"ჯორჯიან თაიმსი" გთავაზობთ ფილოლოგ მერაბ გვაზავას ანალიზს, რომელიც, მერაბ რატიშვილის ნაწარმოებს - "დაკარგული ფურცლები" ეხება:
ასეთი ამბის შეტყობისას, პირველი გრძნობა, რომელიც გაოცებასთან ერთად გეუფლება, უსიამოვნოა. "დათა თუთაშხია" სრულყოფილი რომანია და მკითხველს არანაირ უკმარისობის განცდას არ უტოვებს. მისი გაგრძელება კი წაკითხვამდე იწვევს ანტიპათიას, როგორც თვითდამკვიდრების უღირსი მცდელობა, როცა უცნობი ავტორი ეპოტინება მზა პოპულარობას, ცდილობს თავი შეაფაროს დიდი მწერლის ქოლგას. ერთი სიტყვით ამგვარი მოვლენის უკან კიდევ ერთი გრაფომანი ილანდება, რომელსაც ნორმალურმა საზოგადოებამ თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს.
ამ განწყობით ჩავუჯექი მერაბ რატიშვილის "დაკარგულ ფურცლებს", მტკიცე განზრახვით, რომ მისგან ქვა ქვაზე არ დამეტოვებინა. ჩემდა გასაოცრად მოხდა პირიქით - ათიოდე გვერდის შემდეგ უკვე ვიცოდი, რომ მწერალთან მქონდა საქმე. ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, დაჯდომას რომ აპირებ და სკამს გამოგაცლიან (როგორც სახნოვს დამართა მუშნიმ). ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ხუთასგვერდიანი წიგნი, ეჭვი არაა - მერაბ რატიშვილი შესანიშნავი მწერალია (მოგვიანებით გავიგე, რომ მას სხვა რომანებიც ჰქონია). ნამდვილ მწერალს თემები არ დაელევა, რა საჭირო იყო "დათა თუთაშხიას" გაგრძელების დაწერა?! რისთვის შედის მერაბ რატიშვილი წინასწარ წაგებულ ომში?! როცა საქმე "დათა თუთაშხიას" ეხება, მკითხველი მომთხოვნი და პრეტენზიული ხდება, შენს წიგნს უკვე სრულიად სხვა სტანდარტით მიუდგებიან, რაც უნდა კარგად წერდე, მას "დათა თუთაშხიას" შეადარებენ და წაგებული დარჩები. ესეც არ იყოს, სხვის მონასტერში საკუთარი წესდებით ვერ შეხვალ, გეზღუდება სამწერლო თავისუფლება, უნდა იმოძრაო მხოლოდ იმ ორიენტირზე, რომელიც "დათა თუთაშხიას" მკაცრმა ავტორმა განსაზღვრა და დაადგინა.
ყველა შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება თავის ტკივილია.
მერაბ რატიშვილმა იცის ამის შესახებ და მაინც რისკავს. გასაგებია რატომაც: იგი აღფრთოვანებულია ამ წიგნით და აღმერთებს მის ავტორს; საკუთარი წიგნის წარმატებაზე მეტად მას ამ გრძნობის გამოხატვა აფიქრებს, მწერალი კი ერთადერთ ინსტრუმენტზე "უკრავს", ამიტომაც წერს რომანს.
"დაკარგული ფურცლები" ოდაა, რომელიც "დათა თუთაშხიას" ეძღვნება.
ერთ წერილში მე ვერ შევძლებ და არც ვაპირებ წარმოვაჩინო მერაბ რატიშვილის წიგნის ყველა ღირსება. ჩემთვის, როგორც მკითხველისათვის, უმთავრესი შემდეგი გარემოებაა: ყველაფერი, რასაც მერაბ რატიშვილი თავის რომანში დაწერს, უნდა შეესაბამებოდეს ჭაბუა ამირეჯიბის სამწერლო მიზანდასახულობას, "დათა თუთაშხიას" იდეოლოგიურ კალაპოტში უნდა თავსდებოდეს, ძალიან მკაცრად განსაზღვრულ კალაპოტში. "დაკარგული ფურცლების" ავტორიღრმად უნდა სწვდებოდეს ჭაბუას რომანის არსს; ყველა სხვა შემთხვევაში, დამოუკიდებლად სამწერლო ფანტაზიისა, წერის კულტურისა, პორტრეტების ხატვის ხელოვნებისა, დიალოგის გამართვის ოსტატობისა და ყველა სხვა ნიჭისა და უნარისა, რაც მწერალს მოეთხოვება, საქმე გვექნება გაუმართლებელ სითამამესთან, უშედეგო გარჯასთან, პატივისცემის გამოხატვის უხერხულ ფორმასთან.
იდეური თავსებადობის თემას ქვემოთ მივუბრუნდებით.
ფორმის თვალსაზრისით მერაბ რატიშვილი უპირობოდ იმეორებს "დათა თუთაშხიას" სტრუქტურულ წყობას: აქაც თვითმხილველების მონათხრობს ვეცნობით, გვხვდება როგორც უცნობი, ისე ნაცნობი პერსონაჟები, მოქმედება მეტწილად რუსეთში მიმდინარეობს, ეს არის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის წლები. ავტორი შესანიშნავად იცნობს ამ ეპოქას და ამას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს; რომ არა ეს ფაქტორი, წიგნის წაკითხვა ნამდვილად არ ეღირებოდა. "დათა თუთაშხიაში" ჩვენ ვიხიბლებით სეგედის ღრმა განსწავლულობით, მისი ანალიტიკური უნარით და, რაც მთავარია, საკითხის ცოდნით, ფაქტების ისტორიული სიზუსტით, რის გარეშეც ნაწარმოები დამაჯერებლობას დაკარგავდა. სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ "დაკარგული ფურცლები" ისტორიულ ასპექტში სავსებით დამაჯერებლად გამოიყურება, ეს გარემოება კი ავტორის უაღრეს განსწავლულობაზე მიუთითებს. მერაბ რატიშვილი შესანიშნავად იცნობს იმპერიული საიდუმლო სამსახურების სტრუქტურას, მუშაობის მეთოდის თავისებურებებს, მის იერარქიულ მოწყობას. მწერალი, თუ მას ზურგს რეალური ცოდნა არ უმაგრებს, მკითხველს ვერ დაარწმუნებს. აქ ჰემინგუეის აისბერგის პრინციპი მოქმედებს.
ამ თვალსაზრისით "დაკარგულ ფურცლებში" ყველაფერი რიგზეა. მკითხველი ეცნობა უაღრესად რთულ, ქარცეცხლიან ეპოქას, გიგანტური ქვეყნის ნგრევის სურათებს, როცა უზარმაზარ ტერიტორიებზე სამოქალაქო ომი მძვინვარებს; მთელი ეს მასშტაბური ეპოპეა დახატულია იმ დამაჯერებლობით, რასაც სამწერლო ოსტატობასთან ერთად ისტორიის მამოძრავებელი ბერკეტების რეალური ცოდნა განაპირობებს.
რომანი "დაკარგული ფურცლები" იწყება სწორედ იქედან, სადაც "დათა თუთაშხია" მთავრდება, როცა გრაფი სეგედი შეიტყობს, რომ ბეჩუნი პერტიამ და გუდუნამ დატოვეს საქართველო. გვგონია, რომ იმ ფაქტორებს შორის, რამაც მერაბ რატიშვილს ამ წიგნის დაწერა გადააწყვეტინა, ერთ-ერთი იქნებოდა სეგედის სიტყვები: "ჩემი ღრმა რწმენით, უკანონოდ შობილნი, უმრავლეს შემთხვევაში, ენერგიულ, მოხერხებულ, აქტიურ ადამიანებად ყალიბდებიან... გუდუ პერტია, მისივე მასწავლებლების აღიარებით, ნათელი გონებისა და ჭარბი ნიჭის პატრონი იყო. მან ბავშვობაში დიდი მღელვარება იწვნია, უმაგალითო სულიერი ტრავმა გადაიტანა, გამოიწრთო. მე მუდამ ვფიქრობდი, რომ განგება ამ ადამიანს მნიშვნელოვანი მომავლისთვის ამზადებდა".
გუდუნას "მნიშვნელოვანი მომავალი" ჭაბუა ამირეჯიბის სამწერლო მიზანდასახულობაში არ შედის, მან სათქმელი უკვე თქვა, რომანი დაასრულა; მაგრამ გუდუნას თემის ღიად დატოვება თითქოს ტოვებს კარს ამ სამყაროში დასაბრუნებლად მათთვის, ვისაც ძალიც შესწევს და ქადილიც. გვგონია, რომ მერაბ რატიშვილმა ეს გამოწვევა მიიღო, მისი რომანი გუდუნას "მნიშვნელოვან მომავალს" ეხება.
წიგნში გუდუნას სანდრო ამირეჯიბი ჰქვია. აქ ყველაფერი გასაგებია იმის გათვალისწინებით, რომ რატიშვილმა რომანი ჭაბუა ამირეჯიბს უძღვნა. მეტიც: ამირეჯიბების საგვარეულო სასახლეში მკითხველი ხვდება პაწია ჭაბუკას, რომელსაც უკვე განბრძნობილი სანდრო ამირეჯიბი დიდ, მძიმე და მნიშვნელოვან მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ახლა კი დავუბრუნდეთ ამ ორი წიგნის იდეური თავსებადობის საკითხს. გავიმეორებთ უკვე ნათქვამს: მკითხველი "დაკარგულ ფურცლებს" "დათა თუთაშხიას" გაგრძელებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ მათ შორის იდეური თანხვედრა გვექნება არა ფასადური, არამედ არსობრივი თვალსაზრისით. ეს მერაბ რატიშვილის ნებაყოფლობითი ტვირთია, მას რომ თავისი შესანიშნავი წიგნი ამირეჯიბის რომანთან არ დაეკავშირებინა, მკითხველი მის ნაწარმოებს სრულიად სხვა კრიტერიუმით განსჯიდა. თუ "დაკარგულ ფურცლებს" წარმოვიდგენთ იგივე პერსონაჟებით, მხოლოდ სხვა სახელებით, "დათა თუთაშხიასაგან" დამოუკიდებლად, მივიღებთ ძალიან მნიშვნელოვან, უაღრესად საინტერესო და მომხიბლავ ლიტერატურულ ნაწარმოებს, მაგრამ რაკი ავტორმა "თავს ჭირი უგდო", რაკი გადაწყვიტა დიდი რომანის გაგრძელება დაეწერა, შესაბამისი პასუხისმგებლობაც იტვირთა.
საკითხის ნათელსაყოფად მცირე ექსკურსი დაგვჭირდება.
"დათა თუთაშხია" დაშიფრულ-კრიპტოგრაფიული ტიპის რომანია. ავტორი საგულდაგულოდ მალავს საკუთარ მსოფლმხედველობრივ ვინაობას; იგი სათქმელს მოიარებით,ირიბმეტყველებით და მკრთალი მინიშნებებით ამბობს, ამიტომაც ამ წიგნის კვლევა დეტექტივის შრომას ჰგავს. რაც უნდა გასაკვირი იყოს, "დათა თუთაშხია" მკაცრად იდეოლოგიზებული ნაწარმოებია. იგი სახარების აპოლოგიას წარმოადგენს. სიკეთისა და ბოროტების არსის, წარმომავლობისა და ურთიერთმიმართების გააზრებისას ავტორი ორ მთავარ გმირს ეყრდნობა: დათასა და მუშნის. როგორც ბიბლიური აბელისა და კაენის შემთხვევაში, როცა ღმერთმა აბელის მსხვერპლი შეიწირა, კაენისა კი - არა, ჭაბუა ამირეჯიბი მხოლოდ დათა თუთაშხიას სიკეთეს იღებს და ცნობს, თუმცა ორივე თანაბრად კეთილი, გულწრფელი და უანგაროა. საკითხს ვერ ჩავუღრმავდებით, მოკლედ ვიტყვით: სიკეთე, რომელიც სახარების მიღმა დგას, საბოლოოდ ბოროტებად გადაგვარდება. მუშნი ზარანდიას დამარცხება საბოლოოდ მისმა ათეიზმმა განაპირობა. ჭაბუა ამირეჯიბი, მწერალი და მოაზროვნე, ბოროტების სათავეს ათეიზმში ხედავს. სწორედ ესაა რომანის არსი და მთავარი სათქმელი. სხვა საკითხია, თუ როგორ ახერხებს გენიალური ავტორი მკითხველის ამ დასკვნამდე მიყვანას წიგნში, სადაც ერთთავად მაუზერების ტრიალი და თვალწარმტაცი აბრაგული თავგადასავლებია. ისიც აღვნიშნოთ, რომ "დათა თუთაშხია" მკაცრად რეალისტური ნაწარმოებია (ერთადერთ გამონაკლისს სეთურის ეპიზოდი წარმოადგენს, რომელიც სიმბოლური დატვირთვის მატარებელია). ავტორი არ მიმართავს ფანტასტიკურ, მით უფრო მისტიკურ ელემენტს, თუმცა მისი მიზანია მკითხველი ღმერთამდე მიიყვანოს.
ის, რაც დაშიფრულ-დაგმანულია "დათა თუთაშხიაში", მერაბ რატიშვილთან სამზეოზეა ამოტანილი. ეს ყველაზე კარგად "დაკარგული ფურცლების" უკანასკნელ, შემაჯამებელ თავში ჩანს, სადაც მთხრობელად ბერი დავითი, დათა თუთაშხიას შვილიშვილი გვევლინება. ჭაბუა ამირეჯიბმა დათა შემოვლითი გზებით ატარა, წამებით განაბრძნო და ისე მიიყვანა სახარების საუნჯემდე, მისი შვილიშვილი კი, ცხოვრებით მასავით ნაგვემი კაცი, ადამიანის უმაღლეს მოწოდებად ბერობას მიიჩნევს და საკუთარ თავს უფალს უძღვნის. ნიშანდობლივია, რომ მერაბ რატიშვილი თავის წიგნში მისტიკურ ელემენტს განსაკუთრებულ დატვირთვას ანიჭებს. მხედველობაში გვაქვს სერაფიმესა და მისი ქალიშვილების ისტორიები; სულიერი ცოდნა, რასაც ისინი ფლობენ, არის ყველაზე ნათელი იდეალი, უმაღლესი ღირებულება.
როცა ირგვლივ ომი მძვინვარებს, როცა უზარმაზარ ქვეყანაში ერთადერთ ქმედით არგუმენტსსამხედრო ძალა და იარაღი წარმოადგენს, სერაფიმესა და მისი ქალიშვილების რწმენის კუნძულები შეუვალი და ხელშეუხებელი რჩება. "თუ ხედავ, აქ ერთი ყუმბარაც არ ჩამოვარდნილა", ავსტრიელი ჯარისკაცები იარაღს ყრიან და გარბიან, მოხუცი სერაფიმე სასწაულებრივად გამოატარებს სანდროს მტრებს შორის; ამ კუნძულებს ვერას აკლებს მსოფლიო თუ სამოქალაქო ომები, ერთადერთ ჯავშანს წუთისოფლის "ხმაურსა და მძვინვარებაში" ღვთის რწმენა წარმოადგენს.
ასეთი პედალირება სარწმუნოებრივ თემებზე არ არის განპირობებული მხოლოდ მერაბ რატიშვილის მსოფლმხედველობრივი მრწამსით, უპირველეს ყოვლისა იგი "დათა თუთაშხიასთან" იდეური თავსებადობის ინდიკატორია. "დაკარგული ფურცლების" ავტორმა იცის, რისთვის დაიწერა "დათა თუთაშხია" და თუ გაგრძელებაა, რა მიმართულებით უნდა გაგრძელდეს იგი.
მერაბ რატიშვილის რომანის სრულფასოვანი ანალიზი სხვა ფორმატს მოითხოვს. ჩვენი მიზანი მოკრძალებულია: დავარწმუნოთ მკითხველი, რომ ლიტერატურულ მკრეხელობასთან კი არა, მაღალმხატვრულ, უაღრესად საინტერესო ნაწარმოებთან აქვს საქმე. ავტორი ერთგულად მიჰყვება ჭაბუა ამირეჯიბის იდეურ ჩანაფიქრს და გარკვეული აზრით წარმოადგენს მისგავრცობა-განმარტებას.
მკითხველი შეხვდება საყვარელ გმირებს - მუშნი ზარანდიასა და გრაფ სეგედის. მუშნის შემთხვევაში ავტორი ძალიან რისკავს; ჭაბუა ამირეჯიბის მუშნი ზარანდია ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაჟია. მკითხველის თვალწინ გაივლის მუშნის უკანასკნელი, პეტერბურგული წლები, მისი მელანქოლია და სიკვდილი. ძალზე საყურადღებოა მისი სიკვდილისწინა თვითშეფასებები; ავტორი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ძალიან ღრმად იცნობს ჭაბუა ამირეჯიბის რომანს.
გულწრფელად ვულოცავ მერაბ რატიშვილს კადნიერი განზრახვის ღირსეულად აღსრულებას. "დაკარგული ფურცლები" "დათა თუთაშხიას" კვალზე თავაწეული ივლის.
მერაბ გვაზავა, ფილოლოგი
ქუთაისი, ოქტომბერი 2021წ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge