როგორ დამკვიდრდა ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში 02.10.2021 13:59

“თვითმმართველობა უკეთესი წამალია ხალხის ყოველგვარის საჭიროებისა. საცა უნდა დარგათ, იგი ყველგან ხეირობს... ყოველი სახელმწიფო, რიგიანს წესზედ ცოტათ თუ ბევრად დამდგარი, ნაწილ-ნაწილად არის დაყოფილი, რომ მოვლა და პატრონობა ადვილი იყოს…თვითმმართველობის საქებრად ეს კი უნდა ვთქვათ, რომ აქ გადამეტებულსა, თუ არ სარგებლობა, ისეთი ვნება მაინც არ მოსდევს, როგორც მას, როცა სახელმწიფოს მთავრობას გადამეტებულის ზომით დაუჭერია ცხოვრებაში ადგილი,” - ილია ჭავჭავაძე, ცხოვრება და კანონი, 1877

 

წარმატებას, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მოკლე ხანში - ორნახევარ წელიწადში (1918-1921) - მიაღწია, ჰქონდა თავისი წინამძღვრები, რომლებსაც საფუძვლები მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ეყრება. ესენია: XIX საუკუნის 60-იანებიდან ქალაქებში თვითმმართველობის დამკვიდრების მცდელობა, საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მიმდინარე დისკუსიები (პირველი დასი - “თერგდალეულები” ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, “მეორე” და “მესამე” დასები, ნიკო ნიკოლაძისა და ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით).

 

მიუხედავად რუსეთის იმპერიის მხრიდან რიგი შეზღუდვებისა, საქართველოში მაინც ჩნდებოდა ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით: კულტურული (სახალხო ბიბლიოთეკები, სკოლები და უნივერსიტეტები), სამეურნეო (ამხანაგობები, კომუნები) და საქველმოქმედო (როგორც ქართველი მეწარმეების, ისე თავად ამხანაგობებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების მხრიდან).

 

შედეგად 1918 წლის დასაწყისისათვის უკვე არსებობდა:

 

• განათლების სფეროში - სოფლის სკოლებისა და სახალხო უნივერსიტეტების საკმაოდ განვითარებული ქსელი (“ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების”, სათავადაზნაურო ბანკის, “სოფლის საზოგადოებების” მუშაობის შედეგად), რასაც 1918 წელს ქართული უნივერსიტეტის დაარსება მოჰყვა;

 

• განვითარებული სამეურნეო ამხანაგობები (მაგალითად: ქუთაისელ ქალთა მეაბრეშუმეობის ამხანაგობა, სოფელ გულგულას კომუნა, წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი და ა.შ.);

 

• საკმაოდ განვითარებული საქალაქო თვითმმართველობა - სწორედ თვითმმართველობების საქმიანობის შედეგია თბილისის ფუნიკულიორი, ტრამვაი და ქუჩების გამწვანება; ქალაქის განვითარების გეგმები თბილისში (დღევანდელი რუსთაველისა და აღმაშენებელის გამზირები), ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში);

 

• რეფორმების მოსურნე საკმაოდ ძლიერი სოციალური ბაზა (კოოპერაციული მოძრაობა, ამხანაგობები, დაწყებითი სკოლები, სათემო კომუნები), პოლიტიკური მზაობა (მაგალითად, გურიაში 1905-1907 წლების რევოლუციის პერიოდში შექმნილი “ბახვის მანიფესტი”, რაც ადამიანის უფლებათა დღევანდელი ხედვების იდენტურია და ა.შ.);

 

შედეგად ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძლიერი საზოგადოებრივი დაკვეთა და შესაფერისი მომენტის დადგომისას თვითმმართველობის მოთხოვნა იქცა ისეთ ფაქტორად, რისთვისაც ანგარიში ნებისმიერ ხელისუფლებას უნდა გაეწია.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების პროცესი განსაკუთრებით სწრაფი ტემპით რუსეთის 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ განვითარდა. ამის საფუძველს თავად ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები ქმნიდა. ადგილობრივი ინიციატივები (დაწყებული საქალაქო თვითმმართველობების გააქტიურებიდან, დასრულებული “სოფლის საზოგადოებების” მუნიციპალურ სტრუქტურებად ჩამოყალიბების მცდელობებით) იმდენად სტიქიური, ძლიერი და მრავალფეროვანი იყო, რომ ნებისმიერი ძალა, რომელიც კი ხელისუფლების სათავეში მოვიდოდა, იძულებული იქნებოდა მასზე რეაგირება მოეხდინა. ძალზე ხშირად მთავრობა - ჯერ კავკასიის კომიტეტი (1917), შემდეგ ამიერკავკასიის სეიმი (1918), ბოლოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა (1918 წლის 26 მაისის შემდეგ) - არსებულ რეალობაზე პოსტფაქტუმ რეაგირებდა. ჯერ კიდევ 1877 წელს ილია ჭავჭავაძე მიუთითებდა თვითმმართველობის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობაზე: “ჩვენ გვგონია, რაცა ვსთქვით, ეგეც სამყოფი საბუთი იყოს, რომ ხელახლად გადაისინჯოს ყოველივე კანონმდებლობა ამ საგანზედ, თუ სოფლის კეთილგანწყობა ვისთვისმე სასურველია, და ვისთვის არ უნდა იყოს 3 სასურველი! ეს კია, რომ მარტო სოფელი, როგორც ნაბოლვარი რგოლი რთულის ჯაჭვისა, ვერ ასაზრდოებს თვითმმართველობას, თუ მარტო სოფელშივე დაიწყება და სოფელშივე ჩაწყდება. სოფელს მაზრა უნდა მოჰყვეს, მაზრას – გუბერნია...”

საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო გარანტიები მოცემულია საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციაში.

ამ საკითხს მთლიანად ეძღვნება მე-10 თავი (მუხლები 98-106). კონსტიტუციის მიხედვით:

• თვითმმართველობა განაგებდა საჯარო საქმეებს თავისი ტერიტორიის ფარგლებში;

• თვითმმართველობის ორგანოები აირჩეოდა საყოველთაო არჩევნების გზით;

• თვითმმართველობის დადგენილების გაუქმება მხოლოდ სასამართლო წესით შეიძლებოდა (მთავრობას გააჩნდა თვითმმართველობის მიერ მიღებული სადაო აქტების მხოლოდ შეჩერების და არა გაუქმების უფლება). სხვადასხვა საკითხებში სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა პერმანენტულად იცვლებოდა. 1920 წლის ბოლოსათვის უკვე მომზადებული იყო რიგი კანონპროექტებისა (ახალ ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის, საერობო ფინანსების, თემის და ა.შ. შესახებ), რომლებიც ქმნიდნენ ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების საფუძველს და რომელთა მიღებაც საქართველოს დამფუძნებელი კრების 1921 წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა.

 

ვრცლად იხილეთ ბმულზე 

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები