სამხრეთ კავკასიიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და, სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს.
„სამხრეთ კავკასიიდან ცოტა ხნის წინ დავბრუნდი და, სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც მტკიცედ უნდა ვიყოთ", - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა გიმართება. შეხვედრას ხელმძღვანელობს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი. შეხვედრაზე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განხილვის მთავარი საკითხებია უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია, მოლდოვის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ევროკავშირთან ურთიერთობა, სუდანში არსებული ვითარება. შეხვედრაზე განიხილება საქართველოს საკითხიც.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება პრესკონფერენციაც, რომელიც თბილისის დროით 16:45 საათზეა ჩანიშნული.
ავტორ(ებ)ი :