„არემჯის“ წარმოების დირექტორის, კობა მენაბდიშვილის განცხადებით, კომპანიას პანდემიის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტია, რის გამოც, მის მიერ გაწეული შრომა დაფასდა. ამის შესახებ კობა მენაბდიშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან" ბიზნეს რეიტინგის 21-ე ღონისძიებაზე განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ წარმატებულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობის მიღება და მით უმეტეს, - გამარჯვება. პანდემიის პირობებში, როცა თითქმის ორი წელი, მსოფლიო ვერაგი ვირუსის გამო გაჩერებულია, ჩვენი შრომა დაფასდა. კომპანიას პანდემიის პირობებში არცერთი წამით არ შეუწყვეტია მუშაობა, მიტ უმეტეს, რომ პანდემიის დასაწყისში ქვემო ქართლი, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს, ჩაკეტილ სივრცედ გამოცხადდა“, - განაცხადა მენაბდიშვილმა.
მენაბდიშვილის თქმით, „არემჯიმ“ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
"კომპანიამ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „არემჯიმ“ მილიონი ლარი გადარიცხა სპეციალურად შექმნილ ფონდში და ასევე, 400 ათასი ლარის ოდენობის სწრაფი და "პისიარ" ტესტები შეიძინა. პარალელურად, პოლიკლინიკებს ვეხმარებოდით და მათთვის სასუნთქი აპარატები შევიძინეთ. ვფიქრობ, ამ ყველაფერს წარმატებით გავართვით თავი და დღეს ეს შრომა დაგვიფასდა,"- აცხადებს კობა მენაბდიშვილი.
მენაბდიშვილმა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ხელმძღვანელებს ბიზნეს რეიტინგის პროექტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, წელს უკვე ოცდამეერთედ გაიმართა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი, კომპანია „არემჯი“ გახდა.
კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „სოკარი“ დასახელდა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge