დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორომაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 817 ადამიანი აიცრა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
მათივე ცნობით, 12 ოქტომბრის მონაცემებით, ჯამში სულ ქვეყანაში 1 881 662 აცრაა ჩატარებული.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 002 488 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 %. სრულად ვაქცინირებულია 879 630 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 30.8 %.
ამ მოცემულობის ფონზე, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი უკვე 640 358-ს შეადგენს.
რამ გამოიწვია ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდა? რატომ არ იცრება მოსახლეობა? არის თუ არა ქვეყანაში ტვინდემიის საფრთხე და დგას თუ არა ქვეყანა კოვიდრეგულაციების გამკაცრების ზღვარზე? - ამ კითხვებით „ჯორჯიან თაიმსი“ ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძეს ესაუბრა.
ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო, - განუცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე თქმით, შემთხვევების ზრდა, მოხსნილმა რეგულაციებმა, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის შენობებში გადასვლამ და აცივების გამო, ადამიანების დახურულ სივრცეში გადასვლამ განაპირობა.
„ზამთრის მოახლოებისა და გარემო ტემპერატურის კლების გამო, ადამიანები ღიადან - დახურულ სივრცეში გადავიდნენ, სადაც, სამწუხაროდ თითქმის აღარ იცავენ რეგულაციებს, - არ იცავენ დისტანციას, არ ატარებენ პირბადეს... სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა ის შედეგი, რაც, დღეს მივიღეთ, - ვგულისხმობ ინფიცირების 4775 ახალ შემთხვევას. ასევე, აქ მოქმედებს შემსუბუქებული კოვიდრეგულაციების ფაქტორიც“, - განაცხადა მან.
ექსპერტის თქმით, ვირუსით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ფაქტორი, ყველაფერთან ერთად, გამომდინარეობს აცრების რიცხვის შემცირებიდანაც.
„სამწუხაროდ, დღეისათვის საკმაოდ შენელებულია ვაქცინაციის ტემპი. დღევანდელი მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი ახლოსაც კი არ არის იდეალურთან. თუ ეს დინამიკა შენარჩუნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ვირუსის მორიგი ტალღა გვექნება“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.
„ჯორჯიან თაიმსის“ კითხვაზე, - თუ რატომ იკლო ბოლო პერიოდში აცრების მაჩვენებელმა, ექსპერტი გვპასუხობს, რომ ამის მიზეზი, საზოგადოების ყველა სეგმენტთან ამ თემაზე არასწორი მიდგომებისა და ანტივაქსერების დამსახურებაა.
„თითქმის იწურება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც, თავიდანვე ვაქცინაციის მომხრე იყო; ვისაც სჯეროდა კაცობრიობისა და მედიცინის მიღწევების და იმის, რომ ვაქცინაცია არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ერთადერთი სწორი გამოსავალია. სამწუხაროდ, ვერ შევძელით სწორი კომუნიკაციით ერთი მილიონი ადამიანის დარწმუნება იმაში, რომ აცრა აუცილებელია. საზოგადოებას ჯერ კიდევ ბევრი კითხვა აქვს და ელოდება პასუხებს, ნაწილი კი - უბრალოდ, დეზინფორმაციის მსხვერპლია, - ვგულისხმობ ანტივაქსერებს“, - დასძენს ის.
აკაკი ზოიძე ტვინდემიის რისკის შემცველ ფაქტორებსაც განმარტავს.
„წელს, შარშანდელისგან განსხვავებით ტვინდემიის საფრთხეც არსებობს. შარშან პირბადეების ტარების მაჩვენებელი თითქმის 75 %-ზე იყო ასული, რამაც, ორი ვირუსის თანხვედრისაგან დაგვიცვა. წელს კი, ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია. თუ ჩვენ ისევ გავზრდით პირბადის ტარების მაჩვენებელს და დავიცავთ რეგულაციებს, არანაირი ტვინდემია არ გვექნება“, - აცხადებს ზოიძე.
იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა არსებულ კოვიდრეგულაციებს არ დაიცავს, ჯანდაცვის ექსპერტი მის გამკაცრებას არ გამორიცხავს:
„თუ რეგულაციებს არ დავიცავთ, შესაძლოა კვლავ დავდგეთ მორიგი შეზღუდვების საჭიროების წინაშე, რაც ყველაზე მეტად, ქვეყნის ეკონომიკას დააზიანებს. ამიტომ, გვრჩება ერთადერთი გამოსავალი, - საზოგადოების რაც შეიძლება სწრაფი ვაქცინაცია და იმ არსებული წესების დაცვა, რაც ამ ეტაპზე არსებობს, - ვგულისხმობ პირბადის ტარების, დისტანციისა და ჰიგიენის წესების შესრულებას და ა.შ.“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.
/თამუნა დუღაშვილი/
ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge