დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

ვის მიენიჭათ "საპატიო თბილისელის" წოდება 23.10.2021 15:26

დედაქალაქის საკრებულოში 2021 წლის საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება Covid-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით, სტუმრების შეზღუდული რაოდენობით ჩატარდა და ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით და სოციალური ქსელის ვიდეოჩართვით გადაიცა.

 

დაჯილდოების წინ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

 

„როგორც წესი, მთელი დედაქალაქი განსაკუთრებულად ელოდება თბილისობას, ზეიმსა და მხიარულებას, რომელიც თბილისში უყრის თავს მთელ საქართველოს, ჩვენს ხალხს და უცხოელ სტუმრებს. მართლაც არაფერი სჯობს შემოდგომის ამ საყოველთაო ზეიმს და მხიარულებას. თუმცა, ყველაფერი უფერულდება, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება! თბილისში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა სოლიდარობის ცნებას, ერთმანეთის ტკივილის გაზიარებას და როდესაც ბათუმში დატრიალებულ უმძიმეს ტრაგედიას მთელი ქვეყანა ვგლოვობთ, არ შეგვეძლო არ მიგვეღო გადაწყვეტილება თბილისობასთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გაუქმებასთან და ამისთვის განკუთვნილი სახსრების დაზარალებული ოჯახებისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. ამიტომ, წელს მხოლოდ ერთი გამორჩეული ტრადიციით შემოიფარგლება თბილისობის ღონისძიება და ეს ღვაწლმოსილი, გამორჩეული ადამიანებისთვის საპატიო თბილისელის წოდების მინიჭებაა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

მისივე თქმით, საპატიო თბილისელის სტატუსის მინიჭება არის ამ ადამიანების მიერ თბილისის წინაშე გაწეული ღვაწლის მინიმალურად დაფასება.

 

„ამ ქალაქს, მის მრავალფეროვნებას, ღირებულებებს, ტრადიციებსა და კულტურას აქ მცხოვრები ადამიანები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ და დღემდე ქმნიან, ზოგიერთ მათგანს კი ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება და ღვაწლი აქვს. თბილისს უამრავი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, ხელოვანი, სპორტსმენი თუ ექიმი აღუზრდია, თბილისში ბევრი ისეთი პროფესიის ადამიანიც ცხოვრობს, რომლის საქმიანობაც, ერთი შეხედვით, უშუალოდ თითქოს არ უნდა იყოს დაკავშირებული ადამიანების გადარჩენასთან, დახმარებასთან, ან რაიმე სხვა განსაკუთრებული ნიშნით გამორჩევასთან, თუმცა თბილისმა ყველას გვასწავლა, რომ პროფესია კი არ გამოარჩევს ადამიანს, არამედ ადამიანი გამოარჩევს პროფესიას, თავისი გულწრფელი, უანგარო, საკუთარი ხალხის, ქვეყნის და ქალაქისადმი სიყვარულით აღსავსე ქმედებებით და ცხოვრების წესით. დღეს, გვსურს ჩვენი ქალაქისთვის საყვარელ, დასაფასებელ და საპატიო ადამიანებს ოფიციალურად მივანიჭოთ საპატიო თბილისელის წოდება, რადგან მინიმალურად მაინც დავაფასოთ თბილისის წინაშე გაწეული მათი ღვაწლი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა:

 

რისმაგ გორდეზიანი - თანამედროვეობის დიდი ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, აკადემიკოსი, მრავალი თაობის აღმზრდელი. ის სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პრორექტორი, ბიზანტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი. გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი ნაშრომი, მათგან 30 წიგნი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ; რისმაგ გორდეზიანი სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით; არის საბერძნეთის, ბრიტანეთის, გერმანიის პრესტიჟული აკადემიური ორგანიზაციების საპატიო წევრი.

 

აკაკი ნადარეიშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  აკაკი ნადარეიშვილი სხვადასხვა დროს იყო კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ულტრაბგერითი განყოფილების ხელმძღვანელი; გამოქვეყნებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი; არის პრესტიჟული ევროპული სამედიცინო ასოციაციების წევრი და დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 

ირაკლი ფავლენიშვილი - ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.  სხვადასხვა დროს ირაკლი ფავლენიშვილი იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის გამგე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე და საბჭოს წევრი, სამედიცინო აკადემიის პრორექტორი, საქართველოს პედიატრ-ქიმიოთერაპევტთა საზოგადოების პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს წევრი; მას გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი; არის 52 აკრედიტებული სამედიცინო პროგრამის ავტორი და განმახორციელებელი, ასევე, 15 პატენტის ავტორი. მოპოვებული აქვს სახელმწიფო პრემია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოქროს მედალი, სოდერბერგის ფონდის პრემია, ჰოსპიტალური ინფექციის საერთაშორისო საზოგადოების მედალი.

 

რამაზ ყურაშვილი - ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. რამაზ ყურაშვილი  დიაბეტის ეროვნული ცენტრის, ენდოკრინული და გულ-ფილტვის დაავადებების ცენტრის, საქართველოს დიაბეტის და ენდოკრინული ასოციაციის დამფუძნებელია; სხვადასხვა დროს კვლევითი მიზნით მუშაობდა უცხოეთის პრესტიჟულ სამედიცინო დაწესებულებებში; გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი; დაჯილდოებულია საქართველოს საპატიო ორდენით, იტალიის ექიმთა ასოციაციის საპატიო სიგელით, საუკუნის ექიმის წოდებით და მედია ვარსკვლავით მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის.

 

დავით კვაჭაძე - ფოტოგრაფი და ამავდროულად მოკრივე. ბატონი დავითი ფოტოგრაფთან ერთად კრივის სამგზის ჩემპიონი და სპორტის დამსახურებული ოსტატი გახლავთ. მას გამართული აქვს 20-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო პერსონალური გამოფენა; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით საქართველოში და საპატიო მოქალაქის წოდებით - ნიუ ორლეანში.

 

ლილი კინწურაშვილი - ქალაქის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. მას 18 სექტემბერს დასუფთავების სამსახურში მუშაობისა და ქალაქის მსახურების 49 წელი შეუსრულდა.

 

ელგუჯა ბურდული - ცნობილი მსახიობი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. ის დაჯილდოებულია პრესტიჟული პრემიებით მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის.

 

პაატა კერვალიშვილი - ფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებში აღიარებული მეცნიერი ატომური ენერგიის მიმართულებით.

პაატა კერვალიშვილი 500-მდე სამეცნიერო ნაშრომის, 35 გამოგონებისა და პატენტის ავტორია. ხელმძღვანელობდა 40-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციას, 50-ზე მეტ კონფერენციაზე კი მომხსენებლის სტატუსით იყო მიწვეული. ბატონი პაატა ნატოს სამეცნიერო საბჭოს ყოფილი წევრია, სენსორული სისტემების სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის დაფუძნების ინიციატორი და საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი.

ინგა ჯიბუტი - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ტერმინოლოგი. ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია, საქართველოს ტერმინოლოგთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, ტერმინოლოგიური ლექსიკონის, 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და წიგნის ავტორი ტექნიკური ტერმინოლოგიის მიმართულებით.

 

ბადრი ქუთათელაძე - მწერალი, პოეტი და მკვლევარი, ილია ჭავჭავაძის, ნიკო ნიკოლაძის, გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი. ბადრი ქუთათელაძე საქართველოს მწერალთა კავშირის წევრია, ღირსების ორდენის კავალერი, „ქართული კულტურის ამაგდარისა“ და „კულტურის რაინდის“ წოდების მფლობელი. დაჯილდოებულია რომის პაპის მედლით ქართველი მეცნიერის - მიხეილ თამარაშვილის სახელის უკვდავყოფისთვის. თბილისის ისტორიას და კულტურას ბადრი ქუთათელაძემ ოთხი ფუნდამენტური კვლევა მიუძღვნა.

 

გრიგოლ ჩიგოგიძე - თეატრმცოდნე და ჟურნალისტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეჟისორად, ოპერატორად, ჟურნალისტად. ის არის ახალგაზრდა კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალის „თბილისური აისი“-ს დამფუძნებელი და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდ „ოქროს ფრთის“ ლაურეატი. 1975 წლიდან არის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კინოსტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი. დაჯილდოებულია ღირსების მედლითა და ორდენით.

 

დავით მუსხელიშვილი - ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, 180-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა; სხვადასხვა დროს მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელად, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად.

გივი ღამბაშიძე - პროფესიით ზეინკალი, რომელიც სხვადასხვა დროს თბილისის მეტროპოლიტენში ზეინკლად და სამურნეო საამქროს თანამშრომლად მუშაობდა. გივი ღამბაშიძის თაოსნობით მოხდა საწარმოო ტერიტორიის განაშენიანება, გაიმართა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და წლების განმავლობაში ის შეუცვლელ როლს ასრულებდა თბილისის მეტროპოლიტენის გამართულად მუშაობისთვის.

 

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა თბილისის მერიის ბიგ ბენდი.

წოდება ენიჭებათ საქართველოს მოქალაქეებს თბილისის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისთვის, უცხო სახელმწიფო მოქალაქეებს — განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და თბილისის წინაშე.

პანდემიიდან გამომდინარე, „თბილისობის“ ფარგლებში სადღესასწაულო ღონისძიებები წელსაც არ იმართება. თბილისის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ონლაინ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენის ჩვენება, რომელიც 8 ოქტომბერს ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართა.

გასული წლების განმავლობაში დასახელებული თბილისის საპატიო მოქალაქეების სია იხილეთ ამ ბმულზე.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ