საპარტნიორო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, დავით საგანელიძის განცხადებით, ბიზნეს რეიტინგის 21-ე ღონისძიებაში მონაწილე ყველა კომპანია გამარჯვებულია, ვინაიდან, მათ პანდემიის პერიოდში საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა და შენარჩუნება შეძლეს.
როგორც საგანელიძემ "ჯორჯიან თაიმსთან" განაცხადა, იმის ფონზე, რომ პანდემიის პერიოდში მსოფლიო ეკონომიკამ დიდი ზარალი ნახა, წლევანდელმა ღონისძიებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.
"გამორჩეული ღონისძიება იყო, რადგან, 2021 წელი არა მარტო საქართველოსთვის, არამედ, მსოფლიოსთვისაც ურთულესი აღმოჩნდა. უზარმაზარ ქვეყნებში ეკონომიკა დაინგრა.
ჩემი აზრით, ყველა კომპანია გამარჯვებულია, ვინც, ამ ურთულეს წელს შეძლო, შეენარჩუნებინა ის პოტენციალი, რაც ჰქონდა. მათ არა მარტო თანამშრომლების შენარჩუნება, არამედ, კომპანიის სიმძლავრისა და ეფექტურობის შენარჩუნება შეძლეს. ამის ფონზე, კომპანიებს შორის არჩევანის გაკეთება მართლაც ძალიან რთული იყო," - აცხადებს საგანელიძე.
საგანელიძემ მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ხელმძღვანელებს ბიზნეს რეიტინგის პროექტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ ტრადიციის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.
"ვულოცავ „ჯორჯიან თაიმსს“ ამ დიდ გამარჯვებას! თქვენ შეძელით, ტრადიცია შეგექმნათ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი იწყებოდა 21 წლის წინ და დღემდე მოიტანეთ ეს ყველაფერი. მიხარია, რომ ამ ტრადიციის მონაწილე ვარ,"- განაცხადა დავით საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, წელს უკვე ოცდამეერთედ გაიმართა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი, კომპანია „არემჯი“ გახდა.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარი“ დასახელდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge