„ნატო მზადაა საქართველო თავის რიგებში მიიღოს, მაგრამ ეს არც ისე მალე მოხდება, როგორც ეს თბილისს სურს. საქართველო და ნატო შესაძლოა მეგობრები არიან, მაგრამ მოკავშირეები ჯერ არ გამხდარან. არადა, საქართველოსთვის ალიანსის წევრობა დიდი ხანია პრიორიტეტული ამოცანა გახდა და ამისათვის ქართული სამხედრო მოსამსახურეები, ნატოს ძალებთან ერთად, ავღანეთშიც კი იბრძოდნენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანული გაზეთის „ენი ზამან“-ის რუსულენოვან ვერსიაში - „ნოვოე ვრემია“-ში («Новое время») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ნატო-საქართველო: მეგობრები და არა მოკავშირეები“ (ავტორი - ზაურ რასულზადე).
„დიახ, იბრძოდნენ, მაგრამ იმედგაცრუება თანდათან გამოიკვეთა - ქართველები მიხვდნენ, რომ ნატოს არ აქვს საქართველოს პრობლემების გადაწყვეტის არც უნარი და არც შესაძლებლობა. თბილისში სულ უფრო პოპულარული ხდებიან ის ძალები, რომლებიც „უფრო დაბალანსებული“ საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერებად გამოდიან. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართული პოლიტიკური ელიტისათვის ქვეყნის ნატოში მიღება რაღაც იდეაფიქსად იქცა - ამიტომაც თბილისი ვაშინგტონის ყოველ მითითებას მტკიცედ პასუხობს: „დიახ“. საქართველო ბოლო წლებში მრავალ სამხედრო წვრთნებში იღებს მონაწილეობას, სადაც აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებიც არიან ჩართულნი. აი, ახლაც, 26 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ქვეყნის ტერიტორიაზე საერთაშორისო Agile Spirit 2021 უნდა გაიმართოს...
რასაკვირველია, ყველა ხედავს, რომ საქართველოს გზა ნატოსკენ საკმაოდ გრძელი აღმოჩნდა, ამიტომ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი საკრალური ფორმულა მოიფიქრა, რომელიც მოწოდებულია განამტკიცოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა პროდასავლურ ქართულ საზოგადოებაში. ლოზუნგი მაინცდამაინც ყურში სასიამოვნოდ არ ისმის, მაგრამ მას ქართული „აგიტპროპი“ სრული სახით იყენებს - „მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში“. აქცენტი გაკეთებულია ერთგვარ გეოპოლიტიკურ დიფუზიაზე, ანუ ურთიერთშეღწევაზე. ამგვარი პროპაგანდისტული აბდაუბდა ისევე ჟღერს, როგორც მაგალითად, საბჭოთა პერიოდში ჟღერდა ცნობილი ლოზუნგი - „ჩვენ მზე არ გვჭირდება, ჩვენ მზის ნაცვლად პარტია გვინათებს“. ამ ორივე პროპგანდისტული სლოგანის ავტორთა აზროვნება თითქმის ერთმანეთის დონეზეა, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ „მეოცნებეები“ ამ საკითხში უფრო წინ წავიდნენ, ვიდრე პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილის პარტიის მომხრეები.
საერთოდ, ქართული პუბლიკა ნატოსაგან მეტ კონკრეტულ დაპირებას და ნაბიჯის გადადგმას ელოდებოდა, რითაც ქვეყნის მრავალწლიანი სწრაფვა იქნებოდა დაფასებული. ამას წინათ სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები კითხვას სვამდნენ - როგორ მოახერხა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა თავის დროზე ბალტიისპირა რესპუბლიკების ნატოში მიღება, რომელთა არმიები საერთოდ არ ეწერებოდნენ ნატოს სტანდარტებში...
ნატოს მაღალჩინოსნების ბაგეთაგან გაჟღერებული განცხადებები საქართველოსთვის უკვე იმ სტაფილოს ჰგავს, რომელიც წლების განმავლობაში დაჭკნა და გამოშრა. ამერიკა და მისი ნატოელი მოკავშირეები ყველანაირად სარგებლობენ საქართველოს მდებარეობით და მას სამხრეთ კავკასიაში თავიანთი გავლენის გაძლიერებისათვის იყენებენ. ამასთან, ვაშინგტონი და ბრიუსელი მკაფიოდ აცნობიერებენ იმ ზღურბლს, ცნობილ ე.წ. „წითელ ხაზს“, რომლის იქით თუ გადააბიჯებენ, რუსეთთან მათ მკვეთრი კონფრონტაციის პერსპექტივა ელოდებათ. ამიტომაც დასავლეთი, სამხედრო რიტორიკის მიუხედავად, მაინც ცდილობს „ხაზი“ არ დაარღვიოს. დღეისათვის რეგიონის გეოპოლიტიკაში ამგვარი „წითელი ხაზი“ საქართველოს ნატოში მიღება წარმოადგენს. ამერიკელები და მისი ევროპელი მოკავშირეები, ცდილობენ რა საქართველოს ალიანსში მიღების გაჭიანურებას, იმავდროულად ქვეყნის მოსახლეობისათვის ახალ-ახალ დაპირებებს იგონებენ, რომ მათ ოპტიმიზმი შეუნარჩუნონ. ქართველებს ძალიან სურთ პირველ ეტაპზე „მაპ“-ი იქნებ მაინც მიიღონ. ნატოელი ჩინოვნიკები ამაზეც ბუნდოვნად პასუხობენ, თუმცა ზოგჯერ რიტორიკა ზოგჯერ სიმართლის მარცვალს შეიცავს. ამას წინათ ნატოს წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ქართველებს პირდაპირ უთხრა: „არ გინდათ „მაპ“-ის გაფეტიშება და მისი გადაქცევა პოლიტიკური დისკუსიის თემად. წარმოიდგინეთ, როგორ სიტუაციაში ჩავარდებით, რომ იღებთ „მაპ“-ს, მაგრამ ნატომ არ იცის, როდის გახდებით სრულუფლებიანი წევრი“.
ყველასათვის ცნობილია, რომ დღეისათვის საქართველო თავის მოწინააღმდეგედ რუსეთს მიიჩნევს. ასევე ყველამ იცის, რომ ნატოს წევრები საქართველოს ნაცვლად ხელსაც არ გაანძრევენ. ეს ფუნქცია თვითონ ქართველების შესასრულებელია“, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge