დღე: 25

ღამე: 18

USD 2.7087

EUR 2.9406

"მიუხედავად გააფთრებული ომისა, საფრანგეთის სანაპიროზე უკრაინელი და რუსი ოლიგარქები ერთმანეთის მ

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დაით ზარდიაშვილი

 

ფრანგული გამოცემა "Valeurs Actuelles" კარგად აღწერს, რომ მიუხედავად გააფთრებული ომისა, როგორც უკრაინელი, ასევე რუსი ოლიგარქები ერთი-მეორეს მეზობლად თავს შესანიშნავად, ზე-კომფორტულად გრძნობენ საფრანგეთის ლაჟვარდოვან სანაპიროზე. მათ განცხრომას არც არაფერი ემუქრება და ისევე "გულაობენ" როგორც აქამდე. შეიძლება მეტი გაქანებითაც.  

 

რუსია თუ უკრაინელი ფრანგული რივიერას ოლიგარქი მკვიდრი, ამის გარჩევა საერთოდაც  შეუძლებელიაო - ადგილობრივთან ინტერვიუებზე დაყრდნობით ამტკიცებს ეს გამოცემა. ინტერვიუერები კი ერთხმად ჰყვებიან: ისინი, როგორც რუსები, ასევე უკრაინელები, აბსოლუტურად ერთი ჯიშის ხალხია და ზუსტად ერთნაირად იქცევიან.  ერთნაირად ასე ახასიათებენ: "ერთნაირად ცივსისხლიანები და ცინიკურად უკომპრომისოები ურთიერთობებში. უაღრესად საეჭვო და არასანდონი. არანაირი ზრდილობა. ძალიან უჭირთ წარმოთქვან ეს სიტყვები: ბოდიში და  მადლობა. არაპუნქტუალურები. ყოველთვის ყველგან აგვიანებენ. და გასაოცარი ვნება აქვთ გარეული ცხოველების მიმართ. ლამის ყველა მათგანს გარეული მხეცების საშინაო ზოოპარკი აქვს მოწყობილი." ერთ-ერთი მოსამსახურე, რომელიც მათთან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის თუ დაქირავება-გაქირავების საქმეებს   აწარმოებს, იხსენებს, რომ მანქანით გადმოსვლა ვერ მოახერხა, რადგან ოლიგარქის ეზოში გარეული პანტერა თავისუფლად დასეირნობდაო!  

 

რჩება ასოციაცია, რომ როგორც პანტერა ამ ოლიგარქის ეზოში, ისე ეს ოლიგარქები თავად, ასევე მტაცებლური უტიფრობით დასეირნობენ ლაჟვარდოვან სანაპიროზე თავიანთი ძვირფასი "ბენტლებითა" თუ "პორშეებით". მათ ფაქტიურად ოკუპირებული აქვთ საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროს ყველაზე პრესტიჟული კაპ-ფერას ნახევარკუნძული. განსაკუთრებით შთამბეჭდავია უკრაინელი მილიარდერისა და ოლიგარქის რინატ ახმეტოვის ძვირფასი, 200 მილიონ ევროდ შეძენილი ვილა. ეს არის მთელს რივიერაზე  ოდესმე ყველაზე ძვირად შეძენილი უძრავი ქონება: ვენეციური სასახლის სტილის 1670 კვ. მეტრიანი ფეშენებელური, ანტიკვარიატით გაძეძგილი საცხოვრებელი ფართი, უნიკალური, 14 ჰექტარზე გაშენებული  უძვირფასესი ბოტანიკური ბაღით, ეგზოტიკური საშინაო ზოოპარკით, ოლიმპიური აუზითა და სხვ. 

 

ეს ფრანგული გამოცემა ღრმად შეშფოთებულია: მაშინ, როცა ფრანგები ქვეყანაში მძვინვარე ინფლაციით იხდიან ამ ომის საფასურს, მათ ლაჟვარდოვან სანაპიროს უკრაინელი და რუსი ოლიგარქები ერთად უტევენ და სულ უფრო მზარდი "მცოცავი ოკუპაციით" იპყრობენ. თანაც ისე, რომ რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები ამ ოკუპაციას იოტისოდენადაც ვერ უშლის ხელს. თუნდაც იმიტომ, რომ რუსებსაც და უკრაინელებსაც დაუბრკოლებლად შეუძლიათ თავიანთი ნაძარცვი ფინანსური სახსრების დაბანდება ევროპულ ბანკებსა თუ უძრავ ქონებაში და ამის კონტროლი პრაქტიკულად შეუძლებელია: მათ უმრავლესობას ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ასევე, ისინი კარგად შენიღბულნი არიან გაურკვეველი წარმომავლობის სხვადასხვა ოფშორებში რეგისტრირებული, თვალთმაქცური, ანონიმური კომპანიებით, რის გამოც თავისუფლად და შეუზღუდავად მიუწვდებათ ხელი თავიანთ ფინანსურ ანგარიშებზე. 

 

გამოცემა ასკვნის: როგორც არ უნდა გაგრძელდეს და დასრულდეს ეს ომი უკრაინაში - ლაჟვარდოვან სანაპიროზე რუს უკრაინელთა თუ პირიქით - უკრაინელ რუსთა "გულაობა" მხოლოდ გაფართოვდება და უარესად გულს მოუკლავს ფრანგული რივიერას ადგილობრივ გულშემატკივარსო.

ბოლო სიახლეები