„ლელო“ იბრძოლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში 28.10.2025 23:57

ბიძინა ივანიშვილი აუქმებს დემოკრატიას და აუქმებს საქართველოს, როგორც დემოკრატიულ სახელმწიფოს. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ НКВД-ს სადამსჯელო რეპრესიული მანქანა სრული ძალით აამოქმედა და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის, რომელიც დაფუძნების დღიდან არღვევდა მანკიერ პოლიტიკურ ორპოლუსიანობას და ქმნიდა რეალურ ალტერნატივას რამდენიმე ასეული ათასი ქართველი ამომრჩევლისთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე განცხადებით, „ლელო“ იბრძოლებს ქვეყნის შიგნით და გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში.

„ბიძინა ივანიშვილი ადამიანებს, რომლებსაც 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ არ აურჩევია და რომელთა ხმებიც მოიპარა, ეუბნება, რომ მათ აღარ დარჩებათ სხვა არჩევანი. ეუბნება, რომ ისინი უნდა იყვნენ საბჭოთა საქართველოს, დღევანდელი რუსეთისა და ბელარუსიის მოდელის ქვეყნის მოქალაქეები. მას უნდა საქართველოსგან შექმნას ჩრდილოეთ კორეა.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ დღიდან დაფუძნებისა, იბრძოდა და იბრძვის ოლიგარქიული რეჟიმისგან ქვეყნის გადასარჩენად, მისი ევროპული მომავლისთვის.

ჩვენ უკვე მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამოვიყენოთ ქვეყნის შიგნით არსებული ყველა კონსტიტუციური მექანიზმი. ახლა საკონსტიტუციო სასამართლო არის მექანიმზი, რომელსაც შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოში დარჩენილი დემოკრატიის ნაშთები. ჩვენ არ ვაპირებთ, გამოვაცხადოთ თვითლიკვიდაცია და დავუთმოთ ჩვენი ამორჩევლების, ქართველი ხალხის ინტერესები ბიძინა ივანიშვილსა და მის რუსულ, კორუმპირებულ დაჯგუფებას.

ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა საქართველო არასოდეს დაბრუნდეს საბჭოთა წარსულში. ამ ბრძოლაში ჩვენ ვგრძნობთ ჩვენი ამომრჩევლის მხარდაჭერას და მადლიერები ვართ ამ თავდადებისთვის.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, იმოქმედონ მტკიცედ და არ დაუშვან საქართველოში დემოკრატიის საბოლოო დასამარება.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ არის პარტია, რომელმაც რეალური ალტერნატივა მისცა ქართველ ამომრჩეველს და წლების განმავლობაში იცავს მის ინტერესებს. გავაგრძელებთ ამ გზაზე სვლას და გავაგრძელებთ წინააღმდეგობის ეფექტიანი სტრატეგიების შეთავაზებას ქართული საზოგადოებისთვის.

ბრძოლა გრძელდება, ის არ დასრულდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ აღდგება დემოკრატია და არ აღდგება ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.

სწორად გეშინიათ „ძლიერი საქართველოსი“, მაინც გაგისტუმრებთ“, – აღნიშნულია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ