დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

„ხელისუფლება თავად უბიძგებს ოპოზიციას რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ“ - გედევან ფოფხაძე 15.11.2021 17:22

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე 46-ე დღეა შიმშილობს. „ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები კი ყოველდღიურად სხვადასხვა ლოკაციაზე აქციებს მართავენ. მათი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.


დღეს, "ნაციონალური მოძრაობს" მხარდამჭერები მეტრო "ავლაბრიდან" ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ადგილზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.


როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია განმარტავს, დღევანდელი აქტივობა ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.


დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა.


სხდომას ყოფილი პრეზიდენტი მისი სურვილის და მოთხოვნის მიუხედავად, არ ესწრება, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.


რამდენად სწორად იქცევა ხელისუფლება, როდესაც სააკაშვილი არ გადაჰყავს  სამოქალაქო კლინიკაში და არ ასწრებენ მისივე სასამართლოს?


ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები "ჯორჯიან თაიმსთან"  საუბარში  ქართული ოცნებისყოფილმა წევრმა და დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ შეაფასა:

 

 

- ხელისუფლება არ იქცევა სწორად, რადგან ის საერთაშორისო სტანდარტს არღვევს პატიმართან მიმართებაში. პატიმარს პატიმარივით უნდა მოექცე. იმ სასჯელის მიღმა, რომელიც მას სასამართლომ შეუფარდა, კანონ აბუჩად აგდების, წვალებისა და დაჩაგვრის უფლება შენთვის არავის მოუცია. როდესაც შენ ამას აკეთებ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში, კითხვის ნიშნები ჩნდება. რა მოტივაცია შეიძლება გააჩნდეს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, როცა არღვევს კანონს?!  ამ შემთხვევაში მოტივაცია არის პოლიტიკური, მათთვის არასასურველ პიროვნებასთან მიმართებაში. „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთანბრძოლა პოლიტიკურ მიზნად და ამოცანად აქცია.  ასეთი მიზანი კი ხელისუფლებას არ აქვს, მისი ამოცანაა დაძლიოს უმუშევრობა, გაზარდოს ეკონომიკური მაჩვენებლები,  სოციალური პრობლემები საზოგადოებაში, პანდემიას ებრძოლოს. სააკაშვილთან ბრძოლა, - ასეთია თვითმიზანი ხელისუფლებისთვის, ეს კი ნიშნავს ძირითადი ამოცანებისგან გაქცევას. როდესაც ვერ წყვეტ ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მერე უკვე იგონებ ხელოვნურ პრობლემას და ამას აცხადებ საჯაროდ.  ეს კი ნამდვილად არ არის ყველას პრობლემა, მოსახლეობის უმრავლესობას სხვა რამ აწუხებს. ყველაფერი დახურდავდა იმაზე, რომ ჩვენ სააკაშვილი დავიჭირეთ და ამით სამართლიანობა აღვადგინეთ. ეს ასე არ არის, პირიქით, სამარცხვინო დამოკიდებულებაა შენივე ოპონენტის მიმართ.

 

იგივე ქცევა რომ განხორციელდეს ივანიშვილის მიმართ, - მას ვინმემ თმაზე მოქაჩოს და ოთახებში ათრიოს, იმიტომ, რომ ვინმეს არ უყვარს, არა მგონია ვინმეს ეს მოეწონოს... ხოლო, ვისაც ეს მოსწონს, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, ჯანმრთელი ადამიანი ვერ იქნება. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლებამ სრული მორალური მარცხი განიცადა.

 

ჩემთვის გულსატკენია, რომ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, როცა ვიწყებდით სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას,  ხალხს იმედი ჰქონდა, რომ მათ  შევთავაზებდით რაღაცა ახალსა და უკეთესს. მაგრამ პირიქით, - შევთავაზეთ შურისმაძიებელთა კლუბი, საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანების, კობახიძისა და სხვათა სახეები, რომლებიც მორალურად არიან სრულად დეგრადირებული.

 

- შესაძლოა თუ არა რევოლუციური სცენარის განვითარება?

 

- ხელისუფლება თავად  უბიძგებს ოპოზიციას ნებისმიერი განვითარების სცენარისკენ. როდესაც ხელისუფლება არალეგიტიმურია, არჩევნებზეც კითხვები ჩნდება, არ იცავს ადამიანის უფლებების ელემენტარულ სტანდარტებს. საზოგადოებას პროვოცირებას უკეთებს, რომ უფრო მეტად აგრესიული იყოს. თუ განვითარდება რაიმე მსგავსი სცენარი და  საზოგადოებაში მოხდება განწყობების ესკალაცია, ეს ხელისუფლების უსამართლო და უკანონო ნაბიჯებით იქნება  პროვოცირებული.

 

 

- რა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან?

 

- თუ ხელისუფლებას  გამოსავალი უნდოდა, ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებ შეეძლო ელემენტარულად სუს-ის, ძალადობისა და მოსყიდვების გარეშე ჩაეტარებინა. თავები კი არ უნდა ეთვალა, რომელ მიტინგზე რამდენი კაცი მივიდა.  დემოკრატიულ არჩევნებს პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნა შეუძლია, თუ შენ აყალბებ, პირიქით ძაბავ ვითარებას. თუ უნდა ხელისუფლებას ვითარების გამოსწორება, ამისთვის არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, სადაც პოლიტიკურ სპექტრს შეუძლია პარლამენტში ახალი რეალობა შექმნას. ამ მოცემულობაში, რომელიც დღეს არის, ხელისუფლება ჩვენ გვიბიძგებს ისეთი დაძაბულობისკენ, რომელიც ქვეყანას საბოლოოდ დააზარალებს.

 

- როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში?


- მიმაჩნია, რომ  მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტისთვის, რამდენიმე გზა არსებობს. თუ ჩატარდება დემოკრატიული/სამართლიანი არჩევნები და პარლამენტში მოვა დემოკრატიული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მიმართ უნდა გამოცხადდეს ამნისტია. მის მიმართ არ იყო სამართლიანი სასამართლოს უფლება გამოყენებული და ახლა ციხეში ექცევიან, როგორც პოლიტიკურად არასასურველ ადამიანს. როცა ხელისუფლება ხაზს უსვამს, -  მე შენ იმიტომ დაგიჭირე, რომ არ მომწონხარ, იქ კანონიერების ნაწილს აქრობს.

 

ჩვენ რომ 2012-ში მივიღეთ ამნისტია და პოლიტპატიმრების სია განვსაზღვრეთ, არ გვითქვამს, რომ პოლიტპატიმრები უდანაშაულოები არიან. ევროკომისია მათ მიმართ ასეთ სტანდარტს არ იყენებს.  მაგრამ, შენ თუ ადამიანს დანაშაულში ამხელ, პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს უწყობ და  მოსამართლეები კი შეკვეთას ასრულებენ, იქ  გამორიცხულია საუბარი იმაზე, რომ ეს ადამიანი სამართლიანად გასამართლდა. 2013-სა და 14-ში სააკაშვილის მიმართ შეიძლებოდა დამდგარიყო სამართლიანი განაჩენი, მაგრამ მაშინ ეს იქნებოდა პრევენცია ღარიბაშვილისთვის, გახარიასთვის და ნებისმიერი ჩვენთაგანისთვის. გვეტყოდნენ, რომ არ დახარჯო ფული, არ დაარბიო მიტინგი, არ მოექცე უკანონოდ შენს ხალხს, მაგრამ,  იმის მერე ხელისუფლებამ ეს ყველაფერი გააკეთა.

 

თუ სააკაშვილი უნდა იჯდეს ციხეში იმიტომ, რომ პიჯაკები იყიდა, ჯანყარაშვილი რატომ არ უნდა იჯდეს, რადგან  ღარიბაშვილის ნათესავია?! თუ ჩვენ შევთანხმდით, რომ ღარიბაშვილი იმიტომ წავიდა მთავრობიდან, რადგან მისი ნათესავები კორუმპირებულები იყვნენ, მაშინ ასეთი შეთანხმება ვერ იქნება ლეგიტიმური. კორუმპირებული ადამიანი ციხეში უნდა იჯდეს და თამასაც უნდა აწეულიყო ყველასთან მიმართებაში.

 

სააკაშვილმა არჩევნებზე  30% აიღო და ახლა უკვე მის მიმართ ეს აქტიურობა, მართლმსაჯულება არაა, ეს პოლიტიკური დევნა.  თუ გვინდა ვითარების განმუხტვა, ასეთი ადამიანის მიმართ უნდა გამოვიყენოთ ის სტანდარტი, რომელიც პოლიტიკურად დევნილის ნიშნით გამოიყენება. უნდა მოხდეს მისი ამნისტია და გამოყვანა ციხიდან, მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარ ამომრჩეველთან ერთად განაგრძოს პოლიტიკური ცხოვრება. ეს არის საშუალება, რომ ეროვნული თანხმობისკენ წავიდეთ.

 

ხელისუფლება კი სახედაკარგულია, ჩაეფლო კორუფციაში, არაფერს აკეთებს პანდემიასთან დაკავშირებით და  ეკონომიკის განვითარებისთვის. მთელი თავისი რესურსი  სააკაშვილთან ბრძოლისკენ მიმართა, ისიც იმიტომ, რომ საკუთარი ძალა და პირადი კომფორტი შეინარჩუნოს, ბიუჯეტში აფათუროს ხელი. ეს კი მაშინ ხდება,  როცა მოსახლეობის უმრავლესობას უჭირს, შიმშილობს და  გაზრდილი ფასების წინაშე უძლურია. ასეთ ვითარებაში, ხელისუფლება ნამდვილად მოსაცდენი არაა, სააკაშვილზე  არ უნდა ლაპარაკობდეს და არ უნდა ზრუნავდეს საკუთარ ჯიბეზე.

 

/ ნინო ოთარაშვილი /

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ