დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ყველაფერი "თალიბანზე"- ვახტანგ მაისაია 18.08.2021 22:17

„თალიბანის“ მოძრაობის სიცოცხლისუნარიანობის და პოლიტიკური „ხანდაზმულობის“ საიდუმლოება განპირობებული არის რამდენიმე ფაქტორით. აღნიშნული ფაქტორები მოიცავენ ქვეყნის ეთნო-რელიგიურ თავისებურებებს, თვით მოძრაობის ორგანიზაციული მართვის პრინციპებს, მოძრაობის სადაზვერვო შესაძლებლობებს, მძლავრ იდეოლოგიურ-რელიგიური საფუძვლებს, მოსახლეობის მხარდაჭერას, მკაცრ დისციპლინას და ა.შ”, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, უსაფრთხოებისა და სამხედრო საკითხების ანალიტიკოსი, ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში წერს და ავღანეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

 

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად, რომელიც ბევრ საინტერესო ინფორმაციას და ანალიტიკურ ხედვას შეიცავს ავღანეთში მიმდინარე პროცესებზე:

 

"ავღანური ჯიჰადისტური მოძრაობა „თალიბანი“: ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური სტრუქტურა და სამხედრო სტრატეგია

(მოკლე საინფორმაციო მემო)

„თალიბანის“ მოძრაობის სიცოცხლისუნარიანობის და პოლიტიკური „ხანდაზმულობის“ საიდუმლოება განპირობებული არის რამდენიმე ფაქტორით. აღნიშნული ფაქტორები მოიცავენ ქვეყნის ეთნო-რელიგიურ თავისებურებებს, თვით მოძრაობის ორგანიზაციული მართვის პრინციპებს, მოძრაობის სადაზვერვო შესაძლებლობებს, მძლავრ იდეოლოგიურ-რელიგიური საფუძვლებს, მოსახლეობის მხარდაჭერას, მკაცრ დისციპლინას და ა.შ. ქვეყანაში არსებული 20 წლიანი ანარქიისა და განუკითხაობის პროცესს, თან დაედო ეთნიკური დაპირისპირების ნიშნები, სადაც ტიტულოვანი ეთნოსი პუშტუნები პირველად მთელი სახელმწიფოებრიობის მანძილზე 1992-1996 წლებში აღმოჩნდნენ პოლიტიკურ უმცირესობაში. პოლიტიკური ლიდერობა გადავიდა სხვა ეთნიკურ წარმომადგენლების, პირველ რიგში, ძირითადად ტაჯიკებისა და უზბეკების ხელში. ამიტომაც ბუნებრივი იყო ის გარემოება, რომ „თალიბანის“ მოძრაობის ძირითად დამრტყმელ ძალად გამოვიდნენ სწორედ პუშტუნები და მათ შესძლეს „თალიბებისთვის“ შეექმნათ ხელსაყრელი დასაყრდენი ავღანეთის სამხრეთ ნაწილებში, სადაც დომინანტობს უფრო მეტად პატრიარქალური და კონსერვატიული მოსახლეობა.

 

ამას გარდა, „თალიბების“ გავლენა გავრცელდა თითქმის ყველა პროვინციისა და სოფლის მოსახლეობაში. ამავე დროს, „თალიბანის“ ხელმძღვანელობა ძალიან ოსტატურად მანიპულირებდა ქვეყანაში არსებული ეთიკურ-ქცევათა ტრადიციული კოდექსებით, მაგალითად, პუშტუნებისთვის ეს არის „პუშტუნვალის“ ღირსების ქცევის კოდექსი, თურქული ეთნოსებისთვის (უზბეკები, ხაზარები, აიმაკები) კი „კურულტაის“ მმართველობის წესი და ა.შ. სხვათაშორის „თალიბებმა“ 2007 წლის შექმნეს საკუთარი მორალური ქცევის კოდექსი, რომელსაც დაერქვა „ლაიეხა“ (სწორედ „ლაიეხას“ კოდექსის დარღვევისთვის „თალიბანის“ ხელმძღვანელ რიგებიდან გაირიცხა მულა მანსურ დადულუ, რომელიც იყო ჯერ მშენებლობის, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრი და ამავე დროს მას ჰქონდა სამხედრო საველე მეთაურის ფუნქციებიც).

 

მეორეს მხრივ, „თალიბანმა“ მარჯვედ გამოიყენა რელიგიური დოგმატიკა საკუთარი იდეოლოგიური ბაზისის განსამტკიცებლად. მათ გამოიყენეს ისლამის (რომელიც დომინანტური რელიგიაა ავღანეთში) არა კლასიკური, არამედ პურიტანული მიმართულება, მხედველობაშია, „სალაფიზმის“ თეოლოგიური დოქტრინა, კერძოდ, მისი ერთ-ერთი რეტროგრადული მიმდინარეობა - დეობანდიზმი (ის წარმოადგენს ვაჰაბიზმის ერთგვარ „სამხრეთ-აზიურ“ სახეობას). ხორციელდებოდა რელიგიური მრწამსის მანიპულაციაც, როგორც პოლიტიკური მართვის ტექნოლოგიის ერთ-ერთი ფორმა. სახელდობრ, 1994 წელს, როდესაც „თალიბანის“ მოძრაობის სამხედრო ფორმირებებმა დაიკავეს ყანდაგარი, ავღანეთის მეორე ქალაქი, მათმა სულიერმა ლიდერმა მულა მუჰამად ომარმა განახორციელა მნიშვნელოვანი ისტორიული ნაბიჯი, რითაც განამტკიცა საკუთარი ქარიზმატული პოზიციები ავღანეთის მოსახლეობაში. მან სახალხო შეკრებაზე ჩაიცვა წინასწარმეტყველ მუჰამედის წმინდა მოსასხამი და თავი გამოაცხადა „მართლმორწმუნეთა ლიდერად“ (ამირ-ულ მომინინი). ამით მულა ომარმა თავი წარმოაჩინა არა მხოლოდ ავღანელების, არამედ მთელი მუსულმან უმას (საზოგადოების) წინამძღოლად. ამიტომაც შემთხვევით არ იყო ის გარემოებაც, რომ როგორც კი ქვეყნის სათავეში მოვიდნენ „თალიბები“ 1996 წელს, მათ გამოაცხადეს ახალი თეოკრატიული სახელმწიფოებრივი წყობა, რომელიც დამახასიათებელი იყო ისლამის დაარსების პირველ პერიოდში (სამი წმინდა ხალიფას მმართველობისას), ანუ შეიქმნა „ავღანეთის ისლამური ემირატი“ (ტერმინი „ემირატი“ უტოლდება ტერმინ „ხალიფატს“, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში), ხოლო მულა ომარი გამოცხადა „ემირად“ (მუსლიმთა მმართველად). აღნიშნული ქმედება გამოიხატა არა მარტო წმინდა სამართლებრივ-პოლიტიკურ დეკლამაციაში, არამედ განხორციელდა კონკრეტული სახის ნაბიჯების გადადგმაში - დამკვიდრდა შარიათის (ისლამური კანონმდებლობის შემოღება) წესები. ქვეყანაში გამეფდა ე.წ. „ფარზის“ პრინციპი, ანუ ყოველი ადამიანის მიერ შარიათის წესების მკაცრ ფორმებში აღსრულება.

 

„თალიბებმა“ იგივე ემირატის მმართველობის ფორმატში შემოიღეს შემდეგი სახის რელიგიური რიტუალების აღსრულება - ყველა მამაკაცისთვის აუცილებელი წესით ნამაზის (ლოცვის) ჩატარება დღეში ხუთჯერ, თანაც კოლექტიური ფორმით და თანაც აუცილებლად მეჩეთებში; ბავშვების და ახალგაზრდების სწავლა-განათლების მიღება მხოლოდ და მხოლოდ მედრესეებში (სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებებში); შემოღებული იქნა დასჯის მთელი წყება, რომელიც გამომდინარეობს შარიათის კანონებიდან, სახელწოდებით „ჰუდუდი“. მის მიხედვით ხორციელდებოდა ისეთი სასჯელის დაწესება, როგორიცაა ქურდობისთვის ხელის მტევნის მოკვეთა, მოღალატე ცოლების ქვებით ჩაქოლვა, სპირტიანი სასმელების მიღების შემთხვევაში საჯარო გაროზგვა და ა.შ. „თალიბებმა“ საზოგადოებრივ დონეზე აკრძალეს მუსიკა, აზარტული თამაშები, ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებები (როგორც მხატვრული, ისე სკულპტურულ ფორმებში), ისევე როგორც სხვა რელიგიური მიმდინარეობის ძეგლები და მონუმენტები, რომლებიც გამოცხადებულნი იყვნენ როგორც კერპთაყვანისმცემლობის გამოვლინება (ბამიანის პროვინციაში ბუდას მონუმენტური ქანდაკების განადგურება). ამავე დრო აიკრძალა ინტერნეტი და ტელევიზია. ამ ქმედებით „თალიბებმა“ განახორციელეს ქვეყნის მოსახლეობის სრული ინფორმაციული იზოლაცია, მონოპოლიზაცია მასმედიის საშუალებებზე და ამით განახორციელეს მოსახლეობის ერთგვარი „ზომბირება“ (ქვეყანაში მოქმედებდა მხოლოდ რადიო „შარიათი“ და რადიო „ჯიჰადის ხმა“, რომელიც მოგვიანებით გადაიქცა ინტერნეტ-პორტალად). ქალთა უფლებები მკვეთრად იქნა შეზღუდული და მათი ქცევის წესები განისაზღვრა წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს მოქმედი ტრადიციებით. მოკლედ რომ ვთქვათ, „თალიბებმა“ ავღანეთი დააბრუნეს შუასაუკუნოვან ისტორიულ ეპოქაში არა მხოლოდ დე-ფაქტოდ, არამედ დე-იურედაც - შემოღებული იქნა ე.წ. „ჰიჯრის“ კალენდარი, სადაც წლები და საუკუნეები ათვლას იწყებენ წინასწარმეტყველ მუჰამედის ცხოვრების ეპოქიდან მოყოლებული.

 

საბოლოო ჯამში, „თალიბანის“ პოლიტიკური კურსის სტრატეგიული მიზნების შეადგენს შემდეგი:

 

„თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნება და თეოკრატიული სახელმწიფოს აღდგენა;

 

ავღანეთის და პაკისტანის რელიგიური საზოგადოების მობილიზება და მომავალში გაერთიანებული ისლამური „ხალიფატის“ დაარსება. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ უკვე ავღანეთში „თალიბანის“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, პაკისტანში დაუმორჩილებელ ვაზირისტანის და ჩრდილო-დასავლეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა „თალიბანის“ პაკისტანური ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს ავღანური თანამოძმეებისთვის დასაყრდენ გეოსტრატეგიულ ბაზას და ზუსტად ახორციელებს მათ იდეებს;

 

პუშტუნთა ტომების გადმობირება „პუშტუნვალის“ ღირსების კოდექსისა და რელიგიური იდეოლოგიის საფუძველზე და იმ პოლიტიკური კურსის გატარებას, რაც გულისხმობს „პუშტუნების დამონებას არა-პუშტუნური ეთნოსების წარმომადგენელთა ხელისუფლების მხრიდან“;

 

 „თალიბანის“ სიძლიერის განმტკიცება და ავღანეთის ამჟამინდელი ხელისუფლებისა და პაკისტანის მთავრობის ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენება და ნატოს კოალიციის წასვლის შემდეგ, ავღანეთისა და პაკისტანის ტერიტორიებზე საერთო თეოკრატიული სახელმწიფოს შექმნა.

 

რაც შეეხება „თალიბანის“ მოძრაობის სტრუქტურას და ორგანიზაციულ სქემას, მას გააჩნია ძალიან მარტივი იერარქიული მართვის მოდელი, რომლის ფარგლებში ხორციელდება გადაწყვეტილებების მიღება. ზოგადად „თალიბანის“ აღნიშნული მოდელი ძალიან წააგავს საბჭოური პოლიტიკური მმართველობის ტიპაჟს (იხილეთ სპეციალური სქემატური სურათი). „თალიბანის“ უმაღლესი სტრატეგიული პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენს უმაღლესი შურა (საბჭო) ანუ ერთგვარი „პოლიტბიურო“, სადაც შედიან მოძრაობის სასულიერო მაღალი რანგის პირები. შურა ახორციელებს სტრატეგიულ დაგეგმარებას, რეგიონული ლიდერების ხელმძღვანელობა „ფეტვების“ (სულიერი ლიდერის მიერ გამოცემული ბრძანებულება) ან სპეციალური დეკრეტების მეშვეობით, რომელიც მიიღება კონსენსუსის პრინციპით. რეგიონულ დონეზე მართვას ახორციელებს ჯირგა (ტომების საბჭო), რომელიც შედგება უხუცესებისგან და პატივსაცემ პიროვნებებისგან, რომლებსაც ემატება ულემების (ისლამური თეოლოგების) აზრიც. ხოლო ლოკალურ დონეზე კი გადაწყვეტილებებს, უფრო მეტად ავტონომიურ რეჟიმში, ღებულობს სოფლის „თალიბანის“ ადგილობრივი ორგანიზაცია-ქსელი. ქსელში შედის 10-50 ადგილობრივი თალიბი.

 

„თალიბანის“ სამხედრო სტრატეგია და ორგანიზაციული მოწყობის სტრუქტურა

მოძრაობა „თალიბანის“ ხელმძღვანელობამ შესძლო ჩამოეყალიბებინა სტრუქტურულად უფრო ორგანიზებული, იერარქიული და დისციპლინარული შეიარაღებული ძალების მოდელი და უშიშროების სამსახურები (კონტრდაზვერვა და დაზვერვა). რეტროგრადული ფასეულობების არსებობისა და ფეოდალური პერიოდისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოსტულატების მიუხედავად, „თალიბანის“ მოძრაობამ შიდა რესურსების გონიერად გამოყენებისა და უცხოელი მოკავშირეების დახმარების საფუძველზე შექმნა სამხედრო-სტრატეგიული მართვის სტრუქტურები (უფრო ეფექტური ვიდრე მოწინააღმდეგე „ჩრდილოეთის ალიანსისა“): - სამხედრო მეთაურთა უმაღლესი საბჭო, საბრძოლო ოპერაციების მართვის საკოორდინაციო შტაბი (ცენტრით ყანდაგარით და ორი ოპერატიული ფილიალით - ქაბულსა და ჰერათში), სამხედრო-რელიგიური საბჭო, სამხედრო მომზადების პირველადი და საფუძვლიანი მომზადების ცენტრები, მაგალითად: ყანდაგართან მოქმედი საწვრთნელი ცენტრები „ბადრ-1“ და „ბადრ-2“ (სწორედ „თალიბანის“ სამხედრო მომზადების ცენტრის მაგალითზე 1996 წელს ცნობილმა საველე მეთაურმა ხატაბმა ჩეჩნეთში სერჟენ-იურტის მიდამოებში დაარსა სასწავლო მომზადების ცენტრი „კავკასია“, რომელიც თავის მხრივ შედგებოდა შვიდი საწვრთნელი ბანაკისაგან, მათ შორის - სპეციალური პროპაგანდის და იდეოლოგიური მუშაობის სპეციალისტთა მომზადების 2 თვიანი ცენტრი „დავგატი“, იგივე „კავკასიის ისლამური ინსტიტუტი“ 160 მსმენელით, რომლებსაც ეწოდებოდათ „თალიბები“, და ასევე „ბადრის“ ცენტრის მსგავსად მზვერავ-დივერსანტების მომზადების ბანაკი „აბუ-ბაკრი“ და პარტიზანული ოპერაციების და საბრძოლო საცეცხლე მომზადების ბანაკი „აბუ-ჯაფარი). ამას გარდა, „თალიბანის“ მთავრობაში შექმნილი იყო თავდაცვის სამინისტრო, არმიის სახეობათა სარდლობები და შარიათული უსაფრთხოების სამსახური.

 

საერთო ჯამში, „თალიბანის შეიარაღებული ძალები შექმნილი იყო რეგულარული არმიის შესაბამისად და ფაქტიურად წარმოადგენდა პაკისტანური და „რევოლუციური კომუნისტური ავღანური“ არმიების ერთგვარ სინკრეტულ მოდელს. უკანასკნელი გარემოება არ უნდა იყოს მოულოდნელი, რადგან გასახსენებელია ის გარემოება, რომ „თალიბანის“ სამხედრო ხელმძღვანელობის მაღალ და საშუალო რგოლს ადრეც და დღესაც შეადგენენ - ავღანეთის ყოფილი სახალხო-დემოკრატიული პარტიის (კომუნისტური პარტია), „ხალკის“ ფრაქციის წევრები. ამის განსამტკიცებლად შეიძლება მოყვანილ იქნას „თალიბანის“ რამოდენიმე მაღალი სამხედრო ეშელონის მოკლე დოსიე: აბდულ კადერ აკა - „ხალკისტი“, 1989 წელს თავი შეაფარა პაკისტანს გენერალ ტანაის წარუმატებელი გადატრიალების შედეგად. კომუნისტების მმართველობისას მას ეკავა სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის უფროსის პოსტი. „თალიბანის“ მმართველობისას კი საჰაერო-ძალების სარდლის თანამდებობა. სწორედ მის სახელს უკავშირებენ „თალიბანის“ სამხედრო ავიაციის ყველაზე წარმატებულ ოპერაციას - 1998 წელს რუსული წარმოშობის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ИЛ-76-ის ხელში ჩაგდებას, რომელსაც დიდძალი იარაღი და ტყვია-წამალი გადაჰქონდა „ჩრდილოეთ ალიანსისთვის“; გულ მუჰამედ ანდარი - „თალიბანის“ მოძრაობის პოლიტიკური დაზვერვის ხელმძღვანელი 1996-2000 წლებში, ყოფილი „ხადის“ მაღალი ჩინოსანი („ხადი“ წარმოადგენდა კომუნისტური ავღანეთის უშიშროების სამინისტრო, რომელიც აგებული იყო ისეთი კუთხით, როგორც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო); პოლკოვნიკი იბრაჰიმ უმარი - „თალიბანის“ შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მიმართულების სარდალი, კომუნისტების დროს იგი იყო ქაბულის სარაკეტო-საზენიტო სასწავლების რექტორი, ხალკისტი.

 

„თალიბანის“ მოძრაობის მმართველობისას შექმნილიყო საკმაოდ ბრძოლისუნარიანი არმია, რომელიც 2001 წლისათვის კარგად იყო შეიარაღებული და რიცხოვნების კუთხით შეადგენდა დაახლოებით 95 ათასი მებრძოლი (55 ათასი რეგულარული არმიის მეომარი და 40 ათასი ე.წ. „ლაშქარის“-ირეგულარული ფორმირებების წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენდნენ ძირითადში პუშტუნური ტომების მოხალისეებს, მაგრამ დამრტყმელ „ბირთვს“ მხოლოდ შეადგენდა 15 ათასი კარგად გაწვრთნილი მებრძოლი და 5 ათასი ისლამური „შარიათული მილიციის“ მოხალისე), მათ თან ემატებოდა 2 ათასი პაკისტანელი „მოხალისეები“ და 7,5 ათასი არაბი რადიკალი ისლამისტური მოძრაობების წევრი. „თალიბანურ“ არმიას შეიარაღებაში ჰქონდა 200 საბრძოლო ტანკი და ჯავშანმანქანა (ძირითადში საბჭოური წარმოების T-55 და T-62 ტანკი, БМП-2, БТР-70 და ა.შ.) და 20-მდე საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი (ასევე საბჭოური წარმოების МиГ-23, СУ-17, СУ-25, Ми-2 და ა.შ.). პაკისტანის არმიის ნაწილები და ოფიცრები აქტიურად ეხმარებოდნენ „თალიბებს“ არმიის მშენებლობის საქმეში. კერძოდ, „თალიბანის“ სამხედრო შტაბში ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობდნენ 1500 პაკისტანელი ოფიცერი, გენერალ-მაიორ კამერ ზამანის ხელმძღვანელობით. ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მუდმივად იმყოფებოდნენ პაკისტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი, „თალიბების“ მე-11 ნანგაჰარის დივიზიის შტაბის რეზერვს შეადგენდნენ პაკისტანის არმიის საპარაშუტო პოლკის რამდენიმე შენაერთი და უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა პაკისტანის არმიის სპეცდანიშნულების ჯგუფის პირველი ბატალიონის სრული შემადგენლობა. ყველაფრის კოორდინაციას ახორციელებდა პაკისტანის უწყებათშორისი დაზვერვის სამსახური (ISI – Inter-Services Intelligence), კერძოდ, ამავე სამსახურის „ჩრდილოეთის“ გაერთიანებული დაზვერვის დეპარტამენტი. პაკისტანის სამთავრობო სტრუქტურებიდან „თალიბანის“ მოძრაობასთან სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობის საერთო კოორდინაცია ევალებოდა პაკისტანის ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, გენერალ ისმაილ ბაბაკს. აღნიშნული სტრატეგიული პარტნიორობა და მჭიდრო „მეურვეობა“ პაკისტანის სამხედრო დაზვერვისა და პოლიტიკური წრეებიდან (პოლიტიკური მოძრაობა „ჯამაათ ე ისლამი“) დღესაც გრძელდება და ამის რეალური გამოხატულებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ „თალიბანის“ დაზვერვის სამსახურის „მუხაბარათის“ შეფი, რომელიც აუცილებლად მონაწილეობდა 2013 წლის 6 ივნისს ჰელმანდის პროვინციაში ქართულ სამხედრო ბაზაზე ტერაქტის დაგეგმარებასა და მოწყობაში, არის პაკისტანის მოქალაქე, ქ. ჩამანში მცხოვრები, მულა ისრაილი (მანამდე იგი იყო „თალიბანის“ ქაბულის მეოთხე საარმიო კორპუსის სამხედრო დაზვერვის უფროსი). უშუალოდ თუ როგორ არის მოწყობილი „თალიბანის“ სადაზვერვო სამსახური იხილეთ ინგლისურენოვან სქემაზე.

 

„თალიბანის“ მოძრაობის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, როგორც რეგულარული არმიის ტიპისა, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია ოღონდ ახალი სპეციფიკური გეოსტრატეგიული რეალიებიდან გამომდინარე, მოიცავდა ოთხ მიმართულებას. აღნიშნული მიმართულებები სამხედრო-ოპერატიული განთავსების კუთხით გაერთიანებულნი იყვნენ „საარმიო კორპუსებში“: პირველი „ნანგაჰარის“ საარმიო კორპუსი, მეოთხე „ქაბულის“ საარმიო კორპუსი (ცენტრალური), მეხუთე „მაზარი-შარიფის“ საარმიო კორპუსი და მეშვიდე „ყუნდუზის“ საარმიო კორპუსი. რათქმაუნდა კლასიკური გაგებით, „თალიბები“ შორს იყვნენ სამხედრო ორგანიზაციის სრულყოფისაგან, რადგანაც ზოგიერთ შენაერთ აკლდა შესაბამისი მომზადების დონე და შეიარაღება და უმრავლესობა წარმოადგენდა ე.წ. „კადრირებულ“ საშტატო ერთეულს (აქაც დაეტყოთ ავღანელებს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გავლენა). მაგალითად, „თალიბების“ დივიზიები თავიანთი რიგითი შემადგენლობით უტოლდებოდა ბრიგადების და ზოგჯერ კი პოლკის ან ბატალიონის მასშტაბებს (პაკისტანური არმიის შტატური ერთეულის მიხედვით). თუმცაღა დღეის მონაცემებით, „თალიბანის“ მოძრაობამ, რომელიც გადავიდა ნატოს ISAF-ის შენაერთების წინააღმდეგ ახალ პარტიზანულ ტაქტიკაზე პირობითი სახელწოდებით „რწყილის ომი“, გამოფიტვის სტრატეგიის საფუძველზე და „ალ-კაიდას“ სამხედრო ფრთის ორგანიზებული სქემის საფუძველზე შეიმუშავა შემდეგი ტიპის საკუთარი საარმიო შენაერთების მიკრო-მოდელი: ათეული - 3 მებრძოლი; ოცეული - 3-5 მებრძოლი; ასეული - 5-10 მებრძოლი; ბატალიონი - 10-50 მებრძოლი; ბრიგადა - 50-100 მებრძოლი; დივიზია - 100-300 მებრძოლი; კორპუსი - 300-1000-მდე მებრძოლი. ასე დაახლოებით გამოიხატება „თალიბანის“ სამხედრო ძალის სტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ქართული სამხედრო ბაზაზე ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებული 2013 წლის მაისის თავდასხმა განხორციელდა სწორედ „ოცეული-ასეულის“ („თალიბების“ ტაქტიკური გათვლების მიხედვით) დონეზე. რაც შეეხება სტრატეგიულ დონეზე, „თალიბანის“ შეიარაღებული ძალების მოდელი უცვლელია, გარკვეული სპეციფიკური მომენტების გათვალისწინებით დაყვანილი „ასიმეტრიული“ სამხედრო ოპერაციების დონეზე, და წარმოადგენს შემდეგს:

 

1-ლი „ნანგახარის“ საარმიო კორპუსი (მოიცავს ჰელმენდის პროვინციასაც) - განთავსებულია სტრატეგიული ხაზის: ჯელალაბადი-ხოსტი-ყანდაგარის გასწვრივ, ავღანეთ-პაკისტანის საზღვართან ახლოს. კორპუსის „ბირთვს“ შეადგენს: 110-ე „კომადოსის“ დივიზიას, 11-ე ნანგახარის დივიზიას (მთლიანად აღჭურვილია პაკისტანის არმიის მიერ), 55-ე დივიზია (ანუ „ალ-კაიდას: უცხოური ლეგიონი, 117-ე ბრიგადა, 998-ე ბრიგადა (ორივე ბრიგადაში მრავალად არიან პაკისტანელი „მოხალისეები“);

 

4-ე „ქაბულის“ საარმიო კორპუსი - „თალიბანის“ ცენტრალური დაჯგუფება მოიცავს ქაბულს, ბამიანის პროვინციას, ბაგრამის და სალანგის უღელტეხილის სტრატეგიულ (აკავშირებს ავღანეთს ცენტრალურ აზიასთან) ოპერატიულ სივრცეებს. კორპუსი მოიცავს 7-ე დივიზიას, მე-16 დივიზიას (მეთაური მულა აბდურ რაზაკი), მე-17 დივიზიას (მეთაური მულა ჰაბიბულა);

 

მე-5 საარმიო კორპუსი - ოპერატიული მოქმედების არეალი მაზარი-შარაფი, ტალუკანის და ასევე ბამიანის პროვინციები. მის შემადგენლობაშია სპეციალური დანიშნულების შარიათული დივიზია (მეთაური პოლკოვნიკი ჯავედ ახმადი) და ცნობილი ბრიგადა „055“ (მეთაური უზბეკი საველე მეთაური ჯუმა ნამანგანი, ოფიციალური მონაცემებით იგი დაიღუპა 2001 წელს მაგრამ მისი გვამი არავის არ უნახავს დღემდე). მის შემადგენლობაში არიან ისლამისტი-მოხალისეები ეგვიპტიდან, ალჟირიდან, საუდის არაბეთიდან, ჩეჩნეთიდან და ცენტრალური აზიის რესპუბლიკებიდან. მათ გაიარეს სპეცმომზადება და ბრიგადის დაფინანსებას ახორციელებს მთლიანად „ალ-კაიდა“;

 

მე-7 საარმიო კორპუსი - მოქმედების არეალი ტალუკანი-კუნდუზის რაიონები. მისი მეთაური იყო პაკისტანის არმიის გენერალი კამარ-უ-ზამანი. კორპუსის რეზერვში იმყოფებიან 4 ათასამდე არაბი მოხალისე და პაკისტანელი პროფესიონალი სამხედრო პირები. მის შემადგენლობაშია: 117-ე დივიზია, 994- ბრიგადა, 996-ე ბრიგადა და 625-ე საარტილერიო ბატალიონი.

 

ამგავარად გამოიყურება ავღანეთში, დღევანდელი ჩვენი მოწინააღმდეგის რეალური იერსახე."-წერს ვახტანგ მაისაია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ