28.10.2025 12:18
ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ, მთავრობის ახალ შემადგენლობას კი დედაქალაქის საკრებულო კენჭს რამდენიმე დღეში უყრის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ მთავრობის წევრებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის.
„ხვალიდან თბილისის მთავრობის წევრებს შეუჩერდებათ უფლებამოსილება, ვიდრე საკრებულოს ახალი შემადგენლობა არ შეიკრიბება და არ მოხდება მთავრობის წევრების დამტკიცება. 2021 წელს მოსახლეობის მიერ გამოცხადებული ნდობა, ოთწლიანი პერიოდი ხვალ იწურება. პარასკევს, 31 ოქტომბერს საკრებულოში კიდევ ერთხელ წარვადგენთ ჩვენს ხედვას, კონკრეტულ პროექტებს, გეგმებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქის განვითარება. ალბათ, ოპონენტებსაც კი გაუჭირდებათ არ დამეთანხმონ იმაში, რომ ბოლო წლებში უამრავი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში, რამაც ჩვენი თბილისი აქცია ბევრად მწვანე, ბევრად კომფორტულ, მოწესრიგებულ და განვითარებულ ქალაქად. ამაში, რასაკვირველია, დიდია თბილისის მთავრობის თითოეული წევრის წვლილი, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ასევე, მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტის თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მოსახლეობას არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის მოსახლეობას, თითოეულ ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გამოცხადებული ნდობისთვის. მზად ვართ, თავდაუზოგავად ვემსახუროთ ჩვენს თბილისს, თბილისელებს, განვახორციელოთ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, დედაქალაქში უამრავი გამოწვევა რჩება. მომდევნო ოთხი წელი განსაკუთრებული იქნება, გაგრძელდება შრომა იმისთვის, რომ თბილისი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ. სამომავლოდ დაგეგმილ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ავტორ(ებ)ი :