დღე: 20

ღამე: 14

USD 2.7203

EUR 3.2029

ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა "ჭკუა ისწავლეს“ - რას წერს უცხოური პრესა 13.09.2021 17:40

13 სექტემბრის ბრიტანულ პრესაში ყურდაღება ეთმობა ჩინეთის თემატიკაზე, რომლის შესახებაც ორი პოპულარული და გავლენიანი გაზეთი წერს: „დეილი ტელეგრაფ“-ში (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სი და მაო: 2:0? როგორ ცდილობს ჩინეთის გადაკეთებას სი ძინპინი“, ხოლო „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას  „ჩვენი ხედვა სი ძინპინის ჩინეთზე: გამოსწორება და არა რევოლუცია“.

 

გთავაზობთ „დეილი ტელეგრაფ“-ში დაბეჭდილი პეკინელი კორესპონდენტის სოფია იანის რეპორტაჟის შინაარსს, რომელშიც საუბარია ჩინეთის შიგნით ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაწყებულ რეპრესიებზე - ბიზნესმენთა დევნაზე, ტექნოლოგიური კომპანიების აკრძალვაზე, არასრულწოვანებისადმი კონტროლზე...

 

„პეკინში, მდინარის გასწვრივ შენობები დგას, რომლებსაც ჯარისკაცები იცავენ. მათგან ერთ-ერთს „ჩინეთის მართვის აკადემიის ცენტრალური პარტიული სკოლა“ წარმოადგენს. სკოლაში ჩინეთის მმართველი ელიტის წარმომადგენლები მშობლიური პარტიის ისტორიას სწავლობენ, მის პოლიტიკურ დოქტრინას, რომლის საფუძველს ქვეყნის ლიდერის იდეები წარმოადგენს - სი ძინპინისა, რომელიც სულ უფრო უძლიერესი პიროვნება ხდება.

 

თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, 2012 წლიდან, სი ძინპინმა პარტია და მისი იდეოლოგია ჩინური საზოგადოების ყოველი წევრის გულამდე მიიყვანა და იმავდროულად, ულმობლად გაუსწორდა ყველას, ვინ წინააღმდეგობა გაუწია - ყველა საპყრობილეში ჩასვა.

 

ახლა კი მისი გეგმები სულ უფრო ფართოვდება.

 

უკანასკნელ ხანს ჩინეთში შეიმჩნევა ცენზურის გაძლიერება, ფართოვდება აკრძალვები, რომლებიც პოპულარულ ადამიანებს ეხებათ, ცნობილ კომპანიებს და მილიარდერებს.

 

რეპრესიები სულ უფრო ფართოვდება და ჩინური საზოგადოების ფართო ფენებს მოიცავს, ქვეყნის ყველა კუთხეში. გასულ კვირას ტელეშოუებში გამოსვლა იმ მამაკაცებს აუკრძალეს, რომლებიც ძალიან ქალურად გამოიყურებიან. ბავშვების ონლაინ-თამაშების დრო კვირაში მხოლოდ სამი საათით შემოიფარგლა. იხურება პოპულარული ადამიანების ფან-კლუბები, მათ წევრებს დევნიან. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ზის და წყვეტს, რა დაუშვას პოპ-კულტურაში და რა არა, ან როგორ გაატაროს ხალხმა დასვენების დრო.

 

მსგავსი დრამატული და უეცარი პოლიტიკური ნაბიჯები იმ კულტურულ რევოლუციას ჰგავს, როცა „საზოგადოება კაპიტალისტური ელემენტებისაგან გაიწმინდა“ და ჩინეთი დიდი მაო ძედუნის იდეოლოგიის მიხედვით გარდაიქმნა [1960-იანი წლების დასაწყისამდე].

 

დამკვირვებლები თვლიან, რომ სი ძინპინი ნიადაგს ამზადებს ჩინეთის კომპარტიის მე-20 ყრილობისათვის, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს. იგი ბოლო წლებში ყველანაირად ცდილობდა საკუთარი კულტის შექმნას - ისე, როგორც ამას მაო ძედუნი აკეთებდა. პარტიის მეოცე ყრილობაზე სი ძინპინს იმედი აქვს, რომ მმართველობის ვადები გააუქმდება და იგი ჩინეთის მარადიული ლიდერი გახდება. 2017 წელს მან თავისი დოქტრინა გაავრცელა - „სი ძინპინის აზრები“, რომელიც გასული წლიდან სკოლებში ისწავლება შვიდი წლის ასაკის ბავშვებისათვის.

 

რაც შეეხება რეპრესიებს: გასულ წელს გაუჩინარდა ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ტექნიკური მაგნატი, მილიარდერი ჯეკ მა. მან მკაცრად გააკრიტიკა ჩინეთის ეკონომიკის მარეგულირებელი ორგანობი და ისინი ინოვაციების დამბრკოლებლად შერაცხა. მილიარდერმა პირადად უსაყვედურა სი ძინპინს, რომ მან ქვეყნისთვის სასარგებლო გარიგება შეაჩერაო. ეს ნიშნავდა, რომ ჯეკ მამ - ჩინელმა პოპულარულმა და პატივცემულმა ბიზნესმენმა ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი არაკომპეტენტურობაში ამხილა.

 

ხმები დადიოდა, რომ ამ გამოსვლის შემდეგ ჯეკ მას „ზემოთ“ გაესაუბრნენ. მოგვიანებით იგი საზოგადოებას მცირე ხნით დაენახვა და უკვე თითქმის ერთი წელია ჩუმად არის, არაფერს აღარ ლაპარაკობს. გზავნილი ნათელი იყო: არავინ არ უნდა გაბედოს, ვინ არ უნდა იყოს იგი, მმართველი კომპარტიის ლიდერის გაკრიტიკება და მისი გამოწვევა.

 

ჩინელმა მსხვილმა ბიზნესმენებმა „ჭკუა ისწავლეს“: მათ უკან დაიხიეს და მთავრობას ყველა ინიციატივაში მხარს უჭერენ, საკუთარი ქონების საზიანოდაც კი. იმავე ჯეკ მას კომპანიამ „ალიბაბამ“ განაცხადა, რომ მზადაა 15 მილიარდი დოლარი დახარჯოს სოციალური თანასწორობის მისაღწევად და პეკინის „ასაყვავებლად“.

 

ასევე უნდა გავიხსენოთ ცნობილი მსახიობი ქალი ჯაო ვეი, ყველაზე პოპულარული ტელესერიალის ვარსკვლავი, რომელსაც სი ძინპინის რეპრესიების ერთ-ერთ მთავარ მსხვერპლად ასახელებენ. არავინ იცის, რა აწყენინა მან პარტიულ ხელისუფლებას, მაგრამ გასული წლიდან მისი სახელს აღარსად ახსენებენ, იგი ამოიშალა ყველა სტატიიდან, აიკრძალა ყველა ფილმი მისი მონაწილეობით. მოკლედ, თითქოსდა ჯაო ვეი საერთოდ აღარ არსებობს“, - ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში ასევე განხილულია ჩინეთის სახალხო განათლების სისტემაში შეტანილი ცვლილებებიც, კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ