ირლანდიური გაზეთში „აირიშ თაიმს“-ში («The Irish Times») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ქართული ოპოზიცია ევროკავშირს დახმარების მიღების მიზნით მიმართავს, ულტრამემარჯვენე ძალებისაგან დემოკრატიის დასაცავად“ (ავტორი - დანიელ მაკლაფლინი), რომელიც საქართველოში შარლ მიშელის ვიზიტს ეხება.
საქართველო დაბეჯითებით აცხადებს, რომ მისი პროდასავლური ორიენტაცია ეჭვს არ უნდა იწვევდეს - იმის მიუხედავადაც კი, რომ რიგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია-ჯგუფებმა ევროკავშირს დასახმარებლად მიმართეს ქვეყანაში დემოკრატიის დაცვის მიზნით, იმ მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის პირობებში, რაც „ლგტბქ“- აქტივისტებსა და მასმედიის წარმომადგენლებზე ულტრამემარჯვენეთა თავდასხმამ გამოიწვია.
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ორშაბათს საქართველოს ეწვია - როგორც ამ ქვეყნის ლიდერებთან, ასევე უკრაინისა და მოლდოვას პრეზიდენტებთან შესახვედრად. ყველა ამ სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელიც მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც გულისხმობს, ანუ იმ სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებშიც რუსეთის ჯარებია განლაგებული.
შარლ მიშელი ქართველებს - მთავრობას და ოპოზიციას - დაეხმარა, რომ დაწყებული გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი მოგვარებულიყო. ეს იყო აპრილში, მაგრამ კრიზისმა ისევ იფეთქა მიმდინარე თვეშიც, როცა ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების ბრბო თბილისის ქუჩებში „პრაიდის“ ორგანიზატორებსა და ჟურნალისტებს თავს დაესხა. ათობით ადამიანი დაშავდა, მოგვიანებით კი, ერთი დაშავებული ტელეოპერატორი გარდაიცვალა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძალადობა დაგმო, მაგრამ მან ასევე გააკრიტიკა „ლგბტქ“-აქტივისტებიც „ღირსების მარშის“ დაგეგმვისათვის, რომლის წინააღმდეგ, მისი თქმით, „საქართველოს მოსახლეობის 95% გამოდის“ და რომელიც რადიკალური ოპოზიციის მიზანს წარმოადგენდა, ქვეყანაში ქაოსის დასათესად.
დასავლელმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა საქართველოს მმართველი პარტია გააკრიტიკეს იმის გამო, რომ „ქართული ოცნება“ ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებისა და ულტრაკონსერვატიული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხარეზე დადგა. თავის მხრივ, ევროკავშირის სახელმწიფოებმაც, ირლანდიის ჩათვლით, განაცხადეს, რომ ქვეყნის მთავრობამ ვერ შეძლო დაეცვა მშვიდობიანი ღონისძიების მონაწილენი და ჟურნალისტები, ვერ შეძლო სიძულვილისა და ძალადობის შემცველი გამოსვლების აღკვეთა.
„ამ თვეში დაშვებულმა ჰომოფობიურმა ძალადობამ საფუძველი შეურყია ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებებს და ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებები. საქართველოს მთავრობამ ვერ დაიცვა საკუთარი მოქალაქეები და წაახალისა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ძალადობა, რომლებიც სარგებლობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების მხარდაჭერითაც“, - ნათქვამია 50 ქართული სამოქალაქო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენელთა მიერ ორშაბათს გამოქვეყნებულ ღია წერილში შარლ მიშელის მისამართით.
„მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ რამდენიმე დამნაშავე დააკავა, დარბევის ორგანიზატორები ჯერ კიდევ თავისუფალნი რჩებიან... დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ერთი საერთო პოზიცია უნდა გამოავლინონ ქვეყანაში დემოკრატიისა და ადამიანის ძირითადი უფლებების მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია წერილში, რომელშიც „ქართული ოცნება“ ასევე დადანაშაულებულია იმაში, რომ მან არ შეასრულა აპრილის შეთანხმებაში ნაკისრი ვალდებულება სასამართლო რეფორმის თაობაზე.
ირაკლი ღარიბაშვილთან და ოპოზიციის ლიდერებთან გამართული მოლაპარაკების დროს შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში ადამიანის უფლებებისა და ფასეულობების „ცენტრალურ როლს და მათ მნიშვნელობას“.
მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი მაინც თავის პოზიციას იცავდა და ამბობდა, რომ საქართველო „კეთილსინდისიერად ასრულებს შეთანხმებას დასავლეთთან ინტეგრაციის თაობაზე. მისი მტკიცებით, საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა ისე „აქტიური არასდროს არ ყოფილა, როგორიც დღეს არის“.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც, თავის მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ქვეყნის ისტორიისაგან და ფასეულობებისაგან განუყოფელია. „საქართველოსთვის ევროპული გზის არჩევანის ალტერნატივა არ არსებობს“.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge