დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"სააკაშვილს ორ სკამზე ჯდომა უნდოდა და ეს ციხეში გამოუვა" - რას წერენ კიევში ყოფილ პრეზიდენტზე 18.10.2021 14:45

ცნობილ უკრაინულ პორტალ "112UA.TV"-ზე, გამოქვეყნდა კიევის საბჭოს ყოფილი დეპუტატის, ალექსეი დავიდენკოს წერილი სათაურით - "სააკაშვილს ორ სკამზე ჯდომა უნდოდა და ეს გამოუვა ციხეში", რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეხება. რა თქმა უნდა, როგორც უკრაინის მოქალაქე, სააკაშვილი კიევშიც ყურადღების ცენტრშია და მისი პერსონის მიმართ აზრთა სხვადასხვაობა იქაც არსებობს.

 

 

ავტორი სააკაშვილს კაზინოში მოთამაშე აზარტულ პოლიტიკოსად წარმოაჩენს. დავიდენკო თვლის, რომ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა, მაგრამ გამარჯვება დღემდე ვერ მოახერხა.

 

"სააკაშვილი კაზინოში მოთამაშე აზარტულ ადამიანს მაგონებს. მისი ყველა გამარჯვება წარსულს უკავშირდება.

 

იღბალი მისგან შებრუნდა. ყველა მისი მცდელობა კონტრშეტევის, ერთნაირად კრახით სრულდება. იშვიათად, მისი მცირე გამარჯვება და ის ეგრევე იწყებს ტრაბახს, თითქოს ჯეკპოტი მოხსნა. თუმცა მსხვილად თუ აგებს, სხვებს აბრალებს.

 

აი ახლაც, ის კაზინოს მაგიდაზე ქაოტურად ცდილობს ფიშკების სხვადასხვა ადგილზე განთავსებას - 10 ფიშკა შავზე, 10 წითელზე, 10 კენტზე და 10-იც ლუწზე...

 

 

- ფსონების მიღება დასრულებულია!

- მოიცადეთ, მე ზეროზე დადებაც მინდოდა!

- ფსონების მიღება შეჩერებულია

- მოემზადეთ, მე ახლა მაგრად მოვიგებ!

 

 

ყველა გაისუსა. თითქოს ყურადღებას არავინ აქცევს.

 

ის მეზობელ მაგიდაზე გადასვლას ცდილობს და სურს იგივე გაიმეოროს. ე.წ. რულეტკის ბურთულამ დაასრულა ტრიალი და ზეროში ჩავარდა. მისი ყველა ფსონი წაგებულია.

 

 

- All in. ყველაფერი ზეროზე!

- დარწმუნებული ხართ?

- დიახ, ვა-ბანკზე მივდივარ. თქვენთვის ყველაფერი დასრულდა. ახლა ნახეთ ბურთულა სად ჩავარდება!

- თერთმეტი შავი!

- ეს ტყუილია, არ არსებობს!

 

 

თენდება. ახალი დღე იწყება. წესით ის დასაძინებლად უნდა წავიდეს და დაასრულოს ეს უაზრო თამაშები. ასეა რამდენიმე წელი. დრო გადის. კრუპიები იცვლებიან. მოთამაშეებიც ირგვლივ სხვა სახეებით არიან - ახლები მოდიან და ძველები მიდიან. ყველა მაგიდა ისევ ისე დგას, თუმცა მისთვის არაფერი იცვლება. გადადის ერთი მაგიდიდან მეორეზე და ვერანაირად ვერ ახერხებს მოგებას.

 

 

ბლეფი, ბუტაფორია, დაპირებები და გაცრუებული იმედები - მერამდენე წელია ის ცდილობს აქ რეფორმები განახორციელოს. რამდენი წელია ის ცდილობს დაუბრუნდეს ხელისუფლებას. არის ბევრი ხმაური, თუმცა, შედეგი ერთი და იგივეა.

 

 

თითქმის ყოველ წელს ჩავდივარ თბილისში და ადგილობრივებს ვესაუბრები. არის კატეგორია, რომელსაც მის მიმართ პოზიტიური განწყობა აქვს. არიან ისეთებიც, რომლებსაც ყოფილი პრეზიდენტი არ უყვართ. თუმცა, მათ აერთიანებთ ერთი - ის აღარ უნდათ! რაღა უნდა თქვა აქ?!

 

 

მე მგონია დროა, მან დაასრულოს თამაში, შეწყვიტოს ვა-ბანკზე წასვლა და დადოს ზეროზე, შეწყვიტოს მაგიდების ამოყირავება და კაზინოში სიარული... სააკაშვილმა უნდა მოძებნოს ნორმალური სამსახური" - წერს ალექსეი დავიდენკო.

 

 

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს საქართველოში ჩამოვიდა. ის დააკავეს და ამჟამად რუსთავის კოლონიაში იმყოფება. სააკაშვილს ამ ეტაპზე 4 მუხლს ედავებიან, რომლიდანაც 2 მუხლით უკვე აქვს მისჯილი. ამჟამად ექს-პრეზიდენტი შიმშილობს. ქალაქში კი მისი გათავისუფლების მოთხოვნით, აქციები პერმანენტულად იმართება.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ