დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ამერიკელებმა განახორციელეს" - მაქსიმ შევჩენკო მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე 22.10.2021 14:54

რუსეთის რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ («Эхо Москвы») გადაცემა «Особое мнение»-ში, 21 ოქტომბერს, პროგრამის წამყვან მაქსიმ კურნიკოვთან სტუდიაში მიწვეული იყო ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი მაქსიმ შევჩენკო. მათი საუბარი შეეხო ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელ განცხადებებს, ვაქცინაციას, ნობელის მშვიდობის პრემიის გადაცემას რუსი ჟურნალისტისათვის და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც ხშირად რუსეთში ალექსი ნავალნის დაბრუნებას ადარებენ.


გთავაზობთ ამონარიდს საუბრიდან:


მაქსიმ კურნიკოვი: არიან ადამიანები, რომლებიც უკან ბრუნდებიან, მაგალითად, ალექსი ნავალნი, მიხეილ სააკაშვილი...

მაქსიმ შევჩენკო: მათი ისტორია სრულიად სხვადასხვანაირია.

მაქსიმ კურნიკოვი: აგვიხსენი მოკლედ, რაშია განსხვავება...


(...)


მაქსიმ შევჩენკო: მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობდა, რომ მას არავინ არ დააპატიმრებდა. ექს-პრეზიდენტს რომ თავისი დაპატიმრების სურვილი ჰქონოდა, იგი აეროპორტში საჯაროდ ჩაფრინდებოდა, სადაც მისი დაჭერა შეეძლოთ, 50 ათასი მხარდამჭერის მხრიდან „მიშა-მიშას“ ყვირილის ფონზე. შეიძლება ვერც დაეჭირათ, მაგრამ სკანდალი იქნებოდა ატომური ბომბის აფეთქების მსგავსი. მას დაპირდნენ, რომ „ჩვენ ჩაგიყვანთ და ყველაფერი კარგად იქნებაო“. და ისინი, რომლებმაც ის საქართველოში ჩაიყვანეს - როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ამერიკელებმა განახორციელეს - ბიძინასაგან გაცვლას ელოდნენ, რომ სპექტაკლი გათამაშებულიყო: „ნაციონალები“ „მეოცნებეებთან“ ერთად ერთიან კოალიციას შექმნიდნენ, ანუ „ნაციონალი სააკაშვილელები“ სამთავრობო კოალიციაში შევიდოდნენ. [ალბათ], ორი მოთხოვნა არსებობს: „ნაციონალები“ შედიან კოალიციაში და მიხეილ სააკაშვილი თავისუფლდება. მაგრამ, ეტყობა, მას არ გაათავისუფლებენ, „ოცნება“ კი „ნაციონალებთან“ კოალიციაზე დათანხმდება.


საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა და განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები იქნებიანო. დღეს ფაქტიურად ამერიკელებს, ჩავთვალოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი, უბრალოდ, მსხვერპლად შეწირეს.


რატომ დაბრუნდა რუსეთში ალექსი ნავალნი? ვფიქრობ, იგი თვითონ ძალიან ჭკვიანი ადამიანია და ყველაფერი ესმის. არის რამდენიმე ვერსია. პირველი ვერსია რელიგიური ხასიათისაა - იგი დაბრუნდა, რომ თავისი მსხვერპლშეწირვით, პირობითად რომ ვთქვათ, ქრისტესავით წამებული ყოფილიყო. არსებობს რუსული „სტაროობრიადული“ ტრადიცია: თვითმოწამეობა სხვათა გადარჩენისათვის. მეორე ვერსია - იგი დაბრუნდა, მაგრამ არასწორად გათვალა: მას ეგონა, რომ „მე ჩამოვალ, ბაბუას შეეშინდება, ბუნკერში დაიმალება და ორომტრიალი დაიწყება...“. მესამე ვერსია - დაბრუნდა, მაგრამ მოატყუეს. მას უთხრეს: „ჩამოდი, ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა ხანი ჩაჯდები. ბაიდენი შეხვდება პუტინს, პუტინი კი შეხვედრის შემდეგ გაგიშვებს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე განხორციელდება, ყველაფერი ჩვენს ხელშია“.


მე ვფიქრობ, რომ პირველის გარდა, არცერთმა არ იმუშავა. პირველს მე ვენდობი, მჯერა, რომ იგი მსხვერპლშეწირული ფიგურაა. ალექსი ნავალნის სჯერა, რომ იგი რჩეულია, რომ მას მესიანური დანიშნულება აქვს.


წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ