არღვევს თუ არა "ლოქდაუნი ადამიანის უფლებებს? - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო.
სასამართლომ დაასკვნა, რომ “ლოქდაუნი” არ შეიძლება, გაიგივდეს შინაპატიმრობასთან და, შესაბამისად, ის არ არღვევს თავისუფლების უფლებას.
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება რუმინეთის მოქალაქის სარჩელის საფუძველზე მიიღო, რომელიც ჩიოდა, რომ 52-დღიანი კარანტინი, რომელსაც ის დაექვემდებარა, შინაპატიმრობას უდრის. მომჩივანი აცხადებდა, რომ ამ დროს არ იყო ინფიცირებული, არც ავადმყოფებთან ჰქონია კონტაქტი.
სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილში აღნიშნულია, რომ, COVID-19-ის პანდემიის გამო, რუმინეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნით საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული. მოქალაქეებს ჯარიმის მუქარით სახლიდან გასვლა ეკრძალებოდათ, გარდა მკაცრად განსაზღვრული შემთხვევებისა და საპატიო მიზეზით, დამადასტურებელი საბუთის არსებობის შემთხვევაში.
აღნიშნული საჩივარი პირველია, რომელშიც სასამართლომ შეაფასა, რამდენად გამოიყენება ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-5 პუნქტი, რომელიც იძლევა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების გარანტიას.
სასამართლომ დაადგინა, რომ „განმცხადებლის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ინტენსივობის ხარისხი არ იყო ისეთი, რომლის დროს ზოგადი კარანტინი შეიძლება, ჩაითვალოს თავისუფლების აღკვეთად“.
„სასამართლომ აღიარა, რომ პანდემიას შეიძლება, ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგები არა მარტო ჯანმრთელობაზე, არამედ – მთელს საზოგადოებაზე, ეკონომიკაზე, სახელმწიფოს ფუნქციონირებასა და, ზოგადად, ცხოვრებაზე. ამიტომ, არსებული ვითარება უნდა დახასიათდეს, როგორც „გამონაკლისი და არაპროგნოზირებადი”, – ნათქვამია რეზიუმეში.
გადა ამისა, სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუდვა ქვეყანაში ყველაზე ვრცელდებოდა; განმცხადებელს შეეძლო, დაეტოვებინა სახლი კანონით დადგენილი საპატიო მიზეზებით; ის არ ექვემდებარებოდა ხელისუფლების მხრიდან ინდივიდუალურ ზედამხედველობას, არ ამტკიცებდა, რომ აიძულებდნენ – ეცხოვრა ვიწრო სივრცეში და არ იყო მოკლებული ყველა სოციალურ კონტაქტს.
„შესაბამისად, კარანტინის პირობები არ შეიძლება, გაიგივდეს შინაპატიმრობასთან, რაც სასამართლო პრაქტიკის მიზნებისთვის „თავისუფლების აღკვეთას“ უტოლდება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განმცხადებელი არ უჩიოდა გადაადგილების თავისუფლების დარღვევას.
ავტორ(ებ)ი :