დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

იაკობ ზუბალაშვილი- ქართველებისგან გულნატკენი დიდი მეცენატი 03.08.2021 19:28

ბოლო დღეებია, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.  ვნებათაღელვას იწვევს შენობის რეკონსტრუქციის გეგმა და მუზეუმში დაცული ექსპონატების ევაკუაციის საკითხი.

 

 

ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ეს შენობა, რომელშიც მუზეუმია, 1835 წელს მდიდარმა ვაჭარმა იაკობ ზუბალაშვილმა ააგებინა შვეიცარიელ არქიტექტორს ბერნარდოცის რუსეთში იმ დროს მოდურ კლასიცისტურ სტილში. სამწუხაროდ, ამ დიდი მეცენატის როლი , რაც მას ქართული კულტურის და ხელოვნების განვითარებაში მიუძღვის, სათანადოდ არ არის დაფასებული. ალბათ, ზუსტად ის დროა, გავიხსენოთ ეს გამორჩეული საზოგადო მოღვაწე და პიროვნება.

 

იაკობ ზუბალაშვილი დაიბადა 1876 წელს, თბილისში. სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, საფუძვლიანად დაეუფლა ევროპულ ენებს, ზედმიწევნით შეისწავლა ქართული ენა და ქართული მწიგნობრობა. ამიტომაც ქართული მწერლობა და კულტურა ახალგაზრდობიდანვე უმთავრეს საზრუნავ საგნად გაიხადა. თანამედროვეთა გადმოცემით იაკობი სკოლის პერიოდშივე შეჩვეული იყო სამეცნიერო წიგნების კითხვასა და მეცნიერულ მსჯელობას.

 

იაკობს კარგად ესმოდა, რომ საქართველოს სიძლიერისა და აყვავების  საფუძველი განათლებული ქართველობა იქნებოდა. ყოველი ერის განათლებისთვის მთავარია წიგნიერება, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს ბეჭდვითი სიტყვის მნიშვნელობასა და საჭიროებას. ამიტომაც იაკობი ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან და სისტემატურად ეხმარებოდა კიდეც ფინანსურად. მისი მხარდაჭერით დიდად იყვნენ დავალებული „ივერიის“, „მოგზაურის“, „კავკაზსკი კრაის“ გამომცემლები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ძმები ზუბალაშვილების ფასდაუდებელი მეცენატობა ჟურნალ „ნაკადულის“ მიმართ. დაარსების დღიდან ისინი ჟურნალს უხვად აფინანსებდნენ, ხოლო 1906 წლიდან მთლიანად თავიანთი მფარველობის ქვეშ აიყვანეს ჟურნალის გამოცემის საქმე, უბინაოდ და უსახსროდ დარჩენილი რედაქცია საკუთარ ჭერქვეშ შეიფარეს და ბინის გარკვეული ფართი უსასყიდლოდ დაუთმეს. იაკობი საჭიროდ თვლიდა თბილისში რუსულენოვანი გაზეთის გამოცემას. მას სპეციალური ნებართვა აუღია კიდეც ხელისუფლებისაგან, რათა თბილისში გამოეცა ახალი გაზეთი „ვოზრაჟდენიე“.მართალია გაზეთის გამომცემელ-რედაქტორი სხვა იყო, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენი საქმის ხელმძღვანელი და ყველანაირი ხარჯის გამღები თავად იაკობი გახლდათ.

 

იაკობ ზუბალაშვილი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და დიდი შემწე. იგი ხშირად ფინანსურად ეხმარებოდა საზოგადოების გამგეობას, გაზეთ „ივერიის“ რედაქციას და აფინანსებდა ქართველ სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლა-განათლების მიღებას. იაკობის დიდი სურვილი იყო ქშწკგ საზოგადოებას ჰქონოდა საკუთარი ბინა, რათა შესძლებოდათ საზოგადოების მიერ შეკრებილი ქართული კულტურის საუნჯის შენახვა-დაცვა.

 

 

 1910-იანი წლების დამდეგს იაკობი ხელოვნების შესასწავლად საფრანგეთში გამგზავრებულა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკური ვითარების გამო, იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა საქართველო და უცხოეთში დაესრულებინა თავისი სიცოცხლე.

 

 

 იაკობი, როგორც ბაქოს ნავთობსარეწების ერთ-ერთი მეპატრონე, დაინტერესებული იყო ახალ-ახალი მშენებლობებით, განსაკუთრებით ხიდების აგებით.

 

 

მას, დიდად განათლებულსა და მრავალმხრივ ნიჭიერ ადამიანს, ერთნაირად იზიდავდა როგორც პრაქტიკულ-კომერციული საქმიანობა, ისე მწიგნობრობა, ხელოვნება და კულტურის სხვა სფეროებიც. განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა იგი ხელოვნების ნიმუშების მიმართ. ამიტომაც მთელი ცხოვრების მანძილზე  გატაცებით აგროვებდა ფერწერულ ტილოებს. მის უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები. იაკობს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ეს უძვირფასესი კოლექცია სამშობლოსთვის ეჩუქებინა. მას ანდერძიც შეუდგენია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება შეუცვლია და თავისივე სიცოცხლეში სრულიად უსასყიდლოდ გადაუცია ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებისთვის. დაუზუსტებელი ინფორმაციით პარიზში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ნოტარიალურად დამოწმებული საბუთიც ჩაუბარებია, მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1941 წელს მოხუცს სახლში ყაჩაღები შეუვარდნენ და გაძარცვეს. პარიზის პოლიციამ მძარცველები დააკავა და ისინი ქართველები აღმოჩნდნენ. გულნატკენმა იაკობმა ექვთიმე თაყაიშვილს ანდერძი დაახევინა და თავისი ქონება საფრანგეთს დაუტოვა. იაკობის უნიკალური კოლექციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ლუვრში, სპეციალურად გამოყოფილ ერთ-ერთ დარბაზში, რომლის კედელზეც არის მარმარილოს დაფა რომელზეც ამოყვანილია ამ მუზეუმში შეკრებილი ხელოვნების საგანძურის ცნობილ თუ გულუხვ მჩუქებელთა სახელები. მათ შორის არის იაკობ ზუბალაშვილის სახელიც. პარიზში ალექსანდრე მესამის ხიდთან არსებულ მცირე სასახლეში ერთ დარბაზს ჰქვია "ზუბალაშვილის დარბაზი".

 

 

იაკობ ზუბალაშვილს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავისი ცხოვრების პირველი პერიოდი ქართველი ხალხის და მშობლიური ქვეყნის სამსახურში გაატარა. მას უყვარდა კეთილი საქმეების კეთება, მოწყალების უხვად გაცემა და არავის აძლევდა უფლებას მის შესახებ ხმამაღლა ესაუბრათ, თუნდაც პრესის ფურცლებზე.    სამწუხაროდ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში საქართველოდან შეუძლებელი იყო უცხოეთში მცხოვრებ ნათესაობასთან დაკავშირება. ამიტომ იაკობის ცხოვრების მეორე პერიოდის შესახებ ძალიან მწირე ინფორმაცია მოგვეპოვება.

 

იაკობ ზუბალაშვილმა (საფრანგეთში ჟაკ მიშელ ზუბალოვი) 1922 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და იქვე აღესრულა 1942 წელს. დაკრძალულია პარიზის ახლოს, ქალაქ ნეიი სიურ სენში. გადარჩა თუ არა მისი საფლავი უცნობია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ