დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

"თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად" - უცხოური პრესა 14.09.2021 16:16

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ («Независимая газета») 14 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „თბილისი მზადაა მიხეილ სააკაშვილის „ძალიან ლამაზად“ დასაპატიმრებლად: ექს-პრეზიდენტის მიმართვამ ქართველი სამხედროებისადმი შეიძლება საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ისევ გააუარესოს“ (ავტორი - იური როქსი).

 

პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის მორიგ განცხადებაზე სამშობლოში დაბრუნების თაობაზე და ამასთან დაკავშირებით, დეპუტატ თაკო ჩარკვიანის ინიციატივაზე, შეიქმნას „საერთო-სახალხო მოძრაობა“ ქვეყნის ყოფილი ლიდერის თბილისში ჩამოსვლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით („აეროპორტში 40 ათასამდე ადამიანი უნდა შეიკრიბოს“).

 

სტატიაში გადმოცემულია ხელისუფლებისა და ოპოზიციის თვალსაზრისები ექს-პრეზიდენტის სავარაუდო დაბრუნების შესახებ: მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატის შალვა პაპუაშვილის განცხადება („არა მგონია, რომ საქართველოში 40 ათასი ადამიანი მოიძებნოს, ვინც მხარს სანდრო გირგვლიანის მკვლელებს დაუჭერს“), ირაკლი კობახიძის აზრი („მიხეილ სააკაშვილი თუ ჩამოვა, მას საზღვრიდან ციხეში ძალიან ლამაზად მივაბრძანებთ... მისი მომხრეები 40 ათასს კი არა, 5 ათას ადამიანსაც კი ვერ შეაგროვებენ...“), ნიკა მელიას ნათქვამი (მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება მისი მორალური უპირატესობის აქტი გახდება და საზოგადოების დესტაბილიზებას არ გამოიწვევს. ჩვენ არ მივცემთ რეჟიმს ვინმე შეცდომაში შეიყვანოს“).

 

„ვიდეომიმართვის დროს მიხეილ სააკაშვილმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს მოუწოდა, რომ ორი ოქტომბრის არჩევნებში ხმა მისცენ ოპოზიციას, რომ სამშობლო ბიძინა ივანიშვილისაგან გადაარჩინონ. ამ ფაქტმა სამხედრო წრეებში მწვავე გამოხმაურება გამოიწვია გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურეების პოლიტიკურ თამაშებში ჩაბმა არ უნდა იქნეს დაშვებული, არმია პოლიტიკის ჩამოშორებულია. ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, როცა ოფიცრები და მეთაურები ზეწოლის ქვეშ იყვნენ, დღეს აღარ ხდება. სამხედრო ნაწილებში არცერთი საარჩევნო უბანი არ არის შექმნილი. ყოველი სამხედრო მოსამსახურე თავისუფალია თავის არჩევანში“.

 

როგორც  „ნეზავისიმაია გაზეტას“ თბილისიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, მიხეილ სააკაშვილის მიმართვას სამხედრო მოსამსახურეებისადმი ხელისუფლება, ალბათ, უყურადღებოდ არ დატოვებს - ასეთი ქმედება უცხოელი მოქალაქის (უფრო მეტიც - უცხო ქვეყნის მთავრობის წევრის) საქართველოს საშინაო საქმეში ჩარევად შეფასდება. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და იმავდროულად იგი უკრაინის პრეზიდენტთან შექმნილი რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარეცაა. მისმა მცდელობებმა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოსახდენად ადრეც არაერთხელ გაართულა თბილისისა და კიევის ურთიერთობა, თვით ელჩის გამოწვევამდეც კი. ექს-პრეზიდენტის გააქტიურება პერიოდულად ხდება: ბოლო დროს მისი ანტიოცნებური განცხადებები დაემთხვა ვლადიმერ ზელენსკის ყოფნას ბათუმში და ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს კიევში“, - ნათქვამია სტატიაში.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ