დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

"თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - უცხოური პრესა 20.07.2021 14:21

რუსული გაზეთი „კომერსანტი“ («КоммерсантЪ») საკმაოდ ფართოდ აშუქებს ბათუმში გამართულ კონფერენციას სამი სახელმწიფოს - საქართველო, უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტების, აგრეთვე ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით და აქვეყნებს სტატიას სათაურით „სამი ქვეყნის კავშირი ევროპული არ გამოვიდა: ევროკავშირი მზადაა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დასახმარებლად, მაგრამ წევრად მიღების გარეშე“ (ავტორები - მარინა კოვალენკო, გიორგი დვალი).

 

„თბილისს, კიშინიოვს და კიევს მტკიცედ სურთ ევროკავშირის წევრები გახდნენ“ - ამ განზრახვის კონსტატაცია „ასოცირებული ტრიოს“ - სამი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ახალი კავშირის მონაწილეებმა დააფიქსირეს. შეხვედრას ესწრებოდა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელიც. თავისი კავკასიური ტურნეს დასრულებისას იგი არ ძუნწობდა და სამივე ქვეყანას „უპრეცედენტო ფინანსურ დახმარებას“ პირდებოდა... მაგრამ იმავდროულად იგი ევროკავშირში სამი ქვეყნის ინტეგრირების პერსპექტივაზე აქცენტის გაკეთებას თავს არიდებდა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

კონფერენციაზე მხარეთა გამოსვლიდან გასაგები გახდა, რომ „ტრიოსა“ და ევროკავშირის ამოცანები ერთმანეთთან სრულ თანხმობაში არ არის. ჯგუფში პოზიცია ყველაზე მკაფიოდ ვლადიმერ ზელენსკიმ გამოხატა: „ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირის ტერიტორია უფრო გაფართოვდეს, შეთანხმების 49-ე მუხლის შესაბამისად, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი არჩევანის გამო ჩვენი ტერიტორია სულ უფრო მცირდება“... „ჩვენ ეს სამიტი მხოლოდ სამიტად არ გვჭირდება. ჩვენთან ომია და ხალხი იღუპება“.

 

მიშელის გამოსვლა, რასაკვირველია, ოპტიმიზმით იყო გაჟღენთილი. მართალია, მას სამი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერი უთქვამს და ამის ნაცვლად, მიმდინარე თანამშრომლობაზე ისაუბრა. „ადრინდელ ფულად დახმარებას - 2,5 მილიარდ ევროს - კიდევ ახალ, უპრეცედენტო თანხას დავამატებთ - 2,3 მილიარდი ევროს რაოდენობითო“, - დააიმედა მან „ასოცირებული ტრიოს“ ლიდერები.

 

საქართველოს ხელისუფლება საოცნებო აღარ არის


„ასოცირებული ტრიოს“ თანამშრომლობა ბრიუსელთან არამხოლოდ ბუნდოვანი პერსპექტივით არის დაჩრდილული, არამედ არსებობს სხვადასხვა გამაღიზიანებელი ფაქტორებიც, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მოქმედებაც, რომელიც 5 ივლისს თბილისში მომხდარი ინციდენტით გამოიხატება. ოპოზიცია მიტინგებს აწყობს და ისევ ითხოვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტიდან გადადგეს.

 

დასავლეთიც თავის გაღიზიანებას არ მალავს - აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ირაკლი ღარიბაშვილსა და ვახტანგ გომელაურს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მან პირდაპირ, მოურიდებლად განაცხადა - „5 ივლისის დარბევა საქართველოს იმიჯისთვის დიდ ლაქას წარმოადგენს“, ხოლო ევროპარლამენტის ლიტევლმა დეპუტატმა პიატრას აუშტრავიჩუსმა ხაზი გაუსვა - „მმართველმა პარტიამ უნდა შეიგნოს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა ადამიანების ღირსებასა და პატივისცემას ეფუძნებაო“.

 

ქართულ საზოგადოებაში არსებული განხეთქილება შარლ მიშელმა საკუთარი თვალით ნახა - ბათუმის აეროპორტში მას ოპოზიციური აქტივისტები დახვდნენ დაღუპული ტელეოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას სურათებით, ხოლო ბათუმის სასტუმროსთან - ტრადიციული ფასეულობების მომხრეები პლაკატებით „ერი, ოჯახი, რელიგია - აი, ესაა ჩვენი ფასეულობები. თქვენ კი როგორი გაქვთ, მიშელ?“.

 

თუმცა ყველაზე უფრო მეტი უკმაყოფილება შარლ მიშელმა იმის მიმართ გამოხატა, რომ ოფიციალური თბილისი შიდაპოლიტიკური კრიზისის მოგვარებისათვის გაფორმებული შეთანხმების პირობებს დროულად არ ასრულებს, მაგალითად, სასამართლო რეფორმების განხორციელების საკითხში. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით დანიშნა უზენაესი სასამართლოს წევრები, რაც არ უნდა გაეკეთებინა.

 

თუმცა, შარლ მიშელის გამოსვლამ ისიც ცხადჰყო, რომ საქართველოს ხელისუფლების ძირითადი შიშები, როგორც ჩანს, არ გამართლდება: შეთანხმების პირობების არშესრულების გამო ევროკავშირი თბილისის წინააღმდეგ რაიმე სანქციების დაწესებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც“, - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ