მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ვალერი გელაშვილის ცემის ბრძანება უშუალოდ მიხეილ სააკაშვილმა გასცა.
აღნიშნულის შესახებ ჯარჯი წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„საქმეში რომ არ ყოფილიყო უტყუარი მტკიცებულებები, მით უმეტეს, ყოფილი პრეზიდენტის, უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგებოდა და ვერ დადგებოდა“.
პროკურორის განცხადებით, მტკიცებულებები არის მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩვენებები, რომლებიც ამხელენ ყოფილ პრეზიდენტს.
„არც საერთაშორისო, მაღალი რანგის ექსპერტები შეაფასებდნენ, რომ დევნის დასაწყებად საკმარისი სტანდარტი იყო. მტკიცებულებები არის მაღალი რანგის თანამდებობის პირების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ამხელენ მიხეილ სააკაშვილს. სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, რადგან მიზანშეწონილი არ არის. თითოეული ეს ადამიანი სასამართლოში წარსდგა და მოსამართლის წინაშე დაადასტურეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ გასცა ბრძანება ანგარიშსწორება მომხდარიყო. აქ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილზე, სხვა ადამიანებიც ამბობენ ამას. ის, რომ პოლიტიკოსები ამხელენ მიხეილ სააკაშვილს და მათი ჩვენებები სანდო ვერ იქნება, ეს არ არის რელევანტური.
როდესაც საუბარია მაღალი რანგის პოლიტიკოსზე, ბუნებრივია მის გარშემო მყოფი ადამიანები, მის დაქვემდებარებაში მყოფი მაღალჩინოსნები, საჯარო მოხელეები, ბუნებრივია, პოლიტიკოსები იქნებოდნენ. როგორ შეიძლება ასეთი რანგის საქმეზე მიგვითითონ, რატომ არის მოწმე პოლიტიკოსები, ეს არარელევანტური არგუმენტია“, - განაცხადა წიკლაურმა.
ამასთან, წიკლაურმა დაადასტურა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის დავალებაზე, ანგარიშსწორება მოეხდინა ვალერი გელაშვილზე, რის შემდეგაც ეს საქმე ივანე მერაბიშვილმა შეასრულა.
„ეს არის უტყუარი ჩვენება, რომელშიც ეჭვის შეტანა არ შეიძლება. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი ჩვენება“, - განაცხადა წიკლაურმა.
ავტორ(ებ)ი :