სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას იღებს თბილისში, რაც პრობლემურია სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, მიგრაციის, ამ კუთხით შესაცვლელია მდგომარეობა-ირაკლი კობახიძე 16.10.2025 20:22

ჩვენ განვსაზღვრეთ შვიდი ძირითადი გამოწვევა და ამის მიხედვით განისაზღვრა შვიდი ძირითადი ამოცანა განათლების რეფორმის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ საკმაოდ მარტივი სტრუქტურა აქვს დოკუმენტს.

„რაც შეეხება გამოწვევებს, პირველი გამოწვევა, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა იდენტიფიცირებული, ეს არის უმაღლესი განათლების სისტემის ჭარბი გეოგრაფიული კონცენტრაცია. დღეს სტუდენტების 85 პროცენტზე მეტი განათლებას იღებს ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში, რაც პრობლემური მოვლენაა სხვადასხვა თვალსაზრისით, მათ შორის, აქაც პრობლემურია ეს ყველაფერი მიგრაციის თვალსაზრისით. არსებული მდგომარეობა იწვევს ახალგაზრდების ჭარბ მიგრაციას რეგიონებიდან დედაქალაქში და ამ კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ პრობლემას და გამოწვევას. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით არის შესაცვლელი მდგომარეობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რადგან კონცენტრაცია არის დედაქალაქში, სხვა დიდი ქალაქები არის არასათანადოდ დატვირთული აკადემიური ინფრასტრუქტურით.

„განსაკუთრებით, ეს ეხება ისეთ ქალაქებს, როგორებიც არის ქუთაისი და რუსთავი. ვფიქრობთ, რომ ამ კუთხით სერიოზული ცვლილებების განხორციელება შეიძლება. რეგიონებში არის მოქმედი უნივერსიტეტები, თუმცა მათი რესურსები საჭიროებს თვისებრივ გაუმჯობესებას, გაძლიერებას და ასევე, იგივე შეიძლება, ითქვას თბილისში მოქმედ სახელოვნებო სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, სპორტის უნივერსიტეტზე და იგივე შეიძლება, ითქვას საპატრიარქოს სასულიერო სემინარიებზე, რომლებიც მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ