დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

ოთხი გამოსავალი, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი პრობლემის მოსაგვარებლად გვთავაზობს 15.07.2021 12:47

არა ძალადობას! - ეს სიტყვები ბოლო ორი დღის განმავლობაში  სხვადასხვა მედიასა და სოციალურ ქსელში აქტიურად ისმის. მიზეზი კი ისაა, რომ 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" მიერ დაანონსებული ღონისძიების პარალელურად, საპატრიარქომ მრევლს მოუწოდა, ქაშუეთის ეკლესიასთან შეკრებილიყვნენ და პარაკლისი გადაეხადათ. სამწუხაროდ, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში არეულობა დაიწყო. "პრაიდის" მოწინააღმდეგეები მედიის წარმომადგენლებს,  ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ. შემდეგ პარლამენტის წინ გადაინაცვლეს და ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს.

 

გარდა ამისა, პრაიდის კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფების წარმომადგენლებმა "სირცხვილიასა" და "თბილისი პრაიდის" ოფისებიც დაარბიეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, "თბილისი პრაიდის" გადაწყვეტილებით, ღირსების მარში აღარ გაიმართა.

 

6 ივლისის აქციაზე კი, რუსთაველის გამზირი ორად გაიყო. დაპირისპირებულმა მხარემ იერიში აქტივისტებზე მიიტანა, რომლებიც მდუმარე აქციაზე ძალადობის დასაგმობად იყვნენ შეკრებილნი.

 

ღამის 11 საათიდან დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ტერიტორიაზე სპეცრაზმიც გამოჩნდა. სამართალდამცველებმა მოახერხეს მდუმარე აქციის მონაწილეების გაყვანა, თუმცა, ამან აგრესია არ შეაჩერა. რადიკალურმა ჯგუფებმა პოლიციის, აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართულებით  ქვებისა და კვერცხების სროლა დაიწყეს. მათ პარლამენტის წინ კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ევროკავშირის დროშა.

 

ამ ფონზე, საპატრიარქომ აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

„მივმართავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოების ყველა წევრს - დაუშვებელია ისედაც დაძაბულ ფონზე გინებითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით დაპირისპირების შემდგომი ესკალაცია.

 

დაპირისპირების ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაზრდა საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის. ძალადობა ვერასდროს იქნება სიკეთის მომტანი, ის დააზარალებს არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ, მთელ ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს,“-ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საქართველოს ექს-პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეაფასა.

 

„5 ივლისი, ქართველი ერისთვის, ქართული სახელმწიფოებრიობისთვისა და ასევე, ქრისტიანობისთვის ძალიან მძიმე დღე აღმოჩნდა. სწორედ ამ ყველაზე მაღალი ღირებულებების სახელით მოხდა ადამიანების დევნა და დარბევა,  იმის საწინააღმდეგოდ, რაც არის ქართველობა  და ქრისტიანობა. ამ ყველაფერში თავისი უმოქმედობით აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო. დიახ,  ჩვენი სახელმწიფო, რომლის მიზანიც სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაციაა. ეს ძალიან მძიმე და უაღრესად დიდი საფრთხის შემცველია,“ - განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა.

 

როგორც ექს - პრეზიდენტი ჩვენთან საუბარში აცხადებს, პასუხისმგებლობა ეკისრება თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც  არეულობაში მონაწილეობდა.

 

„პასუხისმგებლობა ეკისრება ადამიანებს, ვინც ამის ორგანიზებას, პროპაგანდასა და მხარდაჭერას ახორციელებდა და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ამაში უმოქმედობდა,“- აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.

 

კითხვაზე, თუ რა არის გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად, ექს-პრეზიდენტი გვპასუხობს, რომ არსებულ სიტუაციაში რამდენიმე ტიპის ქმედება და გამოსავალია.

 

„პირველია - იდეოლოგიური ბრძოლა, რომელიც თითოეული მოქალაქის გასაწევია. როდესაც ვიღაც საუბრობს ქართული ტრადიციებისა და ქრისტიანული ღირებულებების სახელით, ამ ადამიანებს არაფრის დიდებით არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი იდენტობა მიითვისონ; გარყვნან და გაამრუდონ ის, რაც არის ქართველობა და ქრისტიანობა. ეს იდეოლოგიური ბრძოლაა განათლებაზე გადის. რას ნიშნავს ქართველობა და ქრისტიანობა, ეს არ არის დამალული და დაფარული. ეს აღწერილია ჩვენს ლიტერატურასა და ისტორიაში. რა არის ქრისტიანობა? - ამ თემების ირგვლივ მილიონობით ნაშრომია. ამ თვალსაზრისით იდეოლოგიური ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ არასდროს არ მიეცეს ვინმეს იმის შესაძლებლობა, ქართველობა და ქრისტიანობა გამოიყენონ ასე, საკუთარი ნებითა და  ინტერპრეტაციით. ჩვენ ყოველთვის ამ რიტორიკას ისეთი პასუხი უნდა დავუპირისპიროთ, რომელიც, კლასიკოსებსა და ჩვენი სარწმუნოების კლასიკას დაეფუძნება.

 

მეორე, - ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და მდგომარეობს იმაში, რომ ნათლად უნდა მოხდეს ლუსტრაცია პრორუსული იდეოლოგიებისა და პროდასავლური, ცივილური ძალების. აქ ენის მოჩლექვას აღარ აქვს აზრი. ყველა ასეთ ქმედებას თავისი პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს. ამ შეფასების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ის ხალხი, რომელმაც  არჩევანი დასავლეთისკენ, ან ჩრდილოეთისკენ დღეს უნდა გააკეთოს. პოლიტიკურად ეს ყველაფერი ორგანიზებული უნდა იყოს პროდასავლური ფრონტის სახით.

 

კიდევ არის სამართლებრივი ბრძოლა, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს. ყველა ამ ვითარებას უნდა მოჰყვეს სამართლებრივი შეფუთვა. ეს საქმეები, რაც დღეს არსებობს  ჰაერშია გამოკიდული. რეალურად, სახელმწიფო ამის ორგანიზატორიც იყო და რა თქმა უნდა, ამ საქმეებს არ გამოიძიებს. ამას ყველაფერს ბოლომდე უნდა მივდიოთ, რადგან, აქ არის ბევრი მტკიცებულება.

 

ბოლოს არის საერთაშორისო ფრონტი, რომელშიც ვფიქრობ, რომ პროდასავლურ ძალებს კიდევ ერთხელ სჭირდებათ სერიოზული მობილიზება და ჩვენი პარტნიორებისთვის იმის ნათლად ჩვენება, თუ რას ნიშნავს ძალადობაზე თვალის დახუჭვა, მოძალადისთვის დაყვავება და ძალადობაზე ადეკვატური რეაქციის არ ქონა.  ამას იმიტომ ვამბობ, რომ მთელი  6 თვე,  ჩვენი პარტნიორები გვარწმუნებდნენ, - სწორედ სამოქალაქო სიმშვიდე იქნებოდა ის, რომ ჩვენ დავხუჭავდით თვალს 2020 წლის არჩევნებზე და შევიდოდით პარლამენტში - ეს კი, ქვეყანას სტაბილურობას მოუტანდა. აი, ეს არის ის სტაბილურობა, რომელიც მოაქვს ხოლმე მოძალადისთვის  პასუხის არ გაცემას. ვფიქრობ, რომ ნათლად გამოჩნდა, თუ რას ნიშნავს მოძალადისთვის ძალადობით წართმეული არჩევნების პატიება - 5 ივლისს სწორედ ამის დემონსტრირება მოხდა.

 

ეს ის მიმართულებებია, რომლებშიც ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი,“ - განმარტავს ჩვენთან საუბარში გიორგი მარგველაშვილი.

 

 

/ ნინო ოთარაშვილი /

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ