დღე: 24

ღამე: 14

USD 2.7227

EUR 3.191

"ფერადმა რევოლუციებმა" ყველგან დაარღვია სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა"- უცხოური პრესა 22.07.2021 13:21

რუსული გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“ («Комсомольская правда») აქვეყნებს რუსეთში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის პრეს-კონფერენციის მოკლე მიმოხილვას სათაურით „რუსეთში ჩინეთის ელჩმა საქართველოში და უკრაინაში მომხდარი „ფერადი რევოლუციები“ გააკრიტიკა“ (ავტორი - ედვარდ ჩესნოკოვი).

 

„მიმდინარე წლის ივლისის თვე ჩინეთის კომუნისტური პარტიისათვის საიუბილეო თვეს წარმოადგენს - სწორედ კომპარტიის მმართველობის წყალობით მოიპოვა „ცისქვეშეთმა“ (ასე ეძახიან ჩინელები თავიანთ ქვეყანას) თანამედროვე მდგომარეობა და სახე. მართალია, დღევანდელი პეკინელი კომუნისტებისათვის „მარქსიზმ-ლენინიზმის“ იდეოლოგია ერთ ადგილზე „გაყინული“ არ არის და დროს ფეხდაფეხ მიჰყვება. არავინ აღარ მოითხოვს „ჩინელი ხალხის შეგდებას მსოფლიო რევოლუციის საცეცხლურში“ (როგორც ამას 1917 წელს პეტროგრადელი ბოლშევიკები ითხოვდნენ), პირიქით, ჩვენი შორეული აღმოსავლური სახელმწიფოს მმართველი პარტიისათვის „ნაციონალიზმი“ კარგ ტონად ითვლება.

 

როგორც რუსეთში ჩინეთის ელჩმა ჩჟან ხანხუეიმ 21 ივლისს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, „ჩინეთის კომპარტია ის ორგანიზაციაა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ კოლორიტს ინარჩუნებს. ჩვენი მიზანია ჩინელი ერის ბრწყინვალების აღდგენა... თავისი ასწლედის განმავლობაში ჩინეთის კომპარტიამ ბრწყინვალე წარმატებებს მიაღწია. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე განხორციელდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, რომლის შედეგად მსოფლიოს ერთ-ერთი ჩამორჩენილი სახელმწიფო მსოფლიოს თითქმის ყველაზე მოწინავე სახელმწიფოდ გადაიქცა.

 

ჩჟან ხანხუეიმ ასევე გაახსენა ჟურნალისტებს ის „შეუფასებელი დახმარება“, რომელიც საბჭოთა კავშირმა ჩინეთს გაუწია 1930-40-იან წლებში და კომუნისტური სახელმწიფოს შექმნის პირველი წლებიდანვე [იგულისხმება იოსებ სტალინის მხარდაჭერა] - საბჭოთა სამხედრო მფრინავების მონაწილეობა იაპონელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლებში, ახალი ქარხნების მშენებლობაში... შემდეგ ჩინელი დიპლომატი თანამდროვე სიტუაციის შეფასებაზე გადავიდა:

 

- უნდა ვებრძოლოთ ე.წ. „ფერად რევოლუციებს“. ჩინეთში 1989 წელს მომხდარმა მოვლენებმა (იგულისხმება პეკინში, ტიანანმენის მოედანზე სტუდენტთა ანტიკომუნისტური გამოსვლები) საბჭოთა კავშირამდე, მოსკოვამდეც მიაღწია. უცხოურ ძალებს სურდათ, რომ ჩინეთის კომპარტიისა და ხალხის ურთიერთკავშირი დაერღვიათ, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. სამწუხაროდ, საბჭოთა კომუნისტებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს და ქაოსი დაიწყო... შემდეგ ჩვენ ვხედავთ „ფერადი რევოლუციების“ ცეცხლში გახვეულ უკრაინას, საქართველოს, არაბულ სახელმწიფოებს. ასეთმა რევოლუციებმა ყველგან დაარღვია სტაბილურობა და განვითარების პერსპექტივა. დასავლეთი ამაზე არ ლაპარაკობს - ისმის მხოლოდ მშვენიერი და სასიამოვნოდ მოსასმენი ლოზუნგები დემოკრატიაზე და ადამიანის უფლებების დაცვაზე“ და ამას საშინაო საქმეებში ჩარევისათვის იყენებენ. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები უნდა გვახსოვდეს და საკუთარი განვითარების გზა დავიცვათ.

 

თავისი გამოსვლის დასასრულს ჩჟან ხანხუეიმ რუსეთისაკენ ხიდი გადო:

 

- რუს ხალხსაც აქვს თავისი ოცნება - რუსი ერის აღორძინება, კეთილდღეობა, ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ოცნებები და მიზნები ერთმანეთს ემთხვევა. ერთად განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების და ხალხების ინტერესები.

 

როგორც პრეს-კონფერენციაზე ითქვა, 2021 წლის ბოლოსათვის ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა, რომელიც 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო შემცირებული იყო, კვლავ 100 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ