დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს 17.09.2021 14:16

“საქართველო გერმანიასთან ლეგალურ სამუშაოებზე დასაქმების გაფართოებას გეგმავს, ამ დროს კი წინა პროგრამა პირწმინდად ჩავარდა და ქართველების ნაწილმა კონტრაქტი საერთოდ გაწყვიტა. გერმანიაში სეზონურად მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა, მიუხედავად იმისა, რომ წასვლის სურვილი ათეულ ათასობით ადამიანმა გამოთქვა. გერმანიიდან ჩამოსული ქართველების ნაწილი ახლა სასამართლოში ჩივის. პროცესი 21 დეკემბერსაა ჩანიშნული. ქართველები გერმანელ დამსაქმებელსაც უჩივიან და საქართველოს სახელმწიფოსგანაც იმ თანხის გადახდას ითხოვენ, რომელიც 3 თვის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში მუშაობისას, სამშობლოში უნდა ჩამოეტანათ. ამას ემატება მორალური ზიანის საკომპენსაციო. თანხა, რომელსაც ქართველები სახელმწიფოსგან მოითხოვენ, 15-დან 17-ათას ლარამდე მერყეობს. საქართველოში დაბრუნებული ჯაბა ჩაჩანიძე, რომელიც სხვებთან ერთად სასამართლოში ჩივის, აცხადებს, რომ გერმანელი დამსაქმებლისგან ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გერმანიაში ლეგალურად დასაქმების სურვილი აღარავის აქვს, მთავრობა კი პროგრამას აფართოებს / უკან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა სასამართლოში იჩივლეს და 17 000 ლარს ითხოვენ.


“საქართველოში დაბრუნებული ჯაბა ჩაჩანიძე, რომელიც სხვებთან ერთად სასამართლოში ჩივის, აცხადებს, რომ გერმანელი დამსაქმებლისგან ვალდებულებების შესრულება არ მომხდარა. “სასამართლო გაიმართება 21 დეკემბერს. გერმანიიდან 3 თვის განმავლობაში რაც უნდა ჩამოგვეტანა, მოვითხოვთ ამ თანხის სრულად ანაზღაურებას და ამას დამატებული მატერიალური და მორალური ზარალიც. ერთად გამოდის 15-17 ათას ლარამდე. ასევე, ვუჩივით გერმანელ ფერმერსა და დამსაქმებელს, მამა-შვილია. გერმანიაში არსებობს ორგანიზაცია “მირა”, რომელიც ამოწმებს შრომის პირობებს და მასთან პროფკავშირებმა დაგვაკავშირა. მათ ყოველდღე, სისტემატურად ვწერდი, რომ მოსულიყვნენ და შეემოწმებინათ საცხოვრებელი და შრომითი პირობები. 4 ივნისს მოვიდნენ, შეამოწმეს პირობები, შემდეგ ფერმერს გაუგზავნეს წერილი, დაჯარიმებით ემუქრებოდნენ და ზუსტად 10 დღეში დამსაქმებელი შეგვიცვალეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ჯაბა ჩაჩანიძე.

 

მეორე დამსაქმებელთან დაახლოებით იგივე სიტუავია იყო. თავად ფერმერები გერმანულ კანონს გვერდს უქცევენ და ყველას იაფად ამუშავებენ. რუმინელები და პოლონელებიც ჰყავთ. მეორე დამსაქმებელს არ ვუჩივით, რადგან სამუშაო ორ დღეში დავტოვეთ და წამოვედით. საცხოვრებელი პირობები კარგი იყო, მაგრამ ანაზღაურება იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე პირველ დამსაქმებელთან. მეორე დამსაქმებელთან 20 ადამიანი წავედით. 3 პირველი დამსაქმებლიდან უკან, საქართველოში დაბრუნდა, ანუ მეორესთან არ წამოსულა და ერთი ადამიანი ჯგუფს საერთოდ გამოეყო და თავისით იპოვა სამუშაო. ამ 20 ადამიანიდან 10 ქვეყანაში დავბრუნით და 10 მეორე დამსაქმებელთან დარჩა... ყოველდღე ვმუშაობდით, დღეში, მაქსიმუმ, 10-15 ევრო გამოგვდიოდა მაშინ, როდესაც დანაპირები იყო დღეში 70 ევრო. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ქართულ მხარეს არ ჰქონდა გარკვეული, სად გვიშვებდნენ და რა გველოდებოდა. კონტრაქტში არ ეწერა ის პირობები, რომლებიც რეალურად იქ დაგვხვდა და რომ გვცოდნოდა, გერმანიაში წასვლაზე ყველა უარს იტყოდა”, - თვლის რესპონდენტი.

 

“ვერ ვიტყვი, რომ გერმანიაში წასული ყველა ჯგუფი მსგავსი იყო. გამოიკვეთა 1-2 ჯგუფი და მათ ნორმალური ვითარება დახვდათ. ძალიან ბევრი გავაფრთხილე, რომ გერმანიაში არ ჩასულიყვნენ. ზოგმა დამიჯერა, ზოგმა - არა. ვინც ჩამოვიდა და სიტუაციას პირდაპირ შეეჩეხა, გამოსავალი აღარ ჰქონდა და ზუსტად ასეთი სიტყვებით მწერდნენ - არ დაგიჯერე და წავაგეო. ვიცი, რომ ზოგმა კონტრაქტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ხმას რატომ არ იღებენ, ვერ გეტყვით”, - ამბობს ჯაბა ჩაჩანიძე. თავდაპირველად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანიაში მხოლოდ 208 საქართველოს მოქალაქე დასაქმდებოდა, რადგან წასვლის მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო. გერმანიაში ჩასვლის შემდეგ ვითარება მალე სრულიად სხვაგვარი აღმოჩდა, ქართველების ნაწილი სამშობლოში ნაადრევად დაბრუნდა. როგორც სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი აცხადებს, პროგრამასთან დაკავშირებით ადამიანები თავიდანვე ნაკლებად ინფორმირებულნი იყვნენ, ძალიან ბევრი კითხვა იყო დასმული, რომლებზეც პასუხების გაუცემლობამ ნეგატიური გავლენა მოახდინა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ადამიანები თავიდანვე ნაკლებად ინფორმირებულნი იყვნენ. იყო საუბარი საშემოსავლო გადახდის ნაწილზე, რომ ანაზღაურება მოხდებოდა ლარებში და ა.შ. ინფორმაციის დეფიციტი ჰქონდა თავად ჯანდაცვის სამინისტროს და ერთიანი მიდგომა არ არსებობდა. ჯანდაცვის სამინისტროს უშუალოდ გერმანული ქალაქებისა და დაბების დონეზე უნდა მოეხდინა ორგანიზება, რათა ვისაც სურვილი ჰქონდა, ჩართულიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, მენეჯერებმა ვერაფერი მოახერხეს. ამ გარემოებამ და არასრულყოფილმა ინფორმაციამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ამიტომ ხვალ და ზედ ნაკლებად მოუნდება სხვას, ანალოგიურ პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა”, - მიიჩნევს აკაკი ჩარგეიშვილი. ასეთი ვითარების მიუხედავად, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების სეზონური დასაქმების პროგრამა გაგრძელდება, გაფართოვდება - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გერმანულ მხარესთან არსებულ შეთანხმებათა განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს და ქვეყანამ უკვე მიიღო პოზიტიური გამოცდილება...”, - დასძენს გამოცემა.

ავტორ(ებ)ი : “რეზონანსი”

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ