დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

ძლიერს ყოველთვის ებრძვიან, ამიტომ არის გიორგი გახარია მთავარი სამიზნე -კახა ცეცხლაძე 16.09.2021 21:17

პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი კახა ცეცხლაძე „ჯორჯიან თაიმსთან“ მოახლოებული საარჩევნო გარემოს შესახებ საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული  წინასაარჩევნო პროცესი საკმაოდ არასტაბილურია, თუმცა, მოლოდინი იმისა, რომ მისი გუნდი ამ არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, მაინც არსებობს.

 

- ბატონო კახა, როგორ შეაფასებდით მიმდინარე საარჩევნო პროცესს?

 

- საარჩევნო გარემო საკმაოდ არასტაბილურია. სამწუხაროდ, მმართველი გუნდი, წინა ხელისუფლების მსგავსად, ერთსა და იგივე წრეზე ტრიალებს: წარსულზე ორიენტირებული რიტორიკა, ძალადობა, დაშინება, მოსყიდვა... ეს ყველაფერი კი, ქმნის არაკონკურენტუნარიან გარემოს და სერიოზულად ამუხრუჭებს ქვეყნის განვითარებას ყველა ასპექტში. ყველაფერი ეს კი, განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას. 

 

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მკაფიო განაცხადია: ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ, თუმცა, ვერთიანდებით ოკუპაციის წინააღმდეგ, ვერთიანდებით კორუფციის წინააღმდეგ, ვერთიანდებით ნეპოტიზმის წინააღმდეგ, ვერთიანდებით სიღარიბის წინააღმდეგ, ვერთიანდებით უსამართლობის წინააღმდეგ და ა.შ. ჩვენთვის მიუღებელია გახლეჩილი საზოგადოება, პოლარიზებული პოლიტიკური ელიტა და სიძულვილის ენა, რომელმაც ასე მოიკიდა ფეხი, სატელევიზიო თუ რეალურ ცხოვრებაში.

 

- რა რესურსი გაქვთ ამ ყველაფრის შესაცვლელად?

 

- ჩვენი რესურსი ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე:  კეთილსინდისიერება, პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული! იმის მიუხედავად, რომ გვქონდა მაღალანაზღაურებადი სამსახურები, გადავწყვიტეთ ცვლილებებისთვის დაგვეჭირა მხარი. ახალ გუნდთან ერთად დავსახეთ ქვეყნის განვითარების სტრატეგია პოლარიზებული, გახლეჩილი საზოგადოების გასაერთიანებლად და რაც მთავარია,  ეკონომიკური ცვლილებებისთვის. გუნდის ლიდერმა, ბატონმა გიორგი გახარიამ შეძლო ფასეულობების ირგვლივ საინტერესო, მიზანდასახული და პროგრესული ადამიანების  გაერთიანება.

 

- თქვენ გუნდს თითქმის ყოველდღე ტოვებენ პარტიის წევრები. ამის მიზეზად თქვენი პარტიის "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსს ასახელებენ...

 

- ეს არ არის სწორი ინტერპრეტაცია. დასაწყისში ვისაუბრე არასტაბილურ საარჩევნო გარემოზე, რომელიც ხელისუფლებას აქვს შექმნილი. სამწუხაროდ, პარტიის წევრებზე მიდის ზეწოლა, რომელიც სხვადასხვა ფორმით გამოიხატება; როგორიცაა: ოჯახის წევრების დაშინება, სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა ბიზნესზე, ფულის შეთავაზება, სამსახურში დასაქმება და სხვა. აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ასეთ ზეწოლას ვერ უძლებენ, თუმცა, სწორედ ეს გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით გავაგრძელოთ ბრძოლა და შევცვალოთ მანკიერი პრაქტიკა.

 

ჩვენ საკმაოდ რთულ გზას გავდივართ. ერთის მხრივ, პარტია ახლად შექმნილია და ჩართული ვართ საარჩევნო პროცესში, ამის პარალელურად ვაშენებთ პარტიულ სტრუქტურებს. ამომრჩევლის მხარდაჭერით, არჩევნების დასრულების შემდეგ, უფრო ძლიერი და გამართული პარტიული სტრუქტურებით ვიქნებით წარმოდგენილები.

 

- თქვენი პარტიის ლიდერი არის დედაქალაქში მერობის კანდიდატი. როგორ შეაფასებდით მის  შანსებს და აქვე გკითხავთ ნარკოლოგიურ შემოწმებაზეც.

 

- გიორგი გახარია ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყოველთვის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი აზროვნებით და ამიტომაც, მისი წამოსვლაც იყო ღირსეული ნაბიჯი, – ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. აქსიომაა, ძლიერს ყოველთვის ებრძვიან. ამიტომაც არის გიორგი გახარია მთავარი სამიზნე. აქედან გამომდინარე, ქვეყნის მთავარ დესტრუქციულ ძალაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ მეტად, გიორგი გახარიას ებრძვიან, რადგან ის რეალური კონკურენტია. 

 

მჯერა, რომ თბილისი სწორ არჩევანს გააკეთებს და დედაქალაქს ეყოლება სრულიად ახალი ტიპის მმართველი, გამორჩეული მერი გიორგი გახარიას სახით, რომელსაც აქვს კონკრეტულად განსაზღვრული, დედაქალაქის საჭიროებებზე მორგებული რეალური ხედვა. ჩვენ არ ვიძლევით ცრუ დაპირებებს; ჩვენი პროგრამა აგებულია იმ რესურსსა და შესაძლებლობებზე, რომლის შესრულებაც უპირობოა.

 

რაც შეეხება ნარკოლოგიურ შემოწმებას, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მმართველი გუნდისთვის გიორგი გახარია უპირობო კონკურენტია. სწორედ ამიტომ დაიწყო სპეკულაცია ნარკოტიკზე, რომ მომხდარიყო დებატების თემის გადაფარვა, რომელიც გახარიამ ოპონენტებს შესთავაზა. სამწუხაროდ, არ ყოფნით გამბედაობა, დებატებში დასხდნენ ჩვენი პარტიის ლიდერთან. გიორგი გახარია ნარკოტესტს ჩაიტარებს ევროპის აღიარებულ ლაბორატორიაში. (ჩაიტარა ვენაში და შედეგი იქნება ცნობილი). ახლა ეს თემაც რომ არ გამოუვიდათ დაიწყეს ყველაზე ბინძური ბრალდებებისა და ისრების გადმოტანა, რაც ეხება ე.წ სუსის მასალების გასაჯაროებას, რომელიც აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, აზიანებს მართლმადიდებლურ ეკლესიას და აზიანებს საზოგადოებას, ჩვენი გუნდი მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. გუნდის გამორჩეულმა წევრმა,- ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა გააკეთა განცხადება, რომელიც კლავს სპეკულაციის თემას და მზადაა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, არ შეიძლება ადამიანს ცილი დასწამო, როცა მთელი ცხოვრება სახელმწიფო ინტერესებს იცავდა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად. სამწუხაროდ, ცილისწამება და ტალახის სროლა კვლავ აქტუალურია. ამიტომ, ვთხოვ ამომრჩეველს მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი. არჩევანი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა ვცეთ შემდგომში.

 

- თქვენ ძირითადად საარჩევნო პერიოდში აჭარის რეგიონში ხართ და რა გამოწვევებია იქ?

 

- აჭარა, მზარდი ეკონომიკური პოტენციალის ცენტრია და სტაბილური ბიზნეს გარემოს შემთხვევაში, მიზიდულობის ცენტრად შეიძლება მთლიანი რეგიონის გარდაქმნა. ჩვენ გვაქვს სწორი ხედვა აჭარის შემდგომი განვითარებისთვის, კერძოდ: ქობულეთი-ბათუმი-სარფის ერთიანი საზღვაო ზოლის განვითარება, მაღალმთიანი აჭარის რესურსის კიდევ უფრო უკეთ გამოყენება, რადგან, ზემო აჭარა არის ჩვენი ქვეყნის საგანძური, თავისი ისტორიით, წარსულის მემკვიდრეობით, უნიკალური ლანდშაფტით და ადამიანებით. საზღვრისპირა რეგიონს უნდა მიექცეს მეტი ყურადღება და მოხდეს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

 

მთის ხელუხლებელი ველური ბუნება, ისტორიული ძეგლები, გეოგრაფიული მდებარეობა სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს რეგიონის გასაძლიერებლად. რესურსების სწორად გამოყენება აჭარის მოსახლეობას სტაბილური ეკონომიკით უზრუნველყოფს. ასევე, უნდა მოხდეს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილება, რომელიც შეეხება თვითმმართველობის ეფექტურობის გაზრდას და ადგილობრივი, რეგიონული თუ სახელმწიფო პროგრამების და პროექტების მიზნობრივ განხორციელებას.

 

რაც შეეხება ქალაქ ბათუმს, ქაოსური განაშენიანების პოლიტიკა უნდა აიკრძალოს და ქალაქის დაგეგმარებისა და განაშენიანების საკითხი ერთგვაროვანი პრაქტიკით დარეგულირდეს. ქალაქში საფრთხე ექმნება ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებს და საჭიროა ასეთი ძეგლების რესტავრაცია/რეაბილიტაცია. მძიმე სურათია ავარიული სახლების მხრივაც. ბაგა-ბაღების სიმცირის გამო, ათასობით ბავშვი ვერ ახერხებს რეგისტრაციას და სხვა უამრავი სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემები იჩენს თავს.

 

მოსახლეობის ყველა პრობლემებზე რეაგირებისთვის, გვყავს ქალაქ ბათუმზე შეყვარებული ადამიანი, ბატონი ირაკლი მიქელაძე, რომელმაც ბათუმელებს ქალაქის ინტერესებზე მორგებული  სამოქმედო გეგმა და პროგრამა წარუდგინა. მჯერა,რომ ჩვენი მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. არჩევანს – „საქართველოსთვის“.


- და ბოლოს, რა მოლოდინები გაქვთ?

 

- ჩვენ პრაგმატული გუნდი ვართ. რეალობას ვაფასებთ, ვიცით რა ბრძოლაში და რა გამოწვევების წინაშეც ვართ. მინდა კიდევ ერთხელ საჯაროდ განვაცხადო, რაც ახლოვდება არჩევნები, მით მეტი ტყუილი და ცილისწამება ისმის ჩვენი გუნდის მისამართით. ჩვენ არავის პროექტი არ ვართ, არც არავის განაყოფი და არც არავის ქოლგის ქვეშ მყოფი. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც გაერთიანდა საქართველოსთვის და ვისაც გული ერჩის, უნდა შემოგვიერთდეს. დღითიდღე ვძლიერდებით... უამრავი ადამიანი მოდის, მხარს გვიჭერს, ძალიან ბევრი ვერ გამოდის ღიად და ისე აფიქსირებს მხარდაჭერას. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამ ცვლილებების სათავეში იქნება. ეს არაა მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს დიდი ცვლილებების დასაწყისია. ჩვენი გუნდი უკეთესი მომავლის ასაშენებლად გააერთიანებს დაყოფილ, გახლეჩილ საზოგადოებას. ყველას მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში მონაწილეობა. ჩვენ არ ვყოფთ ამისტებად და იმისტებად, ყველანი უნდა ვიყოთ საქართველოსთვის,  საქართველო კი ყველა ქართველისა და საქართველოს მოქალაქისაა, ეს ერთი დიდი ოჯახია და ამ ოჯახს გადარჩენა სჭირდება.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ