დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

არ იყო იოლი ხისგან გაკეთებული თოჯინის გაცოცხლება - როგორ იხსენებენ მეგობრები რეზო გაბრიაძეს 26.07.2021 17:31

,,დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვისგან გვდიოდეს'' - ამ ცნობილი ფრაზის ავტორი, უდიდესი ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 1936 წელს, ქუთაისში დაიბადა. ის იყო 35-ზე მეტი ფილმის ავტორი, რომელთა შორისაა „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ.

 

1981 წელს, რეზო გაბრიაძემ თბილისში  მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელმაც, მაყურებელთა გულები პირველივე სპექტაკლიდან დაიპყრო.

 

ამა წლის 6 ივნისს,  ავადმყოფობის შედეგად, უდიდესი ქართველი ლეგენდა გარდაიცვალა.

 

„ჯორჯიან თაიმსი“ იმ ადამიანებს დაუკავშირდა, ვისთანაც, რეზო გაბრიაძეს უშუალო და ხანგრძლივი შეხება ჰქონდა.

 

„გაბრიაძის თეატრის“ დირექტორი, ნათელა წიკლაური:

 

-     როგორ გაიხსენებდით ბატონ რეზო გაბრიაძეს?

 

-   ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი... ჯერ კიდევ არ მაქვს შეგრძნება, რომ ის ჩვენს გვერდით აღარ არის. ისევ აწმყო დროში მოვიხსენიებ... დასარეკად რომ ვიღებ ტელეფონს, მერე ვხვდები, რომ ვეღარ შევძლებ მასთან საუბარს,  ვინაიდან, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მის გვერდით გავატარე (აგერ უკვე 40 წელი შეუსრულდებოდა სექტემბერში) ჩემი ყოველი დღე მასთან იყო დაკავშირებული...

 

-    ხომ ვერ გაიხსენებდით, როდის  გაიცანით ბატონი რეზო?

 

-   ბატონ რეზოს ბავშვობიდან ვიცნობდი, მაგრამ, როდესაც თეატრი გახსნა, მე მეათე კლასში გადავდიოდი.  სექტემბერში დამირეკა და თეატრში მისვლა მთხოვა. სწორედ ამ ზარის შემდეგ, 1981 წლის სექტემბრიდან დაიწყო ის დიდი სკოლა, რომელიც, მე მის გვერდით გავიარე. 

 

-     როგორი ადამიანი იყო ბატონი რეზო?

 

-    მოკლედ გეტყვით, - ბატონი რეზო გენიოსი იყო  და ამით ყველაფერი ნათქვამია. ალბათ ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ დღემდე, ბევრი ადამიანი მისი ფრაზებით საუბრობს.

 

-    ყველაზე მეტად რა საქციელი არ მოსწონდა ადამიანში?

 

 -   აი, ახლა, უცებ რაც მომივიდა თავში, ეს იყო დაგვიანება...

 

-   გარდა საკუთარი პროფესიისა, ჰქონდა თუ  არა ბატონ რეზოს სხვა ჰობი?

 

-  არ მგონია, რომ ჰქონოდა. იმდენად მრავალფეროვანი შემოქმედი იყო, რომ თავისუფალი დრო აღარ რჩებოდა. პირიქით, დღე ღამე არ ჰყოფნიდა თეატრში სამუშაოდ. სულ უკვირდა, - შვებულებაში რას აკეთებთო, რადგან, თვითონ საერთოდ არ ისვენებდა.            

 

 

 

ნანა ფაჩუაშვილი, მსახიობი

 

-  როგორ გახსენდებათ ბატონი რეზო?

 

-  ის უდიდესი შემოქმედი, ხელოვანი და მე ვიტყოდი, ერის ადამიანი იყო. მან ისეთი კვალი დატოვა,  რომელიც, ძალიან დიდხანს იქნება მისი ეს ხელწერით. მას ჰქონდა ნიჭი, რომელიც ერთეულების ხვედრია...

 

იცით, ასეთ შემოქმედთან მარტივი არაა მუშაობა, ეს “ამოცანა“ იოლად  შესასრულებელი არაა...

 

-   როგორი იყო ბატონი რეზო მსახიობებთან მიმართებაში, როგორც რეჟისორი?

 

-  ბატონი რეზოს ურთიერთობა მსახიობებთან მიმართებაში ძალიან თბილი და მეგობრული იყო, თუმცა, ამავე დროს ძალიან საპასუხისმგებლო. თუმცა, საბოლოოდ, ყოველთვის ორივე მხარე (მსახიობიცა და რეჟისორიც) ღებულობდა ერთმანეთთან შერწყმულ შედეგს.

 

მერწმუნეთ, არ იყო იოლი ხისგან გაკეთებული თოჯინის გაცოცხლება...

 

-   შეგიძლიათ  გაიხსენოთ ბოლო მოგონება  ბატონ რეზოსთან?

 

-  სიმართლე გითხრათ, პანდემიის პერიოდში,  ის ძალიან ჩაკეტილი იყო. ამას დაერთო ისიც, რომ ავადმყოფობამ სძლია. ცუდად რომ გრძნობდა თავს, სულ შეხვედრის გადადება უნდოდა ხოლმე. როცა ვთავაზობდით, იქვე, მისსავე კაფეში ხომ არ დავსხდეთო, - თავს გვარიდებდა და გვპასუხობდა, - ახლა  არა, სულ ცოტა ხანშიო... ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა.  

 

აგარაკზე ყოფნისას, ბატონ რეზოს პატარ-პატრა ავადმყოფობებმა​ შემოუტია და რეზო ამ დროს ცდილობდა, მეგობრებთანაც კი, მარტო სატელეფონო კავშირზე ყოფილიყო. აგარაკზე, მხოლოდ მისი საუკეთესო მეგობარი, ასვე, გენიალუირი შემოქმედი - ელდარ შენგელაია აკითხავდა ხოლმე, რომელმაც, ძალიან მძიმედ განიცადა ამდენი ხნის მეგობრის გარდაცვალება...

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ