცა. გასულ წელს ჰონგ კონგის რეგიონსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში ხელმოწერილი შეთანხმება მიმდინარე წლის 1 ივლისს ძალაში შევა, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ღონისძიებებს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. მომავალ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდება. ჩინური მხარე მზადაა გააგრძელოს საქართველოსთან მეგობრული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავება, სახელმწიფო მართვის საქმეში გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებზე კომუნიკაცია და კოორდინაცია, შესაძლებლობების ერთმანეთისთვის  გაზიარება და ერთობლივი განვითარება, რათა ჩინეთი და საქართველო - ეს ორი უძველესი ცივილიზაცია ერთად გაბრწყინდეს. 

 

გმადლობთ!“, - განაცხადა ლი იენმა.

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები