თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვა სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში მოიხსნება, თუკი კორონავირუსის გავრცელების შემთხვევების დაღმავალი დინამიკა შენარჩუნდება.
„მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა მოსახლეობის შეკვეთა. ადამიანებს ნორმალური ცხოვრება, სპორტული და კულტურული ღონისძიებები, მეგობრებთან შეხვედრა მოენატრათ, ამიტომაც მცირდება შეზღუდვები. ერთადერთი შეზღუდვა ახლა კომენდანტის საათია და ისიც ხანმოკლე. განიხილება მისი მოხსნაც. მოხსნა ნავარაუდევია ამ თვეში, თუ ეპიდემიოლოგიურმა დინამიკამ მოგვცა ამის საშუალება. თუ დინამიკა მზარდი იქნება, ვერ შევძლებთ შემსუბუქებას,“ – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, განიხილება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნის საკითხიც, თუმცა, ცერცვაძე განმარტავს, რომ მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ვითარება ჯერ სტაბილური არ არის.
„ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. დავაკვირდეთ, რა ხდება მსოფლიოში. მე არ ვიქნებოდი მომხრე, რომ ვიჩქაროთ პირბადის გამოყენებაზე უარის თქმა, რადგან ეს არის ერთადერთი რეგულაცია, რომელიც გვიცავს ინფიცირებისგან და ძალიან ძლიერად იცავს. გასულმა თვემ გვიჩვენა, რომ ვინც პირბადეს ატარებდა, მათი ინფიცირება პრაქტიკულად არ ხდებოდა. განიხილება პირბადის მოხსნაც, მაგრამ ღია სივრცეში. მე პირადად, მხარს დავუჭერდი ღია სივრცეში პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმებას, მაგრამ არამც და არამც დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ჩვენთან პირბადის ხმარება ჯერჯერობით საჭიროა“, – დასძინა თენგიზ ცერცვაძემ.
ქვეყანაში არსებული ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, დღეისთვის ინდური შტამის 20 შემთხვევაა დადასტურებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით კი, ამ ფონზე, „ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა, რაც შარშან იყო, რომ თითქოს ყველამ დავიჯერეთ, დავამარცხეთ კოვიდი და შემდეგ ვნახეთ, რა მოხდა ნოემბერ-დეკემბერში“.
საქართველოში არსებულ ეპიდ-ვითარებასა და მსოფლიოში გავრცელებულ ინდური შტამზე „ჯორჯიან თაიმსს“ ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე ესაუბრა.
„მივესალმები ბატონი თენგიზის აზრს, რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით. ადამიანისთვის დამთრგუნველია ასეთი შეზღუდვები და ეკონომიკაზეც ძალიან ცუდად მოქმედებს. ამ შემთხვევაში, სარგებლიანობის ანალიზი გადაიხრება იმისკენ, რომ გაუქმდეს ერთიც და მეორეც. მაგრამ, ამისათვის უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ახალი შტამები ჩვენთანაც არ გამოიწვევს აფეთქებას. ივლისამდე გვაქვს დრო, რომ სიტუაციას შევხედოთ. ჩვენთანაც შემოსულია ე.წ. ინდური/დელტა შტამი. ამ შტამის გამო, ბევრ ქვეყანას მოუწია შეზღუდვების გადავადება, მათ შორის ბრიტანეთს, სადაც ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელია,“- განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, ახალი შტამები მუდმივად გამოჩნდება, მანამ, სანამ არ შევძლებთ მთელი მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის აცრას.
„რაც უფრო მეტი არეალი აქვს ვირუსს გასავრცელებლად, მით უფრო მეტი ალბათობაა იმის, რომ სახეცვლილებას განიცდის და შესაძლოა უფრო საშიშიც გახდეს.
კარგი ამბავი ის არის, რომ ჯერჯერობით რა შტამებიც დაფიქსირდა, მათზე ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინები მოქმედებს, იცავს ადამიანებს ვირუსის რთული მიმდინარეობისა და ფატალური დასასრულისგან,“- აღნიშნავს აკაკი ზოიძე.
რუსეთში პანდემიამ კიდევ ერთხელ, ახალი ძალით იფეთქა, რასაც "ინდური შტამის" გავრცელებას უკავშირებენ. ადგილობრივი ეპიდემიოლოგების თქმით, ვითარება ყოველდღიურად უარესდება. 19 ივნისის მონაცემებით, რუსეთში ოფიციალურად კოვიდინფიცირების 19 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. მოსკოვში ისევ დაიკეტა სპორტული დარბაზები და ბავშვთა გასართობი ცენტრები. შეზღდუვებით მუშაობს სავაჭრო ცენტრები, 23:00 საათის შემდეგ არ მუშაობენ კაფე-რესტორნები, ონლაინ რეჟიმზე გადავიდა თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულება.
აღნიშნულ ფაქტს ჩვენთან საუბარში აკაკი ზოიძე აფასებს:
„ინდური შტამის აფეთქება, რუსთის გარდა, კიდევ 70 ქვეყანაშია. ჩვენ საზღვარი, შესაბამისი ტესტის პასუხითა და ინსტრუქციებით, უმეტეს ქვეყნებთან გვაქვს გახსნილი, ინდოეთის გარდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით, ინდოეთი აღარ არის „დელტა“ შტამის ერთადერთი წყარო.
არ მგონია, რომ ჩვენს ქვეყანაში დამატებით საფრთხეს ინდურ-რუსული შტამი წარმოადგენდეს. შტამი შტამია, - დელტა ჰქვია უბრალოდ. ჯანმომ ბერძნული ალფავიტის ანბანის სახელი დაარქვა, რომ ქსენოფობიის კიდე ერთი გამაღვივებელი არ ყოფილიყო - ჩინური, ინდური, ბრაზილიური და ბრიტანული შტამების ტრიალი. ამ კუთხით ვერ ვხედავ სირთულეს. თუმცა, როცა ვლაპარაკობთ რეგულაციების საბოლოო მოხსნაზე, უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა კომენდანტის საათი, - 23:00-დან 05:00 საათამდე შეზღუდვის დიდ ეფექტს ვერ ვხედავ. მაგრამ ის, რომ ღია სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულება მოიხსნას, ამას ნამდვილად სჭირდება დარწმუნება, რომ ვირუსის აფეთქების ზღვარზე არ ვიქნებით. ღია სივრცეში, როცა მარტო ხარ, პრობლემა არ არის, დისტანციას იცავ. აქ საუბარია ხალხმრავალ ადგილებში შეკრებაზე, სადაც მაინც უნდა შენარჩუნდეს გარკვეული შეზღუდვები. ამ კუთხით, კიდევ ვიმეორებ, რომ მივესალმები შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ, ამაში თვითდაჯერება შეგვეძლება, მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, 60-70%-ზე მეტს ავცრით,“- განმარტავს ექსპერტი.
აკაკი ზოიძე იმედს იტოვებს, რომ შარშანდელი ზაფხულის პროცესები წელს გაკვეთილი იქნება მოსახლეობისთვის.
„გასაგებია, რომ ბათუმს ტურისტული დატვირთვა აქვს და მაღალი ალბათობით იქ თუ არ დაიცავენ რეგულაციებს, იგივე მოხდება, რაც შარშან მოხდა. იმედი მაქვს, შარშანდელი პროცესი გაკვეთილი იქნება. აქ ორი ფაქტორი მოქმედებს: ერთი უარყოფითი - ახალი შტამები გვაქვს, რომელიც მაღალი სიჩქარით ვრცელდება. მაგრამ, მეორეს მხრივ, უფრო მეტი იმუნური ფენა გვყავს, ვიდრე - შარშან. ფაქტობრივად, შარშან ყველა მოქალაქე ვირუსისადმი მოწყვლადი იყო. დღეს აჭარაში 1/3-ს ეს ინფექცია უკვე გადატანილი აქვს. თბილისში 10%-ზე მეტი აცრილია და 35%-ზე მეტს გადატანილი აქვს, ან ბუნებრივი იმუნიტეტი გააჩნია. ეს, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტორია.
ჩვენ შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანი დასკვნები გამოვიტანეთ. იმედია, წლევანდელ არჩევნებზე იგივე არ მოხდება, რაც - შარშან საპარლამენტო არჩევნების დროს. ბევრი თავშეყრა გვქონდა, რეგულაციებს არავინ იცავდა. მე თვითონ აჭარაში ვიმყოფებოდი და არავის ეკეთა პირბადე; იმედი მაქვს, იგივეს არ გავიმეორებთ,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge