სოციალური ქსელები თუ სატელევიზიო სივრცე სავსეა იმ ადამიანებისადმი დამამცირებელი თუ დამგმობი მოწოდებებით, რომლებიც ვაქცინის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა ეს დამოკიდებულება პრობლემას უფრო აღრმავებს და მეტი ზიანი მოაქვს.
ეჭვგარეშეა, რომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები სიცოცხლის გადარჩენისთვის უმნიშვნელოვანესია. მაგალითისთვის, თუ გადავხედავთ დიდი ბრიტანეთის სტატისტიკას, ნათელია, რომ ვაქცინები ეფექტური აღმოჩნდა დელტა ვარიანტის შემთხვევაშიც და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები ვაქცინირებულებში 92-96%-ით შეამცირა. გგვერდითი მოვლენები კი უმნიშვნელოა თავად დაავადების რისკთან შედარებით.
ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი თავს იკავებს ვაქცინაციისგან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო კვლევების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 10-20-%, იაპონიის 50%, ხოლო საფრანგეთის 60% ყოყმანობს, გაიკეთოს თუ არა აცრა.
ფსიქოლოგების აზრით, არ შეიძლება ამ ადამიანების იგნორირება და მათი ხელაღებით ეგოისტებად მონათვლა, თუ კი გვინდა რომ დედამიწის მოსახლეობის მყარ იმუნიტეტს მივაღწიოთ. საჭიროა გავერკვეთ მიზეზებში თუ რა უშლით ამ ადამიანებს ხელს აცრაში და შესაბამისად მივუდგეთ თითოეულ მათგანს.
აღმოჩნდა, რომ ადამიანების უმეტესობა, ვინც ვაქცინის გაკეთებისგან თავს იკავებს, არანაირი ანტიმეცნიერული თეორიების მომხრე არ არის. მათ, უბრალოდ ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ როგორ მოიქცნენ და ადვილად შეიძლება აზრი შეიცვალონ. საჭიროა მათთან მეტი მუშაობა და ინფორმაციის მიწოდება. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა უფრო მარტივი, ადვილად გასაგები ენით უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და აუხსნან ვაქცინის უსაფრთხოება.
საინტერესოა, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოლო კვლევების თანახმად, მოსახლეობის 10%-ის მთავარი ბარიერი ნემსის გაკეთების შიშია. მთავარი, კი რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ადამიანების მიდრეკილებაა ნეგატიური და ოპტიმისტური გაზვიადებებისადმი. ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც მიდრეკილნი არიან ნეგატიური ინფორმაციის გაზვიადებისკენ, ვაქცინის გვერდით ეფექტებს ანუ ნეგატიურს უფრო მაღლა აყენებენ ვიდრე დადებითს, ანუ სარგებელს, ხოლო გაზვიადებული ოპტიმიზმისკენ მიდრეკილი ადამიანები საკუთარ თავზე გადაჭარბებული რწმენის გამო, ფიქრობენ, რომ მათ დაავადება ვერაფერს დააკლებს და შესაბამისად, არც აცრას საჭიროებენ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge