27.10.2025 21:49
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საუბრისას განმარტა, თუ რატომ არ მიიღო საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა ევრონესტის სამიტში.
კირცხალიას განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პასუხი ძალიან მარტივია, რამდენადაც ევრონესტის სამიტის ორგანიზატორი რასა იუკნევიჩიენია.
„ძალიან მარტივია ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. მიზეზი არის შემდეგი: ერთი, პირველ რიგში გასაგებია, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა, სომხეთი არის მასპინძელი ამ სამიტის, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, რომელსაც მართავს, პირველ რიგში, რასა იუკნევიჩიენე. ჩვენ ვიცით ვინ არის რასა იუკნევიჩიენე და ვიცით, ვინ არის კოლექტიური იუკნევიჩიენე ევროპარლამენტში. როდესაც ამ ყველაფერთან ერთად ვიცით მათი დამოკიდებულება, ვიცით მათი პოლიტიკური შეხედულება, ვიცით მათი პირდაპირ პარტიული აქტივობა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სათავეში ქვეყნის გარედან, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით შენ ეძახი კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ე.წ პოლიტიკოსებს აქ უკვე არავის კითხვა არ უნდა გაუჩნდეს, თუ რატომ მიიღო თავმოყვარე ქვეყანაში არჩეულმა პოლიტიკურმა გუნდმა გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა კიდევ ერთ უსამშობლოების მიერ ნაკარნახევ და შემდეგ მათი პატრონის, იუკნევიჩიენეს მიერ დაორგანიზებულ სამიტში, ეს ნათელია და დარწმუნებული ვარ ნათელი იქნება ჩვენი სომეხი მეგობრებისთვისაც",- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას წერილობით აცნობა, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ერევანში გამართულ ევრონესტის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებდა.
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას ღია წერილით მიმართავს
წერილში ნათქვამია, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელი ქმედებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ასამბლეის დამფუძნებელი აქტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პრაღის სამიტის ერთობლივი დეკლარაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და მიზნებთან შეუსაბამობის გამო. წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.
ავტორ(ებ)ი :