კვლევები აჩვენებს, რომ კორონავირუსის დელტა ვარიანტი ნამდვილად მაღალი გადამდებობით გამოირჩევა და პოტენციურად, უფრო ფატალურია, - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, ქეთი შავლიაშვილმა "ჯორჯიან თაიმსს" განუცხადა.
"2021 წლის პირველ 6 თვეში, უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მთელი 2020 წლის განმავლობაში. ირკვევა, რომ შემთხვევების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის ზრდა, ძირითადად დელტა ვარიანტთანაა დაკავშირებული.
აშშ-ში თუ ორი კვირის წინ დელტა ვარიანტი კოვიდ-19-ის შემთხვევების დაახლოებით 51% -თან იყო დაკავშირებული, ბოლო დღეების მონაცემებით, იგი პასუხისმგებელია შემთხვევების უკვე 83% -ზე.
სარს-კოვ-2 ვირუსის საწყისი, ორიგინალური ვარიანტით ინფიცირებული თითოეული ადამიანი, სავარაუდოდ, აინფიცირებს 2.5-დან 3 სხვა ადამიანს. დელტა ვარიანტით ინფიცირებული ადამიანი კი, აინფიცირებს რვა, ან ცხრა ადამიანს, რომლებსაც, თავის მხრივ, შეუძლიათ დააინფიცირონ კიდევ რვა, ან ცხრა ადამიანი და ა.შ., რაც იწვევს ვირუსული ინფექციის უსწრაფეს გავრცელებას.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გასულ კვირას კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობა 32 278 იყო დღეში, რაც 66% -ით მეტია წინა კვირის საშუალო დღიურ მაჩვენებელთან შედარებით და 145% -ით მეტი ორი კვირის წინანდელ მაჩვენებელზე.
ორი დღის წინანდელი მონაცემებით, კოვიდ-19– ით ჰოსპიტალიზირებული იყო 24 923 ადამიანი, რაც 26% -ით მეტია წინა კვირასთან და 50% -ით მეტი ორი კვირის წინანდელ მონაცემებთან შედარებით", - აცხადებს ის.
ექიმის თქმით, აუცრელ პირებს დელტა ვარიანტით ინფიცირების ძალიან მაღალი რისკი გააჩნიათ.
"დელტა ვარიანტით გამოწვეული ახალი შემთხვევები, ძირითადად, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მქონე რეგიონებზე მოდის.
კოვიდ-19-ის დიაგნოზით ჰოსპიტალში მოხვედრილი და დაავადების მძიმე ფორმის მქონე პირების 97% აუცრელია.
იმის გამო, რომ ვაქცინაცია პრიორიტეტული იყო 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ამ ჯგუფში ინფექციის რისკი და მძიმე შედეგები ნაკლებია.
ამჟამად ახალგაზრდები მიიჩნევიან უფრო მაღალი რისკის ჯგუფად. შემთხვევების რაოდენობის ყველაზე დიდი მატება 29-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებში ფიქსირდება, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული",- დასძენს ის.
ქეთი შავლიაშვილის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ პირიქით იყო მოსალოდნელი, დელტა ვარიანტმა არ გამოიწვია12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში შემთხვევების ძალიან მკვეთრი ზრდა, თუმცა მომატებულია შემთხვევების რაოდენობა ბავშვებში ზოგადად.
"ინფექციის გადატანის შემდეგ არსებული ბუნებრივი იმუნიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დაავადებისგან არ იცავს ისე, როგორც ვაქცინაცია.
გადატანილი ინფექციის და ბუნებრივი იმუნიტეტის მიუხედავად, ვაქცინაცია დელტა ვარიანტისგან საუკეთესო დაცვას განაპირობებს, ამიტომ მნიშვნელოვანია აიცრას ყველა, ვინც აქამდე არ აცრილა.
იმისი ალბათობა, რომ ვაქცინირებული პირები დაინფიცირდნენ, საკმაოდ დაბალია.
ყველა ავტორიზებული ვაქცინა ამცირებს დაავადების სირთულეს და სიკვდილიანობას ყველა შტამის შემთხვევაში.
გარკვეულწილად აქამდეც ვიცოდით და ოთხშაბათს გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამაც აჩვენა, რომ ფაიზერის და ასტრაზეკას ვაქცინებით სრულად ვაქცინაცია დაახლოებით ისეთივე ეფექტურია კორონავირუსის დელტა ვარიანტის მიმართ, როგორც მანამდე დომინანტური, ალფა ვარიანტის წინააღმდეგ.
კვლევამ აჩვენა, რომ დელტა ვარიანტის მიმართ ფაიზერის ორი დოზის ეფექტურობაა 88% (ალფა ვარიანტის მიმართ ეფექტურობა 94%) და ასტრაზენეკას ორი დოზის ეფექტურობა კი 67% -ია (ალფა ვარიანტის მიმართ ეფექტურობა 74,5%).
წლების განმავლობაში ვაქცინაციას მილიონობით ადამიანი ყავს გადარჩენილი. ადამიანების ძალიან მცირე რაოდენობა ავადდება ვაქცინაციის შემდეგ ან ვაქცინის იშვიათი გვერდითი ეფექტებისგან, მაშინ, როდესაც მილიონობით აუცრელი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ვირუსით.
ყველა ინფორმაცია კოვიდპანდემიის თუ ვაქცინაციის შესახებ, რომელიც არ ემყარება სანდო მეცნიერულ მტკიცებულებებს, არის დეზინფორმაცია.
რაც უფრო დაბალია ვაქცინაციიის ტემპი, მით უფრო მაღალია ახალი ვარიანტების გაჩენის ალბათობა. დაავადების გავრცელების და შესაბამისად, ახალი მუტაციების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ყველაზე ძლიერი იარაღი ვაქცინაციაა", - განმარტავს ის.
მისივე თქმით, ის, თუ რა მდგომარეობა იქნება შემოდგომაზე, სრულადაა დამოკიდებული ვაქცინაციის ტემპსა და მაჩვენებლებზე.
"მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარება, იმის მიუხედავად, ვართ თუ არა სრულად აცრილი.
CDC ურჩევს ამერიკელებს, 2 წლის და მასზე უფროსი ასაკის ბავშვებიც დახურულ სივრცეებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადით ატარონ.
დასაკარგი დრო ნამდვილად აღარ გვაქვს, აიცერით საკუთარი თავის, თქვენი ოჯახის წევრების და გარშემომყოფების გადასარჩენად!", - აცხადებს ქეთი შავლიაშვილი.
/თამუნა დუღაშვილი/
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge