დღე: 6

ღამე: -3

USD 2.8004

EUR 2.8889

"რაო?.. თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო? მშვიდობის კი არა, მშვიდობის მაძიებელთა, მშვიდობისთვის მებრძოლთ შემფარებელი ქალაქიცაა" 30.11.2022 16:28

რაო?.. თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო? მშვიდობის კი არა,  მშვიდობის მაძიებელთა, მშვიდობისთვის მებრძოლთა, მშვიდობის მოყვარეთა შემფარებელი ქალაქიცაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხათუნა ხოფერია წერს.

 

მისი თქმით, ქალაქის ქუჩებში ბედნიერად დადიან რუსეთიდან და უკრაინიდან ომს გამოქცეული ადამიანები. დადიან ჩვენი ქალაქის მშვიდობიან ქუჩებში და არაფრისაც არ ეშინიათ.

 

"და მარტო თბილისი კი არა, მთლიანად საქართველო! დიახ, ეს დალოცვილი საქართველო!

 

ებრაელთა ამბავს აღარ მოვყვები. ვენაცვალე მათ, მათ შთამომავლობას და გულით ნაფერებ, ნანანავებ საქართველოს!

 

როდესაც თურქებმა ბერძენი მოსახლეობა შეავიწროვა, როდესაც თურქი რაზმელები ქუჩაში მოთამაშე ბავშვებს ბერძნულად ეხმიანებოდნენ და ბერძნულ ენაზე პასუხის შემდეგ იმ ბავშვების ოჯახებს ანადგურებდნენ, ბერძნებმა ენა დაივიწყეს შეგნებულად. ღმერთს მიენდნენ, რწმენის გადარჩენა გადაწყვიტეს, მშვიდობიანი, ერთმორწმუნე საქართველო იპოვეს და სიცოცხლის გადასარჩენად ჩამოვიდნენ. დიდი დრო არც დასჭირვებიათ ენის დასაბრუნებლად  ქრისტიანულ საქართველოში!

 

ჩვენმა ბერძნებმა ბევრ ქართველზე უკეთ იციან მშვიდობიანი თბილისის ფასი!

 

ვენაცვალე მათ და ჩემ ელადელ ლიას, რომელმაც ცრემლებიანმა მოყვა ეს ამბავი.

 

ცამეტი ასურელი მამის კვალს გამოჰყვნენ ირანიდან დევნილი ასირიელები. ღმერთის, იესოს, რწმენის გამო დევნილი აისორები. აგერ, თბილისთან ახლოს, სოფელ ქანდაში დასახლდნენ. საქართველოს მშვიდობიან მზეს მიეფიცხნენ, სამშობლოდ ქცეულ მიწაზე ეკლესიები ააშენეს, ჩვენთან ერთად ილოცეს, ჩვენთან ერთად შექმნეს ოჯახები, მერე კი, იესოს ენაზე საგალობლები უგალობეს ღმერთს, არამეულ ენაზე შეავედრეს ჩვენი ქვეყანა იესოს!  

 

ვეფერები ყველა ასირიელს, ნაღდ ქართველებს! მადლობა ჩემი რძლის, ინას მშობლებს, სანათესავოს ჩვენი საერთო სამშობლოს სიყვარულისთვის

!

როცა კომუნისტებად შერაცხილი ლიბერალ- ტროცკისტ-სატანისტები შეესივენ რუსეთს, ყველა მშვიდობისმოყვარე, ლექსისა და ხატვისმოყვარე, ხელოვნებისა და თავისუფლებისმოყვარე დიდმა პიროვნებამ მშვიდობიან საქართველოს შეაფარა თავი. დღესაც ამჩნევია მეოცნებე ბულგაკოვის ნაფეხურები თბილისსა და ბათუმს. დღესაც საამაყოა  ფუტურისტების მიერ მშვიდობიან თბილისში შექმნილი დიდი ხელოვნება!

 

როდესაც, აგერ უკვე სამოციან წლებში, სულძაღლი ნიკიტა ხრუშოვის ბრძანებით გლინის უდაბნოს მამების დაპატიმრება და დევნა დაიწყეს, დიდმა მამებმა ნავსაყუდელი საქართველოში, სოხუმის მთებში იპოვეს. შემდეგ კი მშვიდობის ქალაქ თბილისს შეაფარეს თავი.

 

ათწლეულები ლოცულობდნენ საქართველოსთვის! ერთი მათგანის, მეუფე ზინობის მიერ იქნა ბერად აღკვეცილი ჩვენი სათაყვანებელი პატრიარქი. 

პატივი და მარადიული ხსენება ყოფილიყოს ამ დიდი მორწმუნე მამების! 

 

დღესაც, ჩვენი ქალაქის ქუჩებში ბედნიერად დადიან რუსეთიდან და უკრაინიდან ომს გამოქცეული ადამიანები. დადიან ჩვენი ქალაქის მშვიდობიან ქუჩებში და არაფრისაც არ ეშინიათ! იმიტომ, რომ ამ ქალაქში სიცოცხლე გრძელდება! ამ ქალაქში სიცოცხლე უყვართ! იმიტომ, რომ თბილისი მშვიდობის ქალაქია!

 

შენ გაგიმარჯოს, ჩემო თბილის ქალაქო!

P.S.რაოო?... თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არისო?.. მაშ, რისიაო?

უხ, თქვე მტრებო და უსამშობლოდ დარჩენილებო ამ კურთხეულ მიწაზე! დაიმახსოვრეთ!

               მიწა სჭამს ყველა ჯალალედინებს,

               მიწა კვლავ ბრწყინავს თბილის-ქალაქის.

               გ. აბაშიძე"- წერს ხათუნა ხოფერია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ