დღე: 19

ღამე: 14

USD 2.7195

EUR 3.209

რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე 13.09.2021 16:49

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ტრიელის“ დუელი: რა უნდა ვიცოდეთ გერმანიის კანცლერობის კანდიდატთა მეორე ტელედებატებზე“, რომელშიც 12 სექტემბერს გამართული ტელედისკუსიის შედეგებია კომენტირებული.

 

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„გერმანიის კანცლერობის სამი კანდიდატის რეიტინგი საზოგადოებრივი ტელეარხის ARD-ის ეთერში 12 სექტემბერს გამართული ტელედებატების შემდეგ ასე გამოიყურება: რესპოდენტთა 41%-მა უპირატესობა მიანიჭა სოციალ-დემოკრატ ოლაფ შოლცს (ანგელა მერკელის პარტიიდან). რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს - ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის მხარის პრემიერ-მინისტრს არმინ ლაშეტს პარტიების ბლოკიდან (ქდკ/ქსკ - ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი და ქრისტიან-სოციალური კავშირი), მან 27% მიიღო (ანუ მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა), ხოლო „მწვანე“ ანალენა ბერბოკმა 25%-იანი რეიტინგი შეინარჩუნა. „ტრიელის“ (ასე უწოდეს პოლიტიკური მძიმეწონოსნების სამეულს) მესამე ბოლო ტელედებატები 19 სექტემბერს გაიმართება, კერძო ტელეარხებზე, რომლებსაც შედარებით მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავთ.

 

ამრიგად, მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლფ შოლცმა არამარტო განიმტკიცა ლიდერის როლი, არამედ კონკურენტები საკმაოდ უკან ჩამოიტოვა. მან ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს მოიგო 36%-ით პირველი ტელედებატები, რომელიც კერძო ტელეარხის RTL-ის სტუდიაში გაიმართა, ოლაფ შოლცის გუშინდელი წარმატება კი იმ გერმანელებისათვის, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობდნენ, ვისთვის და რომელი პარტიისათვის დაეჭირათ მხარი ბუნდესტაგის არჩევნებში 26 სექტემბერს.

 

ჩვეულებრივად, ტელედებატების შედეგებს ბუნდესტაგის არჩევნებში რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამჯერად მათი როლი გაზრდილია: გუშინდელი გამოსვლა თითქმის ერთადერთ შანსად იყო მიჩნეული არმინ ლაშეტისათვის, რომ მას ნეგატიური ტენდენცია გამოესწორებინა და პარტიათა ბლოკი დამარცხებისგან გადაერჩინა.  წინასაარჩევნო გამოკითხვებში ქდკ/ქსკ მეორე ადგილს იკავებს 20-22%-ით და ქრისტიან დემოკრატებს რამდენიმე პუნქტით ჩამოუვარდება. „მწვანეთა პარტია//90-იანელთა კავშირს“ კი მესამე ადგილი აქვს 15-17%-ით, თუმცა გაზაფხულზე პირველ ადგილზე იყო.

 

ტრიელის“ დუელი ქალის თანდასწრებით

12 სექტემბრის დებატებში არმინ ლაშეტი, მიუხედავად იმისა, რომ მას და ოლაფ შოლცს ერთნაირი შინდისფერი ჰალსტუხები ეკეთათ (თითქოს წვრილმანია, მაგრამ ამასაც მნიშვნელობა აქვს!), პირდაპირ შეტევაზე გადავიდა და მოწინააღმდეგე რიგ შეცდომებსა და ფინანსურ სკანდალებში ამხილა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ადგილ-ადგილ „ტრიელის“ დებატები შოლცისა და ლაშეტის დუელს ემსგავსებოდა, ქალის - ანალენა ბერბოკის თანდასწრებით. სოციალ-დემოკრატთა კანდიდატი ოლაფ შოლცი ქრისტიან-დემოკრატ არმინ ლაშეტის შეტევებს შედარებით მშვიდად, მაგრამ სწრაფად იგერიებდა, რითაც დაადასტურა აუღელვებელი, მშრალი, მაგრამ კომპეტენტური ბიუროკრატის იმიჯი (ამიტომ მეტსახელად მას „შოლცომატი“ და „რობოტი“ შეარქვეს).

 

საათნახევრიანი დებატების დროს კანდიდატებმა ისე დაჩქარებულად ილაპარაკეს მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ მათ დისკუსიაში ამომრჩეველს შეიძლება გარკვევა გაძნელებოდა, მაგრამ ასე იყო თუ ისე, მაყურებელმა მეტ-ნაკლებად მაინც გაიგო მათი პრიორიტეტები კორონავირუსთან ბრძოლაში, ციფროვიზაციის სფეროში, გლობალური დათბობის პრობლემებში, ჯანდაცვის რეფორმაზე, პენსია-გადასახადებზე და ცოტაც, მიგრაციაზე. კაცმა რომ თქვას, რაიმე ახალი არაფერი გაჟღერებულა და არავის შეცდომა არ დაუშვია.

 

საბოლოო მიმართვაში ამომრჩევლებისადმი არმინ ლაშეტმა განაცხადა, რომ იგი „სანდო კანცლერი“ იქნება და ბიზნესს და საზოგადოებას არაფერს თავს არ მოახვევს. ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ კაცობრიობას ჯერ კიდევ აქვს შანსი პლანეტა გლობალური დათბობისგან იხსნას და ამაში იგი, კანცლერად არჩევის შემთხვევაში, მთავარ როლს შეასრულებს,  ოლაფ შოლცმა კი ილაპარაკა გერმანელი ხალხისადმი პატივისცემასა და სოლიდარობაზე, მინიმალური ხელფასის მომატებაზე და პენსიების სტაბილურობაზე. სხვათა შორის, პენსიის საკითხს გერმანიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს - მოსახლეობის 60% პენსიონერია. დამკვირვებლების აზრით, ოლაფ შოლცმა ანგელა მერკელის მემკვიდრის ამპლუაში თავი ღირსეულად წარადგინა.

 

არაფერი საგარეო პოლიტიკის შესახებ

პირველისაგან განსხვავებით, მეორე ტელედებატების დროს რატომღაც არცერთს არაფერი უთქვამს საგარეო პოლიტიკის შესახებ - მათ ეს თემა, უბრალოდ, დააიგნორეს. მართალია, საერთაშორისო დღის წესრიგი არჩევნებში მთავარ როლს ძალიან იშვიათად თუ ასრულებს, მაგრამ მისი სრული არარსებობა მაინც საკმაოდ საკვირველი იყო: არცერთს არ უხსენებია არც ავღანეთი, არც ევროკავშირის მომავალი, არც აშშ-სთან და ჩინეთთან ურთიერთობის პრობლემები. საერთოდ კი სიტყვა „რუსეთიც“ არ ხსენებულა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე რომ არაფერი ვთქვათ (მისი მშენებლობა რამდენიმე დღის წინ დასრულდა)

 

დებატების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ გერმანია კუნძულია და მას გარესამყაროსთან არაფერი აკავშირებს, ბერლინი მხოლოდ საკუთარი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული. ეს საკმაოდ უჩვეულო სიტუაციაა იმის გათვალისწინებით, რადგან ანგელა მერკელი თავის ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და პატივცემულ სახელმწიფოდ ტოვებს, გლობალურ პროცესებში აქტიურად ჩართულს.

 

ერთადერთი მხოლოდ „მწვანეთა“ პარტიის კანდიდატმა ანალენა ბარბოკმა გაკვრით აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს გერმანიის გააქტიურებას საგარეო პოლიტიკაში. შესაძლოა, ამით იგი უკვე სიგნალს იძლევა, რომ მზადაა კანცლერ ოლაფ შოლცის მომავალ მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილი დაიკავოს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ