ნორვეგიაში ულტრამემარჯვენე ანდერს ბრეივიკის მიერ 2011 წელს მოწყობილი ტერაქტების დროს დაღუპულებს დღეს გაიხსენებენ. ოსლოში მოწყობილი აფეთქებისა და კუნძულ უტოიაზე თავდასხმის შედეგად, 77 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყო საქართველოს მოქალაქე თამთა 23 წლის თამთა ლიპარტელიანი.
ტერაქტებიდან 10 წლისთავზე ნორვეგიაში სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებები გაიმართება. ოსლოს იმ კვარტალში, სადაც ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო, ნორვეგიის მთავრობის წევრები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. სიტყვით გამოვა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი.
ოსლოს საკათედრო ტაძარში აღავლენენ პარაკლისს. ტაძარში სიტყვით გამოვა ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც 2011 წელს ბრეივიკის თავდასხმის დროს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო.
2011 წლის 22 ივლისს ანდერს ბრეივიკმა აფეთქება მოაწყო ოსლოს ცენტრში, რასაც რვა ადამიანი ემსხვერპლა. ამავე დღეს ის თავს დაესხა კუნძულ უტოიაზე ჩასულ მოზარდებს, რა დროსაც ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა.
ამჟამად ბრეივიკი ნორვეგიის ციხეშია. მას 21 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, თუმცა კანონით ამ ვადის განუსაზღვრელი დროით გახანგრძლივება შესაძლებელია, თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ბრეივიკი საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge