დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

მდიდარი რუსეთი და ღატაკი რუსები - რას წერს ფრანგული გამოცემა 15.10.2021 14:06

ფრანგულ გაზეთ „ლე მონდ“-ში (Le Monde) დაბეჭდილია მოსკოველი კორესპონდენტის ბენუა ვიტკინის სტატია სათაურით „მდიდარი რუსეთი და ღატაკი რუსები“.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

„რუსების განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში 20-წლიანი ყოფნის დროს საბიუჯეტო შემოსავლები განუხრელად იზრდება, საგარეო ვალი მცირდება - ამჟამად მისი მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 18%-ს შეადგენს (შესაშური ფაქტია!). მატულობს ფინანსური რეზერვები - ვალუტის მარაგი 618 მილიარდ დოლარს აჭარბებს, ანუ რუსეთის თითქმის ორი წლის ბიუჯეტის ტოლფასია. მაგრამ... არის ერთი „მაგრამ“.

 

რუსეთის მოქალაქეების შემოსავლები 2014 წლიდან განუხრელად ეცემა. 2021 წლის დასაწყისში ქვეყნის მოსახლეობის 13,1% სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს და ეს იმ დროს, როცა კანონით დადგენილი სიღარიბის „ზღურბლი“ უკიდურესად დაბალია - თვეში 11700 რუბლი.

 

როსსტატ“-ის (რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სახელმწიფო სამსახური - ს.კ.) მონაცემებით, რუსების 62%-ს ყოველთვიური შემოსავლები მხოლოდ კვების პროდუქტებისა და ტანსაცმლის შესაძენად ყოფნის. დანარჩენებს არავითარი დანაზოგი არ აქვთ, - წერს „ლე მონდის“ ჟურნალისტი, რომელიც „უცხოელ აგენტად“ წოდებული სოციოლოგიური სამსახურის „ლევადა-ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ცნობებს ეყრდნობა.

 

რატომ არ ეხმარება სახელმწიფო ღარიბ რუსებს?

 

„ხვალინდელი დღის შიში და იდეა, რომ ერთ დღეს ყველაფერი შეიძლება დაინგრეს, ღრმად არის ჩანერგილი 1990-იანი წლებიდან გამოსული რუსული ელიტის ცნობიერებაში, - ციტირებს გაზეთი ერთ-ერთი რუსი ექსპერტის, სოციოლოგ იგორ ნიკოლაევის ნათქვამს, - ისინი  მაკროეკონომიკური სტაბილურობით და სასიამოვნო მაჩვენებლებით არიან შეპყრობილნი, მაგრამ როცა სინამდვილეში რუსეთის ეკონომიკა არ მუშაობს და არ ვითარდება, ასეთი სტაბილურობა მაცდუნებელია. ხელისუფლება საკუთარ თავს ატყუებს და მოსახლეობასაც“. 

 

ლიბერალური პოლიტოლოგი ფედორ კრაშენნიკოვი ასე განმარტავს სახელმწიფოს თავის არიდებას საკუთარი მოსახლეობისადმი დახმარების საქმეში: „სახელისუფლო ელიტას მიაჩნია, რომ სახელმწიფო რეზერვში არსებული ფული მათი ფულია და არა ხალხის ფული. ისინი თვლიან, რომ ვალუტის მარაგი უფრო სერიოზულ საქმეებზე უნდა მოხმარდეს - მაგალითად, სირიას, ლიბიას და არა მოსახლეობას ან იმ ბიზნესმენებს, რომლებზეც საბოლოო ჯამში რუსული ეკონომიკის განვითარებაა დამოკიდებული. ელიტა ბიზნესმენებს საეჭვო ადამიანებად თვლის“.

 

ბოლო დროს კრემლმა პრაქტიკაში შემოიღო ე.წ. „წერტილოვანი გადახდები“, მაგალითად, პენსიონერებს და სამხედრო მოსამსახურეებს არჩევნების წინ გარკვეული თანხით ასაჩუქრებენ.

 

სხვათა შორის, ზოგიერთი რუსი სახელმწიფო მოღვაწე უკვე აღარ თამაშობს საბიუჯეტო „ტაძრის მცველების“ როლს. იმის ნაცვლად, რომ სიხარული გამოხატონ კარგი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გამო, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა აშკარად არიან შეშფოთებულნი იმ სოციალური რისკებით, რომლებიც ინფლაციითა და ცხოვრების დონის დაცემით არის გამოწვეული“, - ასკვნის „ლე მონდ“-ის მოსკოველი კორესპონდენტი ბენუა ვიტკინი.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ