დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

იძალადეს თუ არა სააკაშვილზე და დაირღვა თუ არა მისი უფლებები - რას ამბობს სამართლის სპეციალისტი „ჯორჯიან თაიმსთან“ 12.11.2021 18:01

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დაპატიმრების დღიდან, 1-ლი ოქტომბრიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს, დღეს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან ექიმთა კონსილიუმის რეკომენდაციის საფუძველზე მოხდა, რომლის დადებული დასკვნის მიხედვითაც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოთავსებას საჭიროებდა. სწორედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა მიზეზად, როცა ის 7 ნოემბრის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე არ გადაიყვანეს.

 

ამ პერიოდის განმავლობაში კი, საზოგადოებაში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი მოსაზრებები გაჩნდა. საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სხვადასხვა ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვიდეოკადრები გაასაჯაროვა. კადრების გასაჯაროება სახალხო დამცველის აპარატმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა კრიტიკულად შეაფასა. ამ უკანასკნელმა კი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

ამის შემდეგ, 11 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის კადრები გაასაჯაროვა. როგორც იუსტიცის მინისტრმა რატო ბრეგაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კადრებში ჩანს, რომ მიხეილ სააკშვილის მიმართ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამავე დღეს, სამინისტრომ, სააკაშვილთან დაკავშირებით მორიგი კადრები გაასაჯაროვა, სადაც მე-12-დან მე-18 დაწესებულებამდე მისი ტრანსპორტირებაა ასახული.

 

გავრცელებულ კადრებს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა და ეს ყოფილი პრეზიდენტის პატივის, ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად შეაფასა.

 

დაარღვია თუ არა პენიტენციურმა სამსახურმა კადრების გავრცელებით მიხეილ სააკაშვილის უფლებები, ჰქონდა თუ არა ადგილი მასზე ფიზიკურ შეურაცხყოფას და სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის პროცესზე არგადაყვანით, მოხდა თუ არა პატიმრის ნების უგულებელყოფა, - ამ საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსთან" სამართლის სპეციალისტმა გიორგი ტურაზაშვილმა ისაუბრა.

 

სამართლის სპეციალისტი გიორგი ტურაზაშვილი გამოცემასთან იუსტიციის სამინისტროს მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას აფასებს და განმარტავს, დაირღვა თუ არა გავრცელებული კადრებით ყოფილი პრეზიდენტის უფლებები.  სამართლის სპეციალისტი აცხადებს, რომ მსგავსი კადრების გავრცელება მართლმსაჯულების ინტერესში არ შედის.

 

"ეს არ ჯდება მართლმსაჯულების ინტერესებში. უფრო მეტიც, მისი პრიორიტეტია ის, რომ დაცული იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ინტერესები. სამკურნალო დაწესებულებაში შესახლების კადრების გასაჯაროება იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ სააკაშვილი არ ათრიეს, მას არ შემოახიეს ტანზე ტანსაცმელი, მასზე არ ყოფილა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, არ მიმაჩნია სახელმწიფოებრივი ხედვის ფარგლებში სწორად და არც მართლმსაჯულების ინტერესია ეს,"- აცხადებს ტურაზაშვილი.

 

გამოცემის კითხვაზე, - გავრცელებულ კადრებში აქვს თუ არა ადგილი მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკურ ძალადობას, სამართლის სპეციალისტის განცხადებით, ყოველივე ეს სასამართლოს განჩინებით, ან გადაუდებელი აუცილებლობით უნდა იყოს დასაბუთებული, სხვა შემთხვევაში, მსგავსი მოქმედება დაუშვებელია.

 

"კადრებში რასაც ვუყურე, შესაძლებელია, რომ სააკაშვილი ნების საწინააღმდეგოდ მიჰყავთ, ან ცუდადაა და ამიტომ ხდება მისი გადაყვანა ამ ფორმით. შემდეგ, კადრებში სააკაშვილი ფეხზე დგება და ერთ ნაწილში არის ცოტა კონფლიქტური სიტუაცია, - ოდნავ ფიზიკურად შეხება და მალევე ამის განეიტრალება ხდება. შინაარსობრივად თუ კითხულობთ, იძულებითი რაიმე მოქმედება სასამართლოს აქტით, ან გადაუდებელი აუცილებლობით უნდა იყოს დასაბუთებული, - სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება. არ შეიძლება, ადამიანს უთხრა, მე ვიცი შენზე უკეთ, რა გჭირდებაო.

 

რატომ გახდა საჭირო სააკაშვილის ამ ფორმით შესახლება, კი არ უნდა თქვან, უნდა დასაბუთდეს საქმის მასალებში. მე არ ვამბობ, ჩვენ მოვუსმინოთ ამას. მე ვამბობ, რომ საქმის წარმოებაში უნდა არსებობდეს გადაუდებელი, აუცილებელი, იძულებითი ღონისძიების გამოყენების საფუძველი, ეს საფუძველი კი, უნდა იყოს დოკუმენტურად დასაბუთებული. მაგალითად, უნდა იყოს დასაბუთებული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესი, ან მძიმეა,"- აცხადებს სამართლის სპეციალისტი.

ტურაზაშვილი ხაზს უსვამს იმას, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდა, მიხეილ სააკაშვილი პაციენტიცაა და  ამ შემთხვევაში, თუ გარკვეული გარემოებები არ არსებობს, პაციენტს უნდა კითხონ, სურს თუ არა სხვა დაწესებულებაში გადასვლა.

 

"სააკაშვილი სამედიცინო სექტორისთვის პაციენტია და ამ შემთხვევაში, უნდა ჰკითხონ მას, - გადავა სხვა დაწესებულებაში თუ - არა. თუ უსაფრთხოებას, ან რეჟიმს არ ეხება, ანდა სასამართლო თუ არ აქვს დაწესებული და შიდა დებულებით არ აქვს განსაზღვრული, - სხვა შემთხვევაში, უნდა უმკურნალო თუ არა სხვაგან, მარტო შენ კი არ უნდა გადაწყვიტო, ეს მისი გადასაწყვეტიცაა," - აცხადებს ტურაზაშვილი

 

ტურაზაშვილის თქმით, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მიხეილი სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში გადასვლაზე უარს ამბობდა, ხოლო მის მიმართ იძულებითი ღონისძიების გატარება დასაბუთების საფუძველზე უნდა მოხდეს.

 

"სააკაშვილი მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. მისი "არა" უნდა იყოს გამოკვლეული. გასაუბრება და მიზეზების გარკვევა ხომ შეიძლებოდა?! საერთოდ, მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს ნივთად აღიქვამენ, - ეს კომუნისტური პერიოდიდან გვაქვს გამოყოლილი.

 

საქმე ეხება იმას, რომ სააკაშვილი ისეთივე ადამიანია, როგორიც იყო პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე. შესაბამისად, მას აქვს "არას" თქმის უფლება. უბრალოდ, უნდა ეკონტაქტონ და გაარკვიონ მიზეზები, თუნდაც რატომ შიმშილობს. იძახიან, ეს მისი უფლებააო და მორჩა. ამ დროს, მეორე მხრივ ცხადდება, რომ ჩვენ მასზე ვზრუნავთო. პენიტენციურ სამსახურს ზრუნვას ვინ ავალებს?! არსად არ წერია, რომ მან უნდა იზრუნოს, მსგავსი არ მინახავს... იზრუნოს კი არა, მას მოვალეობები აქვს, რომ უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს, იძულებითი ღონისძიება არ გამოიყენოს დასაბუთების გარეშე,"- აცხადებს სამართლის სპეციალისტი.

 

ასევე, სამართლის სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს 7 ნოემბრის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 ნოემბერს გამართულ მიხეილ სააკაშვილის პროცესზეც და აცხადებს, რომ პენიტენციურ სამსახურს სასამართლო დარბაზში ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანის ვალდებულება ჰქონდა.

 

"სასამართლოში მიმდინარე პროცესზე დასასწრებად, სასამართლოს მიერ გამოძახებული იყო ბრალდებულ/მსჯავრდებული და იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მისი  წარმოდგენა არ მოახდინა. მან იკითხა, ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, როდესაც ჩვენ წარმოვადგენდით ბრალდებულს/მსჯავრდებულს სასამართლოშიო. ამ კითხვას სახელმწიფო არ უნდა სვამდეს იმიტომ, რომ უნდა იცოდეს, სასამართლოში მიყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სასამართლო იურისდიქცია.  რატომღაც, საქართველოში ასე არ ხდება. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, რომელსაც ბადრაგს ვეძახით, სასამართლოში გვერდზე უდგას მსჯავრდებულს და ის არის პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, რაც - არასწორია. ამიტომ იწვევს ეს განცხადებები გაკვირვებას, როცა იუსტიციის მინისტრი კი არა ამბობს, არამედ კითხულობს, ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზეო. ვის ეკითხება?! ჩვენ გვეკითხება?! ვერ მივხდი, თვითონ არ იცის, როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ინსტიტუცია?! მათ მარტივად, სასამართლოში არ წარადგინეს ბრალდებული, რითაც არ შესრულდა სასამართლოს დირექტივა,"- აცხადებს ტურაზაშვილი.

 

სამართლის სპეციალისტი ამბობს, რომ  სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის არ გადაყვანით სასამართლოს დირექტივა არ შესრულდა. რაც შეეხება უსაფრთხოების დაცვის საკითხს, მისი თქმით, პასუხისმგებლობა პენიტენციურ სამსახურსა და სასამართლოს უნდა გადაენაწილებინა, რისი პრაქტიკაც საქართველოში არ არის.

 

"სასამართლოს დირექტივა უნდა შესრულებულიყო უსაფრთხოების დაცვით, ხოლო უსაფრთხოების დაცვის გადანაწილება უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად - ტრანსპორტირების დროს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყო ბადრაგი, მიყვანის შემდეგ კი პასუხისმგებლობა უნდა აეღო სასამართლოს იურისდიქციას. მარტივად რომ ვთქვათ, რომელ სახელმწიფო ინსტიტუციაშიც იმყოფება ბრალდებული/მსჯავრდებული, ისაა პასუხისმგებელი,"- აცხადებს გიორგი ტურაზაშვილი "ჯორჯიან თაიმსთან."


თათია შაიშმელაშვილი

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ