მიდის ღია შეტევა ქართულ სახელმწიფოზე, ზუსტად 30 წლის წინანდელ ანალოგად, როდესაც ზვიად გამსახურდიას ზიზღით, ახალფეხადგმული ქართული სახელმწიფო დააზიანეს და გადაწვეს, დემოკრატიის სახელით, რეალურად კი რუსული ფულით და იარაღით! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე წერს.
"დღესაც, ფაქტობრივად იგივე ხალხი, ასაკშეპარული, მაგრამ იგივე ჟინით, ისევ რუსული ფულით და მოსკოვში დაწერილი სცენარით ცდილობს ქართული სახელმწიფოს განადგურებას!
სუს - ის ფაილების გამოტანის ამბავიც, როგორ ტექნიკურად მიაბეს, მეტი დამაჯერებლობისათვის, ციხის კადრების ისტორიას?!. აქაც სისტემის ნაწილს, "პატრიოტული" და "სინდისის ქეჯნის" მოტივით გამოაქვს ეს ფაილები, თუმცა შემდეგ თავს იკლავს თუ როგორც მოწმეს იშორებენ, ნაკლებად მნიშვნელოვანია.
მზადდება დიდი შეთქმულება, კომპრომატების ომის დაწყება, სუს ის სკანდალური ფაილების მედია ბადის დღის წესრიგად ქცევა და ამ სკანდალური თემის არჩევნებამდე დარჩენილ დღეებში, კიდევ უფრო გავრცობის დაანონსება, ერთადერთ მიზანს ემსახურება-არჩევნების მეორე დღის, საპროტესტო გამოსვლების და დესტაბილიზაციის პროცესად გადასაქცევად. უკვე, აღარც მალავენ, რომ მთავარი არა მერების და ადგილობრივი ორგანოების არჩევნები, არამედ "რეფერენდუმად" ქცეული ვადამდელის დაკანონებაა.
ყველაზე ნიშანდობლივი და პოლიტიკური ცინიზმის განსახიერება კი ისაა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის 43 პროცენტიან ჩამკეტ ზღვარს, ის პარტია უდგას სათავეში, რომელმაც ასი დღის განმავლობაში, სანამ "ოცნება" არ გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან, საერთოდ არ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს!
ექვსთვიანი საბოტაჟში გადასული საპარლამენტო ბოიკოტიც მანამ არ დაასრულეს, სანამ მარტში აშშ ის კონგრესში საქართველოს საკითხის განხილვისას ამერიკელმა კანონმდებლებმა პარლამენტში არ შესვლით რუსული ინტერესების გატარებაზე პირდაპირ არ მიუთითეს.
ამ პროცესების რუსულ კვალზე მიუთითებს, მიხეილ სააკაშვილის შემოყვანის მცდელობაც მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარებმა მას მოუწოდეს სიტუაციის უფრო მეტად გამწვავების და სამოქალაქო დაპირისპირების ასარიდებლად თავი შეიკავოს საქართველოში ჩამოსვლისაგან.
ჭკუით ქართველებო, ისტორიის გაუთვალისწინებლობამ ცხვირი ბევრჯერ წაგვამტვრევინა, ისტორიამ მწარე განმეორებები იცის!" - წერს გიორგი ცუცქირიძე.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge