დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

"მთავრობა ციფრებით ჯუნგლიორობს - ადამიანებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რა ხდება მათ მაცივრებსა და ჯიბეებში" 02.08.2021 13:19

„ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.


 
მისი თქმით, საქართველოს ბოლო 6 თვეში ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა ჰქონდა.


 
პარასკევს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელმაც 18,7% შეადგინა და ეს ადასტურებს, თუ რაოდენ მაღალი ტემპით მიმდინარეობს ეკონომიკური ზრდა ქვეყანაში და ეკონომიკის აღდგენა.

 

მე ჩვენს მოსახლეობას შევახსენებ, რომ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მიმდინარეობს. აპრილში ჩვენ 45%-იანი ზრდა გვქონდა, მაისში 25%-იანი და ახლა უკვე ივნისში 18,7% დაფიქსირდა, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო ამბავი ჩვენთვის.

 

შესაბამისად, 6 თვის მაჩვენებელმა შეადგინა 12,8%. 6 თვეში ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ზრდა ეკონომიკის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

პრემიერის განცხადებას „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში ეკონომიკის ექსპერტი - გიორგი კეპულაძე გამოეხმაურა. მისი განმარტებით, ზოგადად, კრიზისებს  რაღაც პერიოდის შემდეგ, ეკონომიკური აღმავლობა და ბუმი ახასიათებს.


„ჩვენს შემთხვევაში, როდესაც ვედრებით 2020 წელს, ცხადია, შარშანდელ ეკონომიკურ ვარდნასთან შედარებით, წელს გვექნება ზრდა, თუმცა, ეს რეალურად, სამწუხაროდ არაფერს გვაძლევს, ვინაიდან, ჩვეულებრივი მოქალაქეები ამას ვერ გრძნობენ. ფაქტია ის, რომ ჩვენ, ახლანდელი ეკონომიკის ზრდის დონეს შარშანდელ მძიმე წელს ვადარებთ“, - განაცხადა მან.

 

კეპულაძის განმარტებით, ადამიანების შემოსავლებზე, ასევე, კატასტროფულად მოქმედებს ინფლაცია. ამისთვის კი, საჭიროა ეკონომიკური ზრდა იყოს სტაბილური, მყარი და არა - წინა რთულ წელთან შედარებითი.

 

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ 2021 წლის ეკონომიკური ზრდა შევადაროთ 2019 წელს და ამ რიცხვებით ვიმსჯელოთ.

 

"სამწუხაროდ, იმ ეკონომიკურ გარემოებას, რაც ახლა ქვეყანაშია, მთლიანად ჭამს ინფლაცია, რაც 10 %-ს შეადგენს და გამოდის ისე, რომ მოქალაქეებს უფრო მეტის დახარჯვა უწევთ თავის გადასარჩენად, ვიდრე - შარშან და შარშანწინ უწევდათ“, - აღნიშნავს ის. 


„თუმცა, გასაგებია მთავრობის წარმომადგენლებისაგან, წინასაარჩევნოდ რიცხვებით მანიპოულირება/ჯუნგლიორობა. ისინი ცდილობენ, რომ პოზიტიური სურათი დახატონ, თუ როგორ ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, მაგრამ, ყველაფერს, საბოლოოდ, წყვეტს ხალხი, რომელიც, გაცილებით უკეთ აცნობიერებს, თუ რა ხდება მათ მაცივრებსა და ჯიბეებში.


თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ეზრდება, მხოლოდ რიცხვებში ასახული ეკონომიკა, - არაფრისმომცემი და ფუჭია“, - ამბობს გიორგი კეპულაძე.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ