დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

როგორ მტკიცდება რუსეთ-ბელარუსის კავშირები - The Economist 15.09.2021 16:36

ცნობილ ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტ“-ში («The Economist») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთის სამხედრო წვრთნები: ყველაზე მასშტაბური ბოლო 40 წლის მანძილზე ევროპაში // «Запад-2021»-ით რუსეთ-ბელარუსის კავშირები მტკიცდება“. მასში განხილულია მოსკოვისა და მინსკის მიერ ერთობლივად ჩატარებული სამხედრო სწავლებების ხასიათი, მიზნები და შედეგები. სწავლებები ბელარუსის დასავლეთ ნაწილში 10 სექტემბერს დაიწყო და 16 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

სამხედრო სწავლებებს საერთო კოდური სახელწოდებით „დასავლეთი” («Запад») საკმაო ხნის ისტორია აქვთ. პირველი სწავლება, «Запад-1981“, ყველაზე მსხვილ და გრანდიოზულ მანევრებს წარმოადგენდა, რომელიც ოდესმე ჰქონდა ჩატარებული საბჭოთა კავშირს. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 150 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ საბჭოთა კავშირიდან და მისი სატელიტებიდან - ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან.

 

თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დავუჯერებთ, სამხედრო წვრთნებში, რომლებიც ხვალ, 16 სექტემბერს უნდა დასრულდეს, თითქმის 200 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს რუსეთიდან, ბელარუსიდან და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან. ეს რაოდენობა ბევრად აღემატება ნატოს ყველაზე მსხვილ წვრთნებს, ბოლო დროს ჩატარებულს. ამ წვრთნებში გამოიხატება როგორც რუსეთის ცივი დამოკიდებულება დასავლეთისადმი, ასევე მოსკოვის ურთიერთობების განმტკიცება მინსკთან.

 

«Запад-1981» ისეთ დროს ჩატარდა, როცა პოლონეთში კრიზისი იყო, თუმცა არსებულ სიტუაციას ნორმალურს ვერც ახლა ვერ უწოდებ. ყველასათვის ცნობილია, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, შარშანდელი პროტესტების შემდეგ, კურსი მოსკოვთან დაახლოებისაკენ აიღო: 9 სექტემბერს მოსკოვში იგი თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდა (უკვე მეექვსედ მიმდინარე წელს!), რომლის შემდეგ რუსეთ-ბელარუსს შორის „კიდევ უფრო მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური ინტეგრაცია“ გამოცხადდა.

 

გარდა ამისა, 40 წლის წინანდელი «Запад-1981» იმით განსხვავდება წლევანდელი «Запад-2021»-სგან, რომ იმ დროს, ანუ 1981 წელს, სამხედრო სწავლებების მასშტაბის რაიმე შემზღუდველი ზომა არ არსებობდა, მოგვიანებით კი, 1990 წელს, მიღებული იქნა ვენის შეთანხმება „ევროპაში ნდობის განმტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვით, ის სამხედრო წვრთნები, რომელშიც 13 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, წინასწარ უნდა გამოცხადდეს და ღია უნდა იყოს უცხოელი სამხედრო დამკვირვებლებისათვის. რუსეთი განმარტავს, რომ ეს წვრთნები ერთიან მანევრებს არ წარმოადგენს და ის პატარ-პატარა, წვრილი წვრთნების სერიისაგან შედგება, ანუ, ვენის დოკუმენტის ჩარჩოებს სცილდება. თავის მხრივ, ბელარუსიც „ეშმაკობს“ და აცხადებს, რომ წვრთნებში მონაწილე რუსი სამხედრო მოსამსახურეები კანონიერად არიან დისლოცირებულნი ქვეყნის ტერიტორიაზე და მათი მონაწილეობა არანაირ დარღვევად არ ჩაითვლება...

 

დასავლეთს და კერძოდ, ნატოს წევრ სახელმწიფოებს განსაკუთრებით აშფოთებს ის ფაქტი, რომ წვრთნები პოლონეთის საზღვართან ახლოს მიმდინარეობს, დაახლოებით 200 კილომეტრზე ვარშავიდან. თავის მხრივ, პოლონეთიც, რომელსაც რუსეთთან არცთუ სასიამოვნო დამოკიდებულება აქვს, შეეცადა უსაფრთხოების ზომები მიეღო და ბელარუსთან საზღვრის პირას მდებარე თავის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

ის, რომ «Запад-2021» ევროპაში აჟიოტაჟს იწვევს, ეს ფაქტი კრემლისთვის სასიამოვნოა. მართალია, რუსეთის სამხედრო ხარჯები ბევრად ჩამოუვარდება ამერიკულს და მნიშვნელოვნად მცირეა ჩინეთის ხარჯებზეც, ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ მოსკოვმა თავისი არმიის შეიარაღების დონე ხარისხობრივად საკმაოდ გააუმჯობესა ბოლო 15 წლის განმავლობაში: რუსეთის არმია, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში მუდამ რესურსების სიმცირეს განიცდიდა, ჯარისკაცებს დახეული ფორმა ეცვათ და რომელმაც ცუდად გამოავლინა თავისი თავი საქართველოსთან 2008 წელს მომხდარი ომის დროს, ახლა უკვე ბევრად მობილური, მწყობრი და მანევრირებადი გახდა. რუსებმა დიდი საბრძოლო გამოცდილება მიიღეს სირიაში, უკრაინაში და სხვა ცხელ წერტილებში.

 

«Запад-2021»-ის მიზანი არა მარტო იმაში გამოიხატება, რომ გააუმჯობესოს რუსეთის მზადყოფნა სავარაუდო დიდი ომის წინ ბელარუსთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, არამედ იმაშიც, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეების (ანუ ნატოს წევრების) წინაშე თავისი არმიის ძალის დემონსტრაცია მოახდინოს.

 

«Запад-2021» შესაძლებლობასაც აძლევს რუსეთის სამხედრო დიპლომატიასაც აჩვენოს ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს - რამდენადაც გარიყავს დასავლეთი რუსეთს, იმდენად რუსეთი მეგობრებს სხვა ადგილებში იპოვის. წვრთნებში მონაწილეობენ სამხედრო ქვედანაყოფები სომხეთიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, მონღოლეთიდან, პაკისტანიდან და შრი-ლანკიდანაც კი. მართალია, «Запад-2021»-ში ჩინეთი არ მონაწილეობს, მაგრამ გავიხსენოთ, რომ გასულ თვეში პეკინმა და მოსკოვმა დიდი ერთობლივი სწავლება ჩაატარეს ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩამოთვლილი ქვეყნებისათვის ბელარუსი ახლო მეგობარი გახდა.

 

კიდევ ერთი მომენტი წვრთნების ფონზე: ადრე ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებდა, რომ ბელარუსი რუსეთის ერთგული მოკავშირეა და დასავლეთის მხრიდან ერთგვარი ფარის როლს ასრულებსო, მაგრამ ამის პარალელურად, სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნისა და კრემლთან ახლო ურთიერთობების მიუხედავად, იგი მაინც უფრთხოდა მოსკოვის გაბატონებას თავის ქვეყანაში (რუსული ჯარების დისლოცირების გამო). საბოლოოდ კი ალექსანდრე ლუკაშენკო მაინც იძულებული გახდა რუსი კოლეგისთვის დახმარება ეთხოვა, 2020 წლის პროტესტებთან დაკავშირებით. ახლა კი ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ როლები შეიცვალა: ბელარუსი კი აღარ იცავს რუსეთს, არამედ პირიქით - რუსეთი ბელარუსს.

 

წყარო: https://www.economist.com/europe/2021/09/13/russia-holds-the-largest-military-exercise-in-europe-for-40-years

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ