დედოფალი ელიზაბეთ II ბრიტანეთის სამეფოს რიგით მე-40 მონარქია, მას შემდეგ, რაც 1066 წელს ინგლისის ტახტზე უილიამ დამპყრობელი ავიდა.
ელიზაბეთმა ზეობის ბრილიანტის იუბილე — 60 წლისთავი — 2012 წელს აღნიშნა. მან ტახტი 1952 წელს, მამის, ჯორჯ VI-ის სიკვდილის შემდეგ დაიკავა. წესით — დინასტიის ხაზით — ელიზაბეთამდე მონარქი მისი ბიძა, ედვარდ VIII უნდა გამხდარიყო, თუმცა, ამ უკანასკნელმა ტახტზე უარი ჯერ კიდევ 1936 წელს თქვა.
ამ საინტერესო დეტალის გარდა, დედოფალი ელიზაბეთის II-ის ბიოგრაფია ბევრ უჩვეულო ფაქტსაც მოიცავს, რომელთაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.
ელიზაბეთი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა, თუმცა, იუბილეს ოფიციალურად აღნიშვნა ივნისის მეორე შაბათამდე არ ხდება; ეს ტრადიცია 1748 წელს დანერგა მეფე ჯორჯ II-მ. იგი ნოემბერში დაიბადა და, რადგან წელიწადის ამ დროს პომპეზური აღნიშვნისთვის შესაფერისი ამინდი არ იყო, გადაწყდა, მეორე დაბადების დღე გადაეხადა.
ტრადიცია მცირედით შეიცვალა გასულ წელს, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო მასშტაბური ღონისძიებები შეიზღუდა, ბრიტანეთის მონარქის იუბილე კი მოკრძალებულად აღინიშნა.
ერთი შეხედვით, მომხიბვლელი ამბავია მათთვის, ვისაც სკოლაში სიარული მაინცდამაინც არ უყვარდა, თუმცა, ელიზაბეთს ყველაფრის სწავლა, უბრალოდ, სახლში მოუწია. კერძო პედაგოგები მას კონსტიტუციონალიზმის ისტორიას, სამართალსა და ფრანგულს ასწავლიდნენ. ამის მიუხედავად, დედოფალს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავის დროზე ფორმალური განათლების მიღებას მაინც ისურვებდა.
პრინცი ფილიპი, რომელიც თითქმის 100 წლის გარდაიცვალა 2021 წლის 9 აპრილს, ელიზაბეთის გარე ბიძაშვილი იყო; ორივე მათგანი დედოფალი ვიქტორიას შვილთაშვილის შვილები იყვნენ, თუმცა, წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როცა მომავალი დედოფალი მხოლოდ 13 წლის იყო.
1947 წლის ნოემბერში ელიზაბეთმა და ფილიპმა იქორწინეს; პრინცესამ კი თავისი კაბისთვის მასალის საშოვნელად მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შენახული კუპონები გამოიყენა.
ნორმან ჰარტნელი (1901-1979) 1940 წელს სამეფო ოჯახის დიზაინერი გახდა ელიზაბეთის დედის — დედა დედოფლისათვის — სამოსის შესაქმნელად. 1957 წლიდან იგი ელიზაბეთ II-ის დიზაინერი გახდა და მისთვის საქორწინო და კორონაციის ცერემონიის კაბები შექმნა. როგორც ცნობილია, ჰარტნელმა ცხრა სხვადასხვა კაბის ესკიზი წარუდგინა მონარქს, დედოფალმა კი, საბოლოოდ, ის აირჩია, რომელზეც ბრიტანეთის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ქვეყნის სიმბოლო ყვავილები იყო გამოსახული.
ბრილიანტი კოჰინური, რაც სპარსულად "სამყაროს ნათელს" ნიშნავს, ინდოელებისათვის განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. მათ მიაჩნიათ, რომ ბრილიანტი ბრიტანელმა კოლონიალისტებმა პენჯაბის მმართველს მოჰპარეს. 108-კარატიანი ქვა დედოფლის გვირგვინს ამშვენებს და გამოტანილია ლონდონის ტაუერის მუზეუმშიც.
ელიზაბეთის კორონაციის ოფიციალური ცერემონია 1953 წელს გაიმართა, თუმცა, მან ტახტი 1952 წელს, მამამისის გარდაცვალებისთანავე დაიკავა. იგი უკვე 69 წელია, მონარქია, რითაც "აჯობა" თავის დიდ ბებიას — დედოფალ ვიქტორიას — რომელიც 63 წელი იკავებდა ტახტს.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, "რადგან პასპორტი მისი აღმატებულების სახელითაა დამზადებული, მას მისი ქონა არ სჭირდება". ამის მიუხედავად სამეფო ოჯახის სხვა ყველა წევრს ჰქონდათ და აქვთ პასპორტები — მათ შორის პრინც ფილიპსა და პრინც ჩარლზს. ამასთან, დედოფალი ერთადერთი პირია მთელ გაერთიანებულ სამეფოში, ვისაც მართვის მოწმობის ქონა არ მოეთხოვება.
ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები, ბევრ ადამიანს და მათ შორის სამეფო ოჯახის წევრს უყვარდა, თუმცა ელიზაბეთს გამორჩეული დამოკიდებულება ჰქონდა კორგის ჯიშის ძაღლებისადმი. ყველაფერი 1930-იან წლებში დაიწყო, როცა მომავალი დედოფლის მამამ კორგი, სახელად დუკი, რეზიდენციაში მიიყვანა.
ელიზაბეთის საყვარელი კორგი სიუზენი იყო, რომლის შთამომავლებიც უკვე რვა ათწლეულია, ბედნიერად ცხოვრობენ სამეფო ოჯახთან ერთად.
IMDb-ის ცნობით, დედოფალი ელიზაბეთ II ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია 225-ზე მეტ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმსა და სერიალში. მათ შორის ალბათ ყველაზე ცნობილი სერიალი The Crown არის, რომელშიც ბრიტანეთის მონარქის როლს ინგლისელი მსახიობი, კლერ ფოი ასრულებს.
აღსანიშნავია, რომ დედოფალს ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოც კი აქვს მიღებული კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის აქტიური მხარდაჭერისთვის.
Forbes-ის მონაცემების მიხედვით, დედოფლის ქონება 350 მილიონ გირვანქა სტერლინგს ($482 მილიონს) შეადგენდა. ერთი შეხედვით დიდი ქონება მეტად მოკრძალებულად გამოიყურება სამეფო ოჯახის სხვა წევრების ფონზეც კი — უესტმინსტერის ჰერცოგი ჰიუ გროსვენორი 10 მილიარდ ფუნტს ფლობდა.
ელიზაბეთი კი თავისი ქონებით მხოლოდ 372-ე ადგილს იკავებდა გაერთიანებული სამეფოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის.
ავტორ(ებ)ი : on.ge