დღე: 27

ღამე: 18

USD 2.9289

EUR 3.0821

შეძლებს თუ არა გახარია მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად ქცევას და მელიას თამაშგარე დატოვებას

“ადგილობრივ არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია მერობისთვის ბრძოლაში ერთვება - შეძლებს თუ არა ის მთავარი ოპოზიციური კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და ენმ-ეს კანდიდატის ნიკა მელიას თამაშგარე მდგმარეობაში დატოვებას - ანალიტიკოსები თვლიან, რომ მან ბოლო პერიოდში "დიდი პიარტექნოლოგიური შეცდომები დაუშვა" და მეორე ადგილზე გავა თუ არა, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ წინასაარჩევნო კამპანიას როგორ ჩაატარებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, შეძლებს თუ არა გახარია მთავარ ოპოზიციურ კანდიდატად ქცევას და მელიას თამაშგარე დატოვებას

 

"როგორც გახარიას უყვარს თქმა - ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - ხშირად იყენებს ამ სიტყვებს და მართლაც, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სიცრუე, ტყუილი, არის დამაზიანებელი, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ამ "სლენგისთვის", მაგრამ მისთვის და ყველასთვის გასაგები რომ იყოს, პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკაში არ "მოსულა" ტყუილები,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. ნიკა მელია კი აცხადებს, რომ არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა მისთვის არაფერს ცვლის და პირველ ტურშივე გაიმარჯვებს, ხოლო ვინ იქნება მეორე-მესამე ადგილზე მისი თქმით ეს "კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება". „მე არ გამოვრიცხავ, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, მაგრამ პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ. ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, ეს კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება. შესაძლოა, პირველივე ტურში თბილისის არჩევნების ბედი ვერ გადაწყდეს, მაგრამ შედეგობრივად, მგონია, რომ მე, საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები პირველ ადგილზე" - თქვა მელიამ, - აღნიშნავს გამოცემა

 

"როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, იმის გამო, რომ გახარიამ არათანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა, დაუჯერებელია, რომ ის ადგილობრივ არჩევნებზე დიდად დაწინაურდეს. „გახარია მისდა სამწუხაროდ არათანმიმდევრული განცხადებებისა და მოქმედების სერიალს აგრძელებს, ჩვენ გვახსოვს გადადგომის მრავალვერსიული ეპიზოდი, ასევე ე.წ. ახალი ვერსიები ე.წ. გავრილოვის ღამეზე. ჩვენ გვახსოვს ისიც, რომ რამდენიმე თვით ადრე მან თქვა,რომ კალაძე საკმაოდ ღირსეული კანდიდატია და არც აპირებდა მის საპირწონედ ვინმეს დაყენებას და გააკეთა საკმაოდ არასტანდარტული ნაბიჯი თუნდაც პიარული კუთხით. „როდესაც გახარიამ თავისი თავი მერობის კანდიდატად წამოაყენა, ამით ის აჩვენა, რომ პარტიაში მის გარდა სხვა ქარიზმატული ლიდერი არავინაა, რომ მერობის კანდიდატად ის სხვას დაესახელებინა, ეს პიარ-სტრატეგიულად ძალიან დიდი შეცდომა იყო და ამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე, დაუჯერებელია, რომ მან ამ არჩევნებში დიდი დაწინაურება მოიპოვოს, არა აქვს მნიშვნელობა დედაქალაქის მერობისთვის იქნება, თბილისის საკრებულოში, თუ სხვა მუნიციპალიტეტებში. "არათანმიმდევრული კანდიდატები და პოლიტიკოსები არცერთ ქვეყნის საზოგადოებას არ მოსწონს. როცა გუშინ, დღეს, ხვალ და ზეგ სხვადასხვას ამბობს, ეს არასტაბილურობის განცდას ქმნის, ამიტომ ის დროებითი სიხარულის მომენტი, რომელიც გუშინ გახარიას კანდიდატურის თვითწამოყენებით "ნაცმოძრაობას" გაუჩნდა, ისევე როგორც მსგავსი სიხარული ჰქონდათ მელიას არდაჭერით და გახარიას გადადგომით, ვფიქრობ რომ დროებითია და 2 ოქტომბერს კალაძე მაღალი ალბათობით პირველივე ტურში მოიგებს" - თქვა მან”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"კითხვაზე რამდენად შეძლებს გახარია მთავარი ოპოზიციური კანდიდატის სტატუსის მოპოვებას და მელიას ჩაჩოჩებას, აბაშიძე აცხადებს, რომ გახარიას პიარტექნოლოგიური შეცდომების ფონზე, იმის წარმოდგენა უჭირს, რომ ის მეორე ადგილზე გავა. „ეს რა თქმა უნდა მასზე იქნება დამოკიდებული, მაგრამ მის კამპანიაში თავიდანვე, რომ ჩანს ძალიან დიდი პიარტექნოლოგიური შეცდომები, მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ის მეორე ადგილზე გავა, რა თქმა უნდა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ როცა განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში უხეშ შეცდომებს უშვებენ, ეს არჩევნების დღის ბოლოს რა თქმა უნდა მათ საბოლოო მაჩვენებელზე აისახება," - განაცხადა აბაშიძემ. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს კი „რეზონანსთან" წინასწარი პროგნოზების გაკეთება უჭირს, ექნება თუ არა გახარიას მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატის სტატუსი ადგილობრივ არჩევნებზე. „არ ვიცით გახარიას როგორი საარჩევნო კამპანია ექნება, მაგრამ თუ ის შეძლებს, რომ მელია ჩაანაცვლოს, ეს გახარიასთვის და მისი ჯგუფისთვის უთუოდ ძალიან დიდი წარმატება იქნება. არ ვიცი დღეს მას თბილისში რა რეიტინგი აქვს, როგორც დამოუკიდებელ პოლიტიკოსს და რთულია ისიც თუ პარტიის ორგანიზაციის სტრუქტურა გამართული რამდენად აქვს. „მისი პარტია რომ თუნდაც ერთი წლის დაარსებული იყოს, მეტ-ნაკლებად პროგნოზის გაკეთება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ, ზოგადად, რადგან ამ ბრძოლაში ჩაება, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სამიზნე ის გახლავთ, რომ ის მეორე ტურში გავიდეს, თუ გავიდა, ეს ნიშნავს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა მზარდი იქნება" - განაცხადა ანალიტიკოსმა. მან გახარია-კალაძის შეხვედრაზეც ისაუბრა”, - დასძენს გამოცემა.

 

"რამდენადაც ვუსმინე, დღეს ამ საკითხის დაზუსტება მოხდა, გახარიას ჟურნალისტებმა რა კითხეს, არ ვიცი, რაზეც მან თქვა, რომ ტყუილიაო, შესაძლოა მას სხვა კითხვა დაუსვეს, ანუ დაუსვეს კითხვა იმ ინტერპრეტაციით, როგორც კობახიძემ თქვა, თუ გახარია იმდენად გულუბრყვილოა, რომ შუადღისას ქალაქის მერიაში მისულს ვერავინ შეამჩნევდა და ეს დაიმალებოდა, ეს არვიცი, ის ყოფილი შს მინისტრია და არც ისეთი ადამიანია, რომ ასეთი მარტივი რამ ვერ გაეთვალა, ამიტომაც დამალვას ზრი არ ჰქონდა. "ამიტომაც უფრო ვფიქრობ, რომ ჟურნალისტმა ჰკითხა სხვაგვარად და მან იმ ნაწილზე გასცა პასუხი, რომ ფინანსები აქ არაფერ შუაშიაო, ეს კალაძემაც არ დაადასტურა, რომ საუბარი ფინანსებზე იყო. გუშინაც და დღესაც ყველამ დაადასტურა, რომ შეხვედრა იყო და ისიც არამგონია, რომ გახარიას მხარდამჭერებმა ეს შეხვედრა სხვანაირად გაიგონ, მას ამ ეტაპზე ისეთი მხარდამჭერები არ ჰყავს, რომლებიც ასეთ მარტივ სიტუაციაში ვერ ერკვეოდნენ" - განაცხადა ძაბირაძემ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ გახარიას თბილისის მერობის არჩევნებზე მეორე ადგილის შანსები აქვს, თუმცა, ახლა იმაზეა დამოკიდებული, ამას როგორ გამოიყენებს. „ვფიქრობ, რომ ამისი შანსები მას აქვს, გააჩნია როგორ გამოიყენებს, რადგან ბოლო პერიოდში გახარიას მიერ გადადგმულმა რამდენიმე ნაბიჯმა, მის კამპანიას ჩრდილი მიაყენა, მისი და მისი გუნდის წევრების განსხვავებული ინფორმაციები იმის თაობაზე შეხვდა თუ არა კახი კალაძეს, მის მიერ გაჟღერებული განცხადება, რომ ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვიბრძვითო, რომელმაც თავის დროზე საზოგადოებაში გაურკვევლობა და კითხვები წარმოშვა. „ამ შემთხვევაში გახარია საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის და იმ გუნდის იმედზეა, რომელიც მას ჰყავს, ამ გუნდის ერთ-ერთი პლიუსი კი ისაა, რომ იქ აშკარად ოდიოზური ფიგურები არ არიან, ისევე, როგორც „ევროპულ საქართველოში", „ნაცმოძრაობაში" და კიდევ რამდენიმე პარტიაში. ასე, რომ რამდენად შეძლებენ ისინი ამ კაპიტალის გამოყენებას, ვნახოთ, შანსი 50/50-ზე აქვს."- განაცხადა ანჯაფარიძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

ავტორ(ებ)ი : რეზონანსი

ბოლო სიახლეები
 
 
 

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ