30.10.2025 12:09
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა შეხვედრა გამართა ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორ ტიციანო კამპორეზისთან და SHIP ექსპერიმენტის ამჟამინდელ სპიკერთან, იმპერიალ კოლეჯის პროფესორ ანდრეი გოლუტვინთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და CERN-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ რუსთაველის ფონდსა და CERN -ს შორის პარტნიორობის საფუძველზე, ახალგაზრდა მეცნიერებს, სტუდენტებსა და ინჟინრებს ფიზიკისა და გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებით მიეცემათ შესაძლებლობა, განახორციელონ კვლევები ცერნის ლაბორატორიებში.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს მეცნიერებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი კვლევების განხორციელების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და შვეიცარიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცერნის კოლაბორაციაში მონაწილე ქართველი მეცნიერები - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ ლომინაძე, "CMS" კოლაბორაციის ქართული ჯგუფის წევრი, ირაკლი ლომიძე და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტიპენდიანტი, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) CERN/CHiP ექსპერიმენტის ჯგუფის ლიდერის მოადგილე, ბესიკ კეკელია.
ავტორ(ებ)ი :