დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ უშენოდ" - ბრიტანელი ტურისტის მკვლელობას უცხოური პრესა ეხმაურება 15.10.2021 13:44

ბრიტანული და ირლანდიური გაზეთები ყურადღებას უთმობენ გორში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს - 28 წლის მუსიკოსის, მეიოს საგრაფოში მცხოვრები ბრიტანელის ტომ კენედის მკვლელობას.

 

გაზეთი „გარდიან“-ში (The Guardian) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოჯახი პატივს მიაგებს ბრიტანელი მუსიკოსის ხსოვნას, რომელიც საქართველოში მოკლეს“ (ავტორი - მეთიუ უივერი). მასში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული გამოძიების მიერ დადგენილი მკვლელობის გარემოებები და გორის სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება.

 

„ტომ კენედის ოჯახმა გარდაცვლილის ხსოვნის საპატივსაცემოდ და როგორც ჩანს, მისი ცხედრის სამშობლოში გადასასვენებლად ფულის შეგროვების მიზნით, სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა. მასში ტომის ახლობლების სამგლოვიარო ჩანაწერები არის გამოქვეყნებული. ოთხშაბათს საღამოს უკვე თითქმის 40 ათასამდე ევრო შეგროვდა. ოჯახმა უკვე განაცხადა, რომ ფული დაიხარჯება გადმოსვენება-დაკრძალვისათვის და საქართველოში მგზავრობისათვის, სასამართლოს სხდომაზე დასწრების მიზნით“, - ნათქვამია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში გამოყენებულია სოციალური ქსელებში ბრიტანელი მოქალაქეებისა და ტომ კენედის ახლობლების მიერ დაწერილი კომენტარები. ასევე გადმოცემულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმად, „უწყება მუდმივ კონტაქტშია [საქართველოს] ხელისუფლებასთან და დახმარებას უწევს გარდაცვლილის ოჯახს“.

 

(წყარო)

 

მსგავსი მასალები გამოქვეყნდა აგრეთვე გაზეთ „თაიმს“-ში (The Times) - სარედაქციო სტატია სათაურით: „თომას კენედი: მუსიკოსი სცემეს და საქართველოში, მდინარეში გადააგდეს - ასე ირკვევა სასამართლოში მკვლელობის საქმის განხილვის დროს“, გაზეთ „დეილი მეილ“-ში (Daily Mail) -  სათაურით „გარდაცვლილის ძმა ჯეიმს კენედი: „შენ ძალიან კარგი იყავი ჩვენთვის და ყველასთვის“ // საქართველოში, მდინარეში გადაგდებული ნაცემი მუსიკოსის ოჯახი ფულს აგროვებს ცხედრის ირლანდიაში გადასასვენებლად“ (ავტორები - კლერ მაკარტი და ლორენ ლუისი).

 

ირლანდიურ გაზეთ „აირიშ სან“-ში (The Irish Sun) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შენ ძალიან კარგი იყავი ჩვენთვის... არ ვიცით, როგორ ვიცხოვროთ უშენოდ“ (ავტორი - სარა გრილიში). ფრაგმენტი პუბლიკაციიდან:

 

„ქართულმა მასმედიამ მკაცრად დაგმო მომხდარი მკვლელობა და საქართველოს მთავრობის უმოქმედობა - დააფინანსოს გარდაცვლილის ცხედრის სამშობლოში გადასვენება.

 

ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს უკვე ტურისტების მეორე საშინელი მკვლელობაა, რომელიც საქართველოში ხდება. ეროვნული გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს: საქართველო სწრაფად ხდება უცხოელი ტურისტების ცხოვრებისათვის საშიში ქვეყანა, მათი მკვლელობის ადგილი. გასულ თვეში ავსტრალიის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ კიდევ ერთი უცხოელი დაიღუპა, ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი. შოკში ვართ. ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი სიტუაციის გამოსასწორებლად მნიშვნელოვანი ზომები უნდა მიიღოს“.

 

სოციალურ ქსელებში ქართველებმა საკუთარ მთავრობას უსაყვედურეს, რომ ხელისუფლებამ გარდაცვლილის ცხედრის სამშობლოში გადასვენება არ დააფინანსა“.

 

(წყარო)

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ